Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულია ანდრეი სახაროვის ქვრივის ელენა ბონერის სტატია, რომელშიც ნათქვამია,

რომ განვლილი სამი წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც პუტინი გახდა პრეზიდენტი, რუსეთში მოისპო დემოკრატიული სტრუქტურები, მთლიანად შეიზღუდა პრესის თავისუფლება, სამაგიეროდ ხდება ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის აღზევება. ელენა ბონერი განაგრძობს:

"მაგრამ ყველაზე მიუტევებელი დანაშაული, რასაც რუსეთის მთავრობა სჩადის, ჩეჩნეთში მიმდინარე ომია, რამაც 180,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ხოლო 350,000 ლტოლვილებად აქცია. ისეთ რეპრესიულ რეჟიმებს, როგორიც პუტინის რუსეთია სჩვევიათ თავის შენიღბვა დემოკრატიული ატრიბუტებით - ყალბი არჩევნები, ყურმოჭრილი სასამართლო სისტემა, ოფიციოზს დაქვემდებარებული მედია... დღევანდელ რუსეთში, მასკარადს, "მართვად დემოკრატიას" უწოდებენ. და მოსკოვი ხშირად აწყობს მსოფლიოს ლიდერთა თვალის ასახვევად დემოკრატიის სცენარით დადგმულ სპექტაკლებს. მაგალითად, ამას წინათ ჩატარებული რეფერენდუმი ჩეჩნეთში, არ იყო რეფერენდუმი, და არც ჩეჩენ მეამბოხეთათვის გამოცხადებული ამნისტია ყოფილა ამნისტია. კიდევ ერთი ასეთი ყალბი სპექტაკლი მიდის ახლა ლონდონის სასამართლოში, სადაც რუსეთის თხოვნას იხილავენ ჩეჩენ მეამბოხეთა ზომიერი ლიდერის, ახმად ზაკაევის გაცემის თაობაზე. თუმცა, ზაკაევის უდანაშაულობა დეკემბერში დადასტურდა, როცა დანიამ არ რუსეთის მიერ წარმოდგენილი ყალბი ბრალდებები არ სცნო."

საინტერესო კომენტარია გამოქვეყნებული საფრანგეთის გაზეთ "ფიგაროში. გაზეთს, რუსული მართლმსაჯულების კომენტირებისას მოჰყავს ისტორიული ფაქტი, სახელდობრ, რას სწერდა თავის დას 1839 წლის 15 დეკემბერს ციმბირში გადასახლებული დეკაბრისტი ლუნინი: "ჩვენ დახურულ პროცესზე გაგვასამართლეს, არ იყო ადვოკატი, და რაც მთავარია - საზოგადოება ამ პროცესში არ მონაწილეობდა" -ციტატის დასასრული. და აი, 150 წლისთავზე რუსეთში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ რუსეთი დღეს, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკემა შენიშნა, დემოკრატიის პირველ რიგშია. გაზეთი განაგრძობს:

"თუმცა რუსეთის მართლმსაჯულება კვლავაც ჩრდილში მუშაობს; არაა გამჭვირვალე და ღია პროცედურები. სიმპტომატურად შეგვიძლია მივიჩნიოთ პოლკოვნიკ იური ბუდანოვის საქმე. სამმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც რაც ბუდანოვმა ჯერ გააუპატიურა, ხოლო შემდეგ მხეცურად მოკლა 18 წლის ჩეჩენი გოგონა ილზა ყუნგაევა, მაგრამ რუსი პოლკოვნიკი დღემდე არ გაუსამართლებიათ. კრემლი ხმამაღლა აცხადებს, რომ ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულისთვის, მას შემდეგ, რაც კავკასიის ამ რესპუბლიკაში მეორე ომი დაიწყო, 51 რუსი სამხედრო მოსამსახურე გაასამართლეს. მაგრამ, საზოგადოებისთვის უცნობია ამ პროცესების თუნდაც უმნიშვნელო დეტალი, და შესაბამისად გამოტანილი განაჩენები, შეიძლება ითქვას ფორმალური ხასიათისაა. "ფიგაროს" კორესპონდენტმა ამ საქმეების შესახებ ინფორმაცია სთხოვა ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ჩეჩნეთში აბდულ ჰაქიმ სულთიგოვს, რომელმაც პასუხად განაცხადა, "ეს შეუძლებელია, ვინაიდან საქმე ოჯახების ანონიმურობას ეხება, და საერთოდ გადაწყვეტილია ეს საქმეები არ გამომზეურდესო". ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამხედროებისთვის გამოტანილი განაჩენების სია - გასაიდუმლოებულია. ინფორმაციის მოცემაზე უარი განაცხადა ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმაც, აგრეთვე სერგეი იასტრჟემბსკის უწყებამ. თუმცა სია მაინც არსებობს, და დეპუტატის სტატუსის წყალობით მისი მიღება ადამიანის უფლებათა მოძრაობის ვეტერანმა სერგეი კოვალიოვმა შესძლო და ორგანიზაცია "მემორიალის" გვერდზე გამოაქვეყნა ინტერნეტში. სიაში არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი განაჩენი, ადამიანების უგზო-უკვლოდ გაუჩინარებას, ან კიდევ ეგრედ წოდებული "სიკვდილის ესკადრონების" საქმიანობასთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული".

გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ჩეჩნეთში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა - სულ უფრო მატულობს თვითმკვლელი ქალების რიცხვი, რაც ექსპერტთა აზრით, ჩეჩნეთის კონფლიქტის თავისებური პალესტინიზაციის მანიშნებელი უნდა იყოს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ჩეჩნეთში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ქალი არ უნდა იბრძოდეს, ხოლო ის ფაქტი, რომ ჩეჩენი მამაკაცები თანხმდებიან ქალების ასეთ ახალ როლზე ომში, იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც შეუქცევადი ცვლილებები მოხდა ჩეჩენი მამაკაცების ცნობიერებაში. ერთ-ერთი ექსპერტი იმით ხსნის თვითმკვლელი ქალების მომრავლებას, რომ მრავალ ქალს დაღუპული ახლობლებისთვის შურისძიება ამოძრავებს, ხოლო შეიარაღებული ფორმირებები არ ღებულობენ მათ თავიანთ რიგებში, და ქალებს ისღა დარჩენიათ, კამიკაძეები გახდნენ".
XS
SM
MD
LG