Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ გადაურჩა


გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ გადაურჩა

კრიზისს დღევანდელი ქართული თეატრი და რატომ "გარდაიცვალა" მაინცდამაინც კინო, რომელმაც საბჭოთა ცენზურის კლანჭებს გაუძლო, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა "საბაზრო ეკონომიკას"? ჩვენს კინემატოგრაფისტებს ამ კითხვაზე პასუხი მზადა აქვთ - ფილმის წარმოებას "მილიონები" სჭირდება, სპექტაკლის დადგმას კი - "ათასები". ჩვენი კინემატოგრაფისტები ვერ იჯერებენ, რომ "ათასებითაც" შეიძლება ფილმის გადაღება - მათ უმრავლესობას ისევ კანი და ბერლინი ესიზმრება. ამ ფესტივალებზე კი არ უყვართ ეგრეთ წოდებული "მცირებიუჯეტიანი ფილმები". ისე, კაცმა რომ თქვას, რატომაც არა... ქართველი კინორეჟისორები ხომ ოდესღაც დიდი საერთაშორისო კინოფორუმების საპატიო სტუმრებად მიაჩნდათ. დასავლეთში მოსწონდათ ქართული ფილმების "ეზოპეს ენა", როცა ავტორი ერთს ამბობს, მაგრამ სხვას გულისხმობს, როცა თითქოს ფილმს აქვს "ჩამოცმული" უზარმაზარი ნიღაბი და გამოშტერებული ცენზურა ვერ ხვდება, რა მოიაზრება ამ ნიღბის მიღმა.

ესაა სწორედ თეატრალური ტრადიცია, რომელიც წლების მანძილზე მკვიდრდებოდა ქართულ კინოში. მაგრამ დრო შეიცვალა - ნიღბების საჭიროება აღარ არის, ვიღა უნდა მოატყუო დღეს? როცა სიმართლეს დღეში ათასჯერ მაინც ამბობენ... ტელევიზორებიდან. თუმცა იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ეს სიმართლეც, როგორც წესი, თეატრალურად მიეწოდება მაყურებელს. პოლიტიკოსები - დიდი არტისტები გახდნენ. არტისტები კი - პოლიტიკოსები და ჩვენი ცხოვრებაც ახლა უკვე ნამდვილად იქცა თეატრად.

ისე მოხდა, რომ დავით დოიაშვილის ახალი სპექტაკლის, ლუიჯი პირანდელოს პიესის მიხედვით დადგმული "ჰენრიხ მეოთხის", პირველი ჩვენება, ეგრეთ წოდებული "პრაგონი", ოპოზიციის 3 ივნისის აქციას დაემთხვა. გაგახსენებთ, რომ "თავისუფალი თეატრი", სადაც დავით დოიაშვილმა თავისი ახალი სპექტაკლი დადგა, ლამის კანცელარიის ეზოში მდებარეობს. მაგრამ წარმოდგენის დაწყებამდე აქ სრული სიმშვიდე იყო - ამ დროს ოპოზიცია ჯერ კიდევ მთავრობის სახლის წინ ბობოქრობდა. საათნახევრიანი პირველი მოქმედების დასრულების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ოპოზიციამ მიტინგი კანცელარიასთან გადაიტანა. ე.ი. როცა თეატრის მოყვარულები ქუჩაში გამოვიდნენ სიგარეტის მოსაწევად, აქ მათ მომიტინგეები დახვდნენ - "ახალი მემარჯვენეების", "ნაციონალებისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" დროშებით ხელში. "რა დროს თეატრია, არ გრცხვენიათ?" - შესძახა თეატრის მოყვარულებს ერთ-ერთმა მომიტინგე გოგონამ. იგი, ალბათ, ვერ დაიჯერებდა, რომ "ჰენრიხ მეოთხე" არაფრით განსხვავდებოდა იმ სანახაობისგან, რომელიც თამაშდებოდა აქვე, კანცელარიის წინ, კანცელარიის კედლებში და, საერთოდ, დღევანდელ საქართველოში.

ნობელის პრემიის ლაურეატმა ლუიჯი პირანდელომ "ჰენრიხ მეოთხე" 1922 წელს დაწერა. დღეს რატომღაც არ უყვართ იმის გახსენება, რომ პირანდელო ფაშისტური პარტიის წევრი იყო, თუმცა მოგვიანებით მწერალი განუწყვეტლივ ხაზს უსვამდა თავის აპოლიტიკურობას. მოკლედ, პირანდელო ისეთივე აპოლიტიკური იყო, როგორც დავით დოიაშვილი ან სპექტაკლის მუსიკის ავტორი ნიკა მემანიშვილი არიან. ოპოზიციის მიტინგზე მათ, ცხადია, არაფერი ესაქმებოდათ (იქ, მოგეხსენებათ, ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები იდგნენ) და ვერც გამოჩნდებოდნენ, ამის სურვილიც რომ ჰქონოდათ... ჯერ ერთი, იმიტომ, რომ "პრაგონი" ჰქონდათ იმ დღეს, მეორეც - იმავე ნიკა მემანიშვილმა მთელი ქვეყნის დასანახად მიულოცა პრეზიდენტს დაბადების დღე და იქ ხომ არ დადგებოდა, სადაც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ? გარდა ამისა, დავით დოიაშვილი და ნიკა მემანიშვილი ამ დროს გრანდიოზული პროექტისთვის ემზადებოდნენ - მუსიკალური წარმოდგენისთვის "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი", რომელზედაც გია ყანჩელის მუსიკა უნდა აჟღერებულიყო. კონცერტზე საქართველოს პრეზიდენტი და სახელმწიფო მინისტრი მოიწვიეს, მთელი "ძველი" და "ახალი" ქართული ელიტა, რომელიც, ცხადია, ასეთი ენთუზიაზმით არ გაემართებოდა ნიკა მემანიშვილის მიერ გადაკეთებული გია ყანჩელის მუსიკის მოსასმენად, ამ პროექტის ავტორებს 3 ივნისს ყოველთვის უკომპრომისო "სოფთ ეჯექტისა" და "ზუმბასთვის" რომ დაემშვენებინათ გვერდი.

მაგრამ ჯობს ისევ პირანდელოს დავუბრუნდეთ... ამ "შერეკილ მწერალს", რომელმაც, სხვათა შორის, კარგად იცოდა, რა იყო "სიგიჟე" (15 წელი უვლიდა სულით ავადმყოფ მეუღლეს) და ამტკიცებდა, რომ ყველაფერი "ფარდობითია" ამ ქვეყანაზე, მათ შორის, მორალიც.

"რატომ დადგა "დოიმ" ასეთი რთული პიესა, ვინ ივლის მეტაფორებით გადატვირთულ სპექტაკლზე?" - მკითხა სწორედ იმ მაყურებელმა, რომელიც ოპოზიციონერმა-მომიტინგეებმა შეარცხვინეს. მართლაც, რთული პიესაა. ისეთი რთული, რომ მის სიუჟეტსაც ვერ მოყვება კაცი. ნათელია მხოლოდ, რომ ბავარიის მეფე ჰენრიხ მეოთხე ცხენიდან გადმოვარდა და ჭკუიდან შეიშალა. მერე გამოჯანმრთელდა, მაგრამ გადაწყვიტა სიცოცხლის ბოლომდე გაეგრძელებინა თამაში, რადგან რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას მისთვის აზრი არ ჰქონდა. [ხმა: ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

როცა თეატრის შენობა კანცელარიასთან მდებარეობს და პრემიერის დროს დარბაზში ლამის მომიტინგეების ხმა გესმის ("საქართველო შევარდნაძის გარეშე!"), ბუნებრივია, გაავლებ პარალელს ამ სპექტაკლსა და დღევანდელობას შორის. ვიღაც იტყვის: ჰენრიხ მეოთხე - შევარდნაძეა თავისი ნათესავების, მასხარების, მსახურების გარემოცვაში; უძლური ჰგონიათ უკვე, ის კი მშვენივრად ახერხებს ინტრიგის ქსელის გაბმასო. ვიღაც აქ, დოიაშვილის ძალიან ლამაზ სპექტაკლში, თავად რეჟისორს დაინახავს - იგი თითქოს თავს იმართლებს: ვიცი, რომ ხშირად წავსულვარ კომპრომისზე, მაგრამ ცხოვრება ხომ ნიღბების თამაშია, ჩვენ ხომ "გარდასახვებით" ვცხოვრობთ და არა გვაქვს საშუალება ყოველთვის ვიყოთ ის, რაც ვართ სინამდვილეში... ვიღაცისთვის კი დავით დოიაშვილის "ჰენრიხ მეოთხე" -მთელი დღევანდელი ქართული კულტურის (და არა მარტო კინოს, თეატრისაც!) კრიზისის გამოხატულებად თუ სიმბოლოდ იქცევა; წარმოდგენაში, რომელსაც რეჟისურის თვალსაზრისით ნაკლს ვერ მოუძებნი (თუ არ ჩავთვლით ტექნიკურად დაუხვეწავ ზოგიერთ სცენას, რომელიც დროთა განმავლობაში, ალბათ, გამოსწორდება), რომელიც კულტურულია ყველა ასპექტით - მხატვრობით (გიორგი ნადირაძე), ქორეოგრაფიით (კოტე ფურცელაძე), მუსიკით (ნიკა მემანიშვილი) - საერთოდ არ არის სიცოცხლე, მხოლოდ მასკარადია, თანაც უხალისო, მოსაწყენი, ნეკროფილური. მსახიობები - ვაჟა გელაშვილი (ჰენრიხი), ხათუნა იოსელიანი (მატილდა), მაია ფაჩუაშვილი (ფრიდა) - აქ უფრო "ფეშენ-შოუს" სტილში გამოწყობილ გვამებს თამაშობენ, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს. [ხმა: ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

არსებითად, პირანდელო, ალბათ, ასეც უნდა დაედგათ. ამ მწერალმა იტალიური "ვერიზმი" ხომ აბსურდამდე დაიყვანა, პერსონაჟებს თავიანთი თავი წაართვა და ანტიფსიქოლოგიზმი - თეატრის უზენაეს პრინციპად გამოაცხადა. ღია რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - რატომ პირანდელო? პასუხი კი ისაა, რაც დასაწყისში აღვნიშნეთ - დღევანდელი ქართული კულტურა (შესაძლებელია, არა მარტო დღევანდელი) სიმართლეს გაურბის, სიმართლისა ეშინია. და, შესაძლებელია, აღარც იცის, რა არის სიმართლე. რადგან ცხოვრებას როცა "ბაძავს", ისევ მასკარადი გამოსდის. ამ ქვეყანაში დღეს ხომ ნიღბებს ატარებენ და, თანაც, ისე მოხერხებულად იცვლიან, ისე სწრაფად... რომ ნამდვილი სახის დანახვას ვერავინ ასწრებს. კინემატოგრაფისტებს ისღა რჩებათ, დაანებონ თავი "უნიღბო ხელოვნებას" და ბედი ახლა თეატრში სცადონ. სპექტაკლის დადგმა ხომ მხოლოდ "ათასები" ჯდება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG