Accessibility links

logo-print

შევარდნაძემ მინისტრები სავალუტო ფონდის წასვლით "შეაშინა"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი ეკონომიკური თემა ისევ საერთაშოროსო სავალუტო ფონდთან საქართველოს დამოკიდებულება გახლდათ. ამჯერად ამ საკითხის ფოკუსირება პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოახდინა,

როდესაც სამშაბათს კანცელარიაში გამართულ საგანგებო თათბირზე ფონდის საქართველოდან წასვლის რეალურ საშიშროებაზე ისაუბრა, რითაც თავის ეკონომიკურ გუნდს ამ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელების აქტუალობაზე მიუთითა. თავის სენსაციურ განცხადებაში პრეზიდენტმა მინისტრების "შეფუცხუნებისათვის" საფრთხობელად სავალუტო ფონდი გამოიყენა.

სხვა სახელმწიფო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, შევარდნაძეს ჯერჯერობით არასდროს დასცდენია აუგი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, თუმცა ბოლო დრომდე არც მათი პროგრამების სასიცოცხლო აუცილებლობის შეხსენებით გამოუდვია თავი. როგორც ჩანს, ამჯერად სიტუაცია, მართლაც, მეტისმეტად დრამატულია და აქ საქმე მხოლოდ მისაღებ კრედიტებსა და პარიზის კლუბის ეგიდით გასამართ მოლაპარაკებებში არ უნდა იყოს.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო მარათონშია ჩაბმული და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, ფაქტობრივად, ვეღარ იცლის, საერთაშორისო ეკონომიკური წრეების ჯერ კიდევ მცირედ შერჩენილი კეთილგანწყობის დაკარგვა შეიძლება, მართლაც, ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასი გამოდგეს. ფონდის პროგრამის შეჩერების შემთხვევაში, ექსპერტები ყველაზე დიდ საშიშროებად ქვეყნის დეფოლტს მოიაზრებენ, ანუ სავალუტო ფონდი, რომელიც, ტრადიციულად, ჩვენი პარტნიორი გახლდათ პარიზის კლუბში კრედიტორებთან მოლაპარაკების პროცესში და, მეტწილად, სწორედ ამ ორგანიზაციის "ხათრით" ვახდენდით ვალების რესტრუქტურიზაციას, შესაძლოა, გვერდში აღარ დაგვიდგეს და მევალეებთან პირისპირ მიგვატოვოს. ეს კი კარგს არაფერს გვიქადის, თუ მევალე სახელმწიფოების ჩვენდამი მეტისმეტ "კეთილგანწყობას" გავითვალისწინებთ. "დეფოლტი", რომელიც, "სეკვესტრთან" ერთად, ყველაზე ხშირად გამოსაყენებელ სიტყვად იქცა ქართულ მედიაში, კიდევ უფრო ნაკლები ტრაგედიაა, ვიდრე იმ მინიმალური პოზიტიური პროცესების დაკონსერვება, რომელიც იშვიათად, ძნელად და შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ეკონომიკაში და რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, არა ჩვენი ხელისუფლების, არამედ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების და, პირველ რიგში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ არის პროვოცირებული.

რას ვიზამთ, ჩვენით ვერ ვხვდებით და ვინმემ ხომ მაინც უნდა გვირჩიოს, რომ პენსიონერებს პენსია დროულად დავურიგოთ, ვალები არ დავაგროვოთ, გადასახადები ამოვიღოთ, გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი შევამციროთ და მთლიანად არ გადავეშვათ კორუფციულ ჭაობში.

რაც შეეხება დეფოლტს, ანუ ქვეყნის გადახდის უუნაროდ გამოცხადებას, ეს პერსპექტივა, ფონდის მისიის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო რეალური ხდება. თუ ნეუჰაუზის მისია შეთანხმებული პარამეტრების და რეკომენდაციების შესრულებით უკმაყოფილო დარჩა, ეს ავტომატურად გამოიწვევს პროგრამის დაფინანსების შეჩერებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდი პარიზის კლუბის ეგიდით გამართულ მოლაპრაკებებში ჩვენს პარტნიორად ვერ გამოვა. ანუ ვალების რესტრუქტურიზაციას ხელი შეეშლება და ამ შემთხვევაში საქართველოს ისედაც მწირ ბიუჯეტს, საგარეო ვალდებულებების სახით, ზედმეტად დააწვება ასობით მილიონი ლარი, რისი გადახდაც ქვეყანას ამ ეტაპზე, ბუნებრივია, არ შეუძლია. შესაბამისად, დეფოლტის საშიშროების რეალურობაც სწორედ ფონდის ემისრების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, მათი კეთილგანწყობის დამსახურება კი ერთობ ძნელი იქნება, რადგან, მიუხედავად მთავრობის წვრილმან "ცუღლუტობებზე" თვალის დახუჭვისა, ფონდი ვერსად გაექცევა იმ პრობლემებს, რომლებიც საბიუჯეტო სფეროსა და ენერგეტიკაში დაგროვდა.

მაისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტს 24 მლნ. ლარზე მეტი დააკლდა, რითაც წინა თვეების გარღვევა კიდევ უფრო გაღრმავდა. უკვე ამ ეტაპზე არსებული დეფიციტი საფუძველს აძლევს ეკონომიკურ ექსპერტებს, რომ მინიმუმ 100 მილიონიანი გარღვევა ივარაუდონ. კვლავ უიმედო სიტუაციაა პრივატიზებიდან მისაღებ დაგეგმილ შემოსავლებში, ასევე "სტაბილურად" ღიად რჩება აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში მისაღები შემოსავლები, რთული სიტუაციაა გრანტებისა და საგარეო დახმარებების კუთხითაც და ეს მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან ფონდთან პროგრამის შეჩერება, ფაქტობრივად, ავტომატურად ნიშნავს სხვა დონორების ზურგის შექცევას. ამასთან, მოახლოებული არჩევნების ჩატარებამდე - შემდგომ კი უკვე ახალი მთავრობის ფორმირებამდე - ძნელად თუ რომელიმე დონორი მოინდომებს საქართველოსათვის კრედიტებისა და გრანტების გაცემას, მით უფრო, თუ ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება. ნებისმიერი სახელმწიფო თუ საერთაშორისო საფინანსო ისნტიტუტი თავს შეიკავს გადახდისუუნარო მთავრობასთან საქმის დაჭერისაგან.

საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ უსიამოვნო პერსპექტივაა და ხელისუფლებას ფონდის ვიზიტამდე ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე დღე სიტუაციის ოდნავ გამოსასწორებლად, თუმცა ძნელი დასაჯერებელია უსუსურმა სახელმწიფო აპარატმა წლობით ნაგროვები პრობლემების მთელი დასტის რამდენიმე დღეში შემცირება შეძლოს.

კანონმდებლობის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ ივნისში საკანონმდებლო ხელისუფლებაში მომავალი 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები შეიტანა. ამ პარამეტრებს გაცნობილი თითქმის ყველა ექსპერტი თუ პოლიტიკური ძალა პარლამენტში მომავალი ბიუჯეტის უცნაურობებზე ალაპარაკდა.

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში 2004 წლის შემოსავლები მილიარდ 241 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. საინტერესოა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელს მხოლოდ 2 მილიონ 700 ათასი ლარით აღემატება. ვერ გეტყვით, შეიცვლება თუ არა საბოლოო პარამეტრი გეგმის დამუშავებისას, მაგრამ ამჯერად, რბილად რომ ვთქვათ, კომიკური სიტუაცია იქმნება: მაშინ, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დღენიადაგ ეკონომიკის ზრდაზე, ქვეყნის წარმატებასა და ფისკალურ ძვრებზე გვესაუბრება, ეს წარმატებები და ზრდა ბიუჯეტში მხოლოდ 2 მილიონი ლარით გამოიხატება.

2004 წლის საბიუჯეტო ხარჯები მილიარდ 491 მილიონითაა განსაზღვრული, ანუ ხარჯების კუთხით ხელისუფლებამ მომავალ წელს 13 მილიონით მეტი გაიმეტა, ვიდრე წელს.

ასევე საინტერესოა, რომ ხარჯები უმცირდებათ მთელ რიგ უწყებებს, მათ შორის, თავდაცვის უწყებას, რომელსაც მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 200 ათასით ნაკლებს გამოუყოფენ. თუ ქვეყნის ხელისუფლების მიერ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პრიორიტუტულობის შესახებ გულმხურვალე განცხადებებს გავითვალისწინებთ, მართლაც, შესაშურ "გულუხვობასთან" უნდა გვქონდეს საქმე.
XS
SM
MD
LG