Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა ირანელებს აღარ სურთ სასულიერო პირების კარნახით ცხოვრება


არ ნელდება სტუდენტთა საპროტესტო ირანში. თეირანის გარდა გამოსვლა მოეწყო აღმოსავლეთ ირანის მცირე ქალაქ მაშადშიც. ამას ვაშინგტონი დადებითად უყურებს,


პრეზიდენტმა ბუშმა დემონსტრანტების მიმართ თავისი მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, ეს არის ხალხის მიერ თავისუფალი ირანისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი ნებასურვილის გამოხატვის დასაწყისიო. ორშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ რამდენიმე ასეულმა ირანელმა ინტელექტუალმა, მათთან ერთად სასულიერო პირებმაც, გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მხარს უჭერენ მოქალაქეთა უფლებას ირანში, გააკრიტიკონ თავიანთი მთავრობა. განცხადება ამავე დრო მწვალებლობას უწოდებს და გმობს აბსოლუტურ ძალაუფლებას, რაც პირდაპირი მინიშნებაა ირანის სასულიერო ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე. აგერ უკვე ერთი კვირაა, რაც ირანის ახალგაზრდების ნაწილი, უმეტესად სტუდენტები საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ და მათზე თამამი ლოზუნგებით გამოდიან. ეს გამოსვლები ეჭქვეშ აყენებს ირანის ისლამურ სახელმწიფოს მომავალს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი, 48 მილიონი ადამიანი, 30 წლამდე ასაკისაა. ირანელთა ნაწილს - ძნელი შესაფასებელია რამდე პროცენტს - სწამს თეოკრატიული სახელმწიფოსი. მაგრამ უმეტესობას ცვლილება სურს. ირანის მოქალაქეებს აღარ მოსწონთ, რომ ვინმე კარნახობდეს, როგორ იფიქრონ, რა ჩაიცვან, რა იკითხონ, რას უყურონ, როგორ მოიქცნენ. მაგრამ ამ ირანელებს მოლების შემცვლელი სერიოზული ალტერნატივის მიგნება ჯერ ვერ მოუხერხებიათ. პროტესტანტებს არ აერთიანებს რამე ორგანიზაცია თუ პოლიტიკურ ჯგუფი, რომელსაც შეეძლებოდა მათი მოთხოვნები საზოგადოების ზეწოლად გარდაექმნა. ადრე სტუდენტები და სხვა რეფორმისტულად განწყობილი ირანელები ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტის მოჰამად ხათამის სახით ნახეს თავიანთი რჩეული. მაგრამ ახლა, ლოზუნგთან ერთად , "დახოცეთ მოლები", ხათამის გადადგომასაც მოითხოვენ. აშკარაა, რომ ხათამის ამომრჩევლებს ილუზია გაუქრათ. აიათოლა ხომეინის ყოფილმა მრჩეველმა, რეფორმების მომხრე ჟურნალისტმა მოჰსენ საზეგარამ, წამქეზებლობისთვის ვაჟთან ერთად ორშაბთს დაპატიმრებამდე განაცხადა: ექვსი წლის წინათ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისლამური რესპუბლიკა დარჩებოდა, რომ ხათამი პრეზიდენტი იქნებოდა და გარკვეული თავისუფლება, მაგალითად სიტყვისა, მოგვეცემოდა. მაგრამ ახლა დღითიდღე უფრო რადიკალური ხდება ხალხის მოთხოვნა, ხალხი ყველაფრის შეცვლას მოითხოვს. მაგრამ შეცვლის მოთხოვნა ერთია, მისი განხორციელება - მეორე. თეირანელმა სტუდენტმა მუჰამედმა, რომელმაც თავისი თანატოლების მსგავსად არ ისურვა ჟურნალისტებისთვის საკუთარი ვინაობის გამხელა, თქვა, რომ არ არსებობს ერთიანი წარმოდგენა მომავალზე. მისი დაკვირვებით, ირანელებმა იციან, რა არ სურთ, მაგრამ არ იციან რა სურთ. ირანელმა სტუდენტებმა კარგად იციან მაგალითად, რომ არ სურთ, მთავრობა ერეოდეს მათ ყოველდღიურობაში. პრობლემები აქვთ სტუდენტ ქალებს, როცა ისინი ხანგძლივად ესაუბრებიან ხოლმე მამაკაცს, ან ზედმეტად მოკლე ტანსაცმელი აცვიათ. სტუდენტ ვაჟებს უსწორდება ალი ხამენეის ერთგული გასამხედროებული გაერთიანება "ბასიჯი", ან "ანზარ ჰიზბულა", რომელთა წევრები, მოტოციკლეტებზე ამხედრებული დაერვიან ხოლმე კომბლებითა და ჯაჭვებით საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს. საქმე ისაა, რომ მათი გამკითხველი არავინ არის, ისინი მთავრობის მხარეს არია და, ზოგიერთი ინფორმაციით, მათ მთავრობა ინახავს. ორშაბათის გამოსვლების დროს პოლიციამ ათეულობით პროტესტანტი დააკავა. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათი - ლაპარაკია არასტუდენტებზე - დაკავების მიზეზი ის იყო, რომ ისინი "ურევდნენ". მთავრობა საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეებს აშშ-ის დაქირავებულებს უწოდებს. დრო კი ამ დროს ირანელი ახალგაზრდების სასარგებლოდ მოქმედებს. როგორც ხანში შესული ისპაანელი ჰასანი ამბობს, ჩვენი წასვლის შემდეგ მოვა ცვლილება, ჩემი შვილიშვილი მოიტანს ცვლილებას, რადგან ის ყველაფერზე იკითხავს, რატომო.


  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG