Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში


ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში

"ოქროს საუკუნე" დღეს დავასრულებთ საუბარს მეოცე საუკუნის ქართულ სახვით ხელოვნებასა და მის ერთ-ერთ ლიდერზე, საქართველოს სახალხო მხატვარ ედმონდ კალანდაძეზე, რომელსაც 4 მაისს 80 წელი შეუსრულდა. ჩვენი სტუმარია ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარია.

ფერწერა ყოველთვის ცივილიზაციის ვალში იქნება. სწორედ ცივილიზაციამ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა გაათავისუფლა სახვითი ხელოვნება - პირველ რიგში კი, ფერწერა - მიმბაძველობისა და აღწერის აუცილებლობისგან. ფოტოგრაფიის დაბადება "მეხის გავარდნად" იქცა უნიჭო მხატვრებისთვის, მოქანდაკეებისთვის, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ "ამრავლებდნენ" სახეებს, პრინციპით - "ცხვირი ჰგავს? ჰგავს". ღვთის ნებით, თუ კულტურის განვითარების კანონზომიერებით, ფოტოგრაფიის, შემდეგ კი კინოხლოვნების დაბადება დაემთხვა იმპრესიონისტების, შემდეგ კი პოსტიმპრესიონისტების მოსვლას ფერწერაში. დაიწყო ეპოქა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარია "პოლიფონიური კოლორიზმის ხანას" უწოდებს:

[გიორგი ხოშტარიას ხმა] "ფერწერის სპეციფიკური ამოცანები, დაზგური ფერწერისა, რომ იწყება იმპრესიონიზმიდან, რასაც მე "პოლიფონიურ კოლორიზმს" ვუწოდებ, რითაც განსხვავდება დაზგური ნაწარმოები თუნდაც ლამაზი შპალერისაგან, რომელიც, ცხადია, არაპოლიფონიურია... ეს ამოცანები მწვერვალს აღწევს, ჩემი აზრით, არა აბსტრაქციაში, არამედ 10-იანი, 20-იანი წლების მხატვრობაში - განსაკუთრებით "პარიზის სკოლაში"..."იმპრესიონიზმი" - ვან-გოგი, სეზანი, მატისი, შაგალი…"

პოლიფონიური ფერწერა მხატვრისგან, ფაქტობრივად, მხოლოდ ჰარმონიის დაცვას მოითხოვს, მეტს არაფერს... დანარჩენი - შენი ნებაა - აირჩიე ფერწერის ნებისმიერი ჟანრი ან, თუ სიტყვა "ჟანრი" გაღიზიანებს, შეგიძლია საერთოდ უარი თქვა კონკრეტულზე და ფერის ლაქებით დაკმაყოფილდე... ოღონდ პოლიფონიაზე უარი არ თქვა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ მეოცე საუკუნეს არ უყვარს ჩარჩოებში მოქცევა, თანამედროვე მხატვარს ისიც კი აეჭვებს უკვე, რომ ორჯერ ორი ოთხია, ამიტომ "დუელში" ახლა ჰარმონიასაც იწვევს. მალევიჩმა თავის დროზე ეს ტენდენცია თავისი "შავი" და "წითელი" კვადრატებით დააგვირგვინა, მაგრამ კრიზისის აღიარებაც არ აღმოჩნდა გამოსავალი. ფერწერა ჩაერთო იმ პროცესში, რომელიც დღეს აღინიშნება მოდური სიტყვით - "ინტეგრაცია". ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარიას აზრით:

[გიორგი ხოშტარიას ხმა] "ნაწილი გამოსავალს ხედავს აბსტრაქციაში. აბსტრაქციის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, ეს ლეგიტიმური მოვლენაა, მე წინააღმდეგი ვიყავი მისი აბსოლუტიზაციის - "აი, გავედით, როგორც იქნა, თავისუფლებამდე", ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ხაზი, მეტიც, ეს სახვითი ხელოვნების სპეციფიკიდან პატარა გადახვევაც კი არის, რომელიც მუსიკას უახლოვდება. ანუ ერთი დარგობრივი ენა როცა უახლოვდება მეორე დარგობრივ ენას, ყოველთვის კარგად არ მთავრდება ხოლმე, თუმცა უფლებამოსილია."

ედმონდ კალანდაძემ ასე ადვილად არ გაწირა ფერწერა, არ "მიუგდო" შვილი ხელოვნების სხვა დარგებს, რომლის წარმომადგენლები თავად განიცდიან კრიზისს და აღიარებენ, რომ გამომსახველობითი საშუალებები თითქმის მთლიანად ამოწურულია. "ინტეგრაციას", რომელსაც ზოგჯერ "სინთეზად", ზოგჯერ "გლობალიზაციად", ზოგჯერ "პოსტმოდერნისტულ ეკლექტიკად" ნათლავენ, ღირსებებთან ერთად ხომ ერთი დიდი ნაკლი აქვს - ერთფეროვნებას იწვევს. ამ თვალსაზრისით, 80 წლის ქართველი მხატვარი ფერწერის ჭეშმარიტი "ეკოლოგია", რომელსაც გიორგი ხოშტარია ასე ახასიათებს:

[გიორგი ხოშტარიას ხმა] "მისი წარმოდგენით, ფერწერა სახვითი ხელოვნებაა -არსობრივად... ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ყველა პროპორცია უნდა დაიცვა (სეზანმა და ვან-გოგმა ეს მშვენივრად დაამტკიცეს...თუნდაც ჰენრი მურმა, რომელშიც ვერც ერთ პროპორციას ვერ ნახავ, მაგრამ სხეული არის).. ჩემთვის ამოსავალი წერტილია მაინც მხატვრული მთლიანობა..."

ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ასახვის საგანს ყოველთვის აქვს თავისი ფორმა, ფორმას კი - შინაარსი. არსებითად, ყველაფერი ეს ფორმისა და შინაარსის კლასიკური მთლიანობაა, ე.ი. არა გამიჯნული "ფორმა" და "შინაარსი", როგორც ამას საბჭოთა კავშირში ქადაგებდნენ, არამედ "ფორმა" როგორც "შინაარსი" და ‘შინაარსი" როგორც" ფორმა" - იდეალი ისეთი მხატვრებისთვის, როგორიც ედმონდ კალანდაძეა. მათ აქვთ უნარი გავიდნენ ტრადიციული პროპორციული სისტემიდან, მაგრამ შეინარჩუნონ, ამავე დროს, სახვითობა, იყვნენ თავისუფლები, მაგრამ "ნორმის" შეგრძნება არ დაკარგონ. შეგვიძლია "ნორმას" სხვა სახელიც ვუწოდოთ - "ჭეშმარიტება", "არსი", "ღმერთი"...

[გიორგი ხოშტარიას ხმა] "ედმონდიც, განსაკუთრებით ფერად შეხამებაში, კი არ გამოდის იმ შეხამებათა დაცვით, რომელიც არის ბუნებაში, იგი სურათზე თავიდან ეძებს იმ შეხამებას, რომ მიიღოს, საბოლოო ჯამში, ის, რაც არის. ე.ი. არა მიბაძვითი მომენტი, არამედ არსობრივი გადმოცემა იმის, რაც, დავუშვათ, არის პურის ყანის ოქროსფერი, დავუშვათ პურის ყანისა და ცის განათების სადაფისფერები და ასე შემდეგ."

ედმონდ კალანდაძეს ფერწერის ისტორიაში ჰყავს თავისი მასწავლებლები. გიორგი ხოშტარია ასახელებს: სეზანს, ვან-გოგს, რუსოს, ვლამინკს... იხსენებს თბილისელ მხატვარს ვალენტინ შერპილოვს, რომელმაც სტალინურ ეპოქაშიც კი შეუნარჩუნა ფერწერას "ფერის ენა", იხსენებს ედმონდ კალანდაძის კიდევ ერთ მასწავლებელს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, რომელიც თავის პეიზაჟებში ბუნების განსაზღვრულ მდგომარეობას გამოხატავდა, ე.ი. კონკრეტულის მშვენიერებაზე, წამიერებაზე უარს არ ამბობდა. ამბობენ, რომ შერპილოვიც და ციმაკურიძეც გასაოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. დიდხანს აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ პეიზაჟის დეტალებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხატავდნენ... პეიზაჟისტისთვის დაკვირვება და შესწავლა კი, როგორც წესი, ბუნებაში ‘შესვლას", ბუნების "ნაწილად" ქცევას ნიშნავს. ხშირად ხდება ასე - მხატვარი ნეტარებას განიცდის ამ პროცესში, მაგრამ ძალიან უჭირს ეს განცდა მაყურებელსაც გადასდოს, თუმცა დიდი სურვილი აქვს ჩვენც შეგვიყვანოს მარადიული სიმშვიდის ამ სამყაროში. გიორგი ხოშტარიას აზრით, ეს ვნება თანაბრად წარმოჩნდება ედმონდ კალანდაძის საუკეთესო ნამუშევრებშიც და შედარებით სუსტ სურათებშიც:

[გიორგი ხოშტარიას ხმა] "საოცარი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გამო ის ხანდახან გადამეტებით ამუშავებს ერთ სურათს... ვერ ითმენს, აქ გურული ნატურა იჩენს თავს, მაგრამ, როცა წონასწორობას აღწევს, უდიდეს შედეგს იღებს."

"ცისფერ გალერეაში" მოწყობილ 80 წლის ქართველი მხატვრის გამოფენაზე დამთვალიერებლები ედმონდ კალანდაძის შემოქმედების ევოლუციაზეც საუბრობდნენ. ექსპოზიციაზე გამოფენილი იყო ქართული ფერწერის ცოცხალი კლასიკოსის პორტრეტები, შიშველი ნატურა, მაგრამ ყველაზე ეფექტური მაინც პეიზაჟი იყო. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, "ბუნების შვილი" ედმონდ კალანდაძე სწორედ ამ ჟანრში გრძნობს თავს ბედნიერად - თავისუფალია იქ, სადაც არაფერი ზღუდავს, საკუთარი თავის, ე.ი. "ნორმის", გარდა. ამ მოსაზრებას გიორგი ხოშტარიაც ადასტურებს

[გიორგი ხოშტარიას ხმა] "ევოლუცია - განთავისუფლება წვალებისაგან, ექსპერიმენტულობისაგან და როდესაც მასალა მართლა გარდაისახება სახვითობაში... განთავისუფლდა არა სახვითობისგან, არამედ სახვითობა დარჩა, მიმბაძველობის გამორიცხვით, განსაკუთრებით - პეიზაჟებში."

ჩვენი საუბრის დასასრულს გიორგი ხოშტარიას ვკითხე, მაინც რა არის ის თვისება, რომელიც ედმონდ კალანდაძეს თავისი თაობის მხატვრებისგან გამოარჩევს, რა არის ის, რაშიც მას ვერავინ მიბაძავს. გიორგი ხოშტარიამ ედმონდ კალანდაძის ხელწერის არაერთი მხარე გაიხსენა, მაგრამ ერთ ნიშანს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი:

[გიორგი ხოშტარიას ხმა] "მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ნიშანი, რომლის დეფიციტიც არის ჩვენს დროში და რომლის გარეშე ხელოვნება არ არსებობს - ესაა არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ასახვის საგნისადმი - ბუნებისადმი, ცხენისადმი, ქალისადმი... როდესაც მისი ტემპერამენტი ჰარმონიზებულია მისი ლირიკით - ერთ-ერთ ბოლო გამოფენაზე მან თქვა: გაიგეთო, მე მიყვარს ეს ყველაფერი და ვემშვიდობები ამ ყველაფერსო... ეს როცა იგრძნობა, სიფაქიზე როცა შემოდის ენერგიასთან ერთად, ეს საოცარია ხოლმე."
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG