Accessibility links

logo-print

ქრისტიანთა მდგომარეობა ერაყში


ერაყელი ქრისტიანები სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს დისკრიმინაციას განიცდიდნენ.

მართალია, სადამის მთავრობაში ზოგიერთი მაღალი რანგის ქრისტიანიც ერია, მაგრამ მთლიანობაში ქრისტიანებს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდათ. გაურკვეველი მომავლის გამო ისინი დღესაც წუხან.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ერაყის არც თუ მრავალრიცხოვან მაგრამ ერთობ მრავალფეროვან ქრისტიანულ თემს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს სადამის მიმართ. ზოგიერთისთვის იგი ტირანი იყო და ისინი მიესალმებიან მის ჩამოგდებას. სხვების აზრით კი, იგი იყო ქრისტიანთა ერთადერთი დამცველი მუსულმანებით დასახლებულ ქვეყანაში.

მაგალითად, ბრიტანული წარმოშობის უილიამ ნარვინი ტრადიციული კათოლიკური ოჯახიდან ამბობს, რომ მას და მის ნათესავებს სადამის დროს დევნა არ განუცდიათ.

[ნარვინის ხმა] "ჩვენ არავინ გვავიწროებდა და ვერც ვერავინ შეგვავიწროებდა, ვინაიდან სადამ ჰუსეინი გვიჭერდა მხარს. მას უყვარდა ქრისტიანები და ყოველნაირად თავისუფლებას ანიჭებდა მათ."

ნარვინი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადამის დროს რიგ ქრისტიან პოლიტიკოსებს ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაგალითად კმარა ყოფილი ვიცე-პრემიერი ტარიკ აზიზი. მაგრამ სხვათა აზრით, აზიზის კარიერა მისი პოლიტიკური ნიჭის და არა რელიგიური მრწამსის დამსახურებაა.

სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრის, არა კარაბედის თქმითაც, ქრისტიანები არ განიცდიდნენ დევნას სადამის რეჟიმის დროს. მაგრამ, მისივე სიტყვებით, ისინი არც პრივილეგირებული ყოფილან.

[კარაბეგის ხმა] "სადამი, გარკვეული თვალსაზრისით, იცავდა ქრისტიანებს. მაგრამ როცა ვინმე მისი წინააღმდეგი იყო, იგი ყურადღებას არ აქცევდა, ქრისტიანი იყო იგი, შიიტი თუ სუნიტი. იგი აკვლევინებდა ამ ადამიანს, ან რამეს ავნებდა მას, ანდა ციხეში სვამდა. იგი ყველას ცუდად ეპყრობოდა."

მამა იუსიფ თომას მირკისი მღვდელია ბაღდადის ალ ფიქრ ალ მასიჰის ეკლესიაში, რომელიც კათოლიკე დომინიკელთა ორდენს ეკუთვნის. ამავე დროს იგი არაბულენოვანი ჟურნალი "ქრისტიანული აზროვნების" მთავარი რედაქტორია.

მისი თქმით, ერაყში მცხოვრები დაახლოებით მილიონამდე ქრისტიანი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა სადამის დროს და მის კეთილ ნებაზე იყო მუდამ დამოკიდებული.

მირკისის სიტყვებით, სადამი, ყველა დიქტატორის მსგავსად, იყენებდა მცირერიცხოვანი თემის მდგომარეობას, მის მანიპულაციას ეწეოდა და მის დამცველად გამოჰყავდა თავი.

უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ერაყიდან 200 ათასამდე ქრისტიანი წავიდა ემიგრაციაში. მათგან ქვეყანა ბევრმა დატოვა 1991 წლის შემდეგ, როცა ძირითადად სეკულარულმა ბაათის პარტიამ ისლამისკენ იბრუნა პირი, რათა ერაყის დამარცხების შემდეგ წარმოშობილი იდეოლოგიური ვაკუუმი ამოევსო.

სწორედ ამ პერიოდში გამოსცა სადამმა ბევრი კანონი, რომლებიც მუსულმანებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

ერაყის ქრისტიანული თემი დიდი არ არის, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანია. მათ შორის აღნიშვნის ღირსნი არიან ქალდეველი კათოლიკეები, სომეხი და სირიელი მართლმადიდებლები, ასირიელი ნესტორიანელები და სხვები.

მირკისის თქმით, ქრისტიანები მოსახლეობის ტრადიციულად განათლებულ ფენას წარმოადგენენ.

ისევე, როგორც ბევრი სხვა ერაყელიც, ქრისტიანებიც შეშფოთებული არიან გაურკვეველი მომავლის გამო. მირკისის აზრით, ამერიკელთა მიერ ერაყის დაპყრობას აუცილებლად მშვიდობა არ შეიძლება არ მოჰყვეს.

გარდა ამისა ქრისტიანები შიშობენ, რომ მომავალში ერაყში საგრძნობლად გაიზრდება შიიტების როლი.

"ჩვენი ბედი ყოველთვის იმათ იდეოლოგიაზეა დამოკიდებული, ვინც ხელისუფლების სათავეშიაო" ამბობს დომინიკანელი პასტორი იუსიფ თომას მირკისი.
XS
SM
MD
LG