Accessibility links

logo-print

პოლიტიკოსები და საზოგადოება: ურთიერთქმედება არჩევნების წინ


დავით პაიჭაძე, თბილისი საპარლამენტო არჩევნები დღეს საქართველოში ის საკითხია, რომელსაც გამუდმებით ამუშავებენ და უტრიალებენ საზოგადოების როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს- და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სამოქალაქო სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ ის დააშორეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების ადგილებს, მაინც ცდილობს პოლიტიკოსებთან და მოხელეებთან თანამშრომლობას რამდენიმე წინასაარჩევნო ინიციატივისა თუ იდეის ხორცშესხმისათვის. როგორ მიდის საზოგადოებრივი და პოლიტიკური სექტორების წარმომადგენელთა ურთიერთქმედება წინასაარჩევნო კალაპოტში?

საპარლამენტო არჩევნების პრობლემებით საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა დაკავებული. მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, რომელსაც ხშირად ნანა კაკაბაძე წარმოადგენს, თავმჯდომარე ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის", პოლიტიკურ კლასთან თანამშრომლობისას ორ ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ესაა საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა სიები. ამომრჩეველთა სიები, როგორც ცნობილია, ორი კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გადასცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ნანა კაკაბაძე ჩემთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს სიები ღიაა მათი შემოწმების მსურველთათვის. სიების მონიტორინგის სურვილი არასამთავრობო ორგანიზაციების იმ კოალიციასაც აქვს, რომელშიც "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" არის გაერთიანებული [ნანა კაკაბაძის ხმა]: "ჩვენი პრიორიტეტია, დავაფიქსიროთ ყველა, ვინც ცდილობს გაყალბებას. ამის გაკეთება მთელი საქართველოს მასშტაბით გვინდოდა, მაგრამ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო გვთავაზობს თანხას მხოლოდ ხუთი ქალაქისათვის: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი და ახალციხე. ეს თანხა გადაერიცხა ევრაზიის ფონდს და ის გამოაცხადებს კონკურსს. თუ გავიმარჯვეთ, ამ ხუთი ქალაქის მონიტორინგს ჩავატარებთ, ვიდრე სიები დაიხურება. ანუ ეს ივლისში უნდა დასრულდეს".

ზურაბ ჭიაბერაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებზე სპეციალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციისა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ზემოხსენებულ ორ სამუშაო მიმართულებას - ამომრჩეველთა სიებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას - მესამეს, საარჩევნო კოდექსზე მუშაობას, უმატებს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ჩამოსაყალიბებლად საზოგადოების წევრებს შეხვედრები უკვე ჰქონდათ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან მარიამ ცაცანაშვილსა და პარლამენტის წევრებთან. "სამართლიანი არჩევნების" წინადადებები ითვალისწინებდა მოქალაქეთა უფრო ფართო ჩართვას არჩევნების მონიტორინგში. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ზოგი პრინციპი აისახა ცვლილებათა პროექტში, ზოგიც - არა. [ჭიაბერაშვილის ხმა] "ასახულია ის, რომ საარჩევნო უბნებზე უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება. ეს კოდექსში უკვე ჩაიდო. ჩვენ ვითხოვდით, ოქმი გადასცემოდათ არა მხოლოდ კომისიის წევრებსა და პარტიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების დამკვირვებლებს, ნდობით აღჭურვილ პირებს, არამედ უპარტიო მიუკერძოებელ დამკვირვებლებს. აქ ერთი წინააღმდეგობაა: თუ ასეთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ბევრი იქნება, უბნის ოქმს ყველა მოითხოვს. ვახტანგ ხმალაძის წინადადებით, ოქმის მიმღები ორგანიზაცია ასეთ შემთხვევაში წილისყრით უნდა გამოვლინდეს. ახლა ეს აზრი განხილვის საგანია".

ეს, თითქოსდა, ტექნიკური, უმნიშვნელო დეტალი გამოქვეყნებულ ოქმს იცავს ხელყოფისაგან: მისი ჩამოხევის ან გატაცების შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს სრულფასოვანი ასლი.

მოკლედ, პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობაში მეტ-ნაკლებად პერსპექტიულია ორი მიმართულება: მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად და ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად, ხოლო, რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას, ამას პოლიტიკოსები, ალბათ, არავის დაუთმობენ.
XS
SM
MD
LG