Accessibility links

logo-print

უშლის თუ არა ხელს საქართველოს "გაზპრომთან" თანამშრომლობა ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტის განხორციელებას


საქართველოს მხრიდან რუსულ „გაზპრომთან" თანამშრომლობის ბოლო დროინდელი ინტენსიფიკაცია დასავლეთის კურსიდან ჩრდილოეთისკენ გადახვევად შეფასდა. ამან აშშ-ის პრეზიდენტის

მრჩევლის კასპიის ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში სტივენ მენის შეშფოთებაც კი გამოიწვია. ოფიციალურ თბილისს მიაჩნია, რომ „გაზპრომთან" ურთიერთობა არც საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას მოასწავებს და არც ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობას უშლის ხელს.

5 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სტივენ მენმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს ის ვალდებულებები, რაც ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტის მომზადებისას იკისრა. მან ღიად თქვა, რომ „გაზპრომის" მიერ საქართველოსათვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი საქართველოს გავლით დასავლეთის მარშრუტის გაზსადენის მშენებლობას შეუშლის ხელს.

მენის ამ განცხადებებს ოფიციალური თბილისი მხოლოდ 16 ივნისს გამოეხმაურა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის შეშფოთება კერძო ექსპერტის პოზიციად გამოაცხადა. შესაბამისად, „გაზპრომთან" თანამშრომლობაც არ შეჩერებულა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს საგარეო პოლიტიკური ორიენტირების შეცვლას და არც ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტს უქმნის სერიოზულ პრობლემებს. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნინო ასათიანის განმარტებით:
[ნინო ასათიანის ხმა] "საქართველოში „გაზპრომის", როგორც მხოლოდ ბუნებრივი აირის გამყიდველის, შემოსვლამ რომ შეიძლება რამენაირად ერზერუმის გაზსადენის პროექტის შეფერხება გამოიწვიოს, ეს აბსურდია, ჩემი აზრით. ეს პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ სანამ ეს პროექტი განხორციელდება, მანამდე საქართველომ უნდა მიიღოს ბუნებრივი აირი. დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, სხვა მომწოდებელი არ გაგვაჩნია, რუსეთის გარდა."

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობის დასრულებამდე, რაც 2005 -2007 წლისთვისაა ნავარაუდევი, საქართველო ბუნებრივი აირის გარეშე ვერ იარსებებს. საქართველოს ბაზარზე მონოპოლისტი მომწოდებლის „იტერას" არსებობა თუ რა პოლიტიკური შედეგების მომტანია, ეს საქართველოს მოსახლეობამ გასული რამდენიმე ზამთრის მაგალითზე ძალიან კარგად იცის.

მით უმეტეს, რომ ექსპერტთა უხეში გაანგარიშებით, 2007 წლისთვის გაზის ტრანსპორტირების სანაცვლოდ ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ბუნებრივი აირის მოცულობა, 800 მილიონი კუბომეტრი, საკმარისი არ იქნება. იმ დროისათვის საქართველოს დაახლოებით 2 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ "იტერასა" და "გაზპრომს" შორის მწვავე კონკურენციაა გაჩაღებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში. ეს კი საქართველოსთვის გაზმომარაგების რეალურ ალტერნატივას ქმნის, მით უმეტეს, რომ "გაზპრომმა" საქართველოს გავლით გაზის სომხეთში იმპორტირება უნდა განახორციელოს. "იტერას" მარწუხებიდან თავის დაღწევის ამ შანსის გამოუყენებლობა კი გაუმართლებელი იქნება როგორც პოლიტიკურად, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

არ დასტურდება ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული ეჭვიც, რომლის მიხედვითაც, "გაზპრომთან" ერთობლივი კომპანია უნდა შექმნილიყო თურქეთში რუსული გაზის ტრანსპორტირების მიზნით.
XS
SM
MD
LG