Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ისტორიული ტაო-კლარჯეთის უნიკალური ძეგლების გადასარჩენად


"იყო დრო, როცა გამოჩენილი ქართველი მეცნიერები პესიმისტურად ჭვრეტდნენ ისტორიული ტაო-კლარჯეთის მიწაზე განთავსებული უნიკალური ქართული ძეგლების გადარჩენის პერსპექტივას.

დღეს ამ ძეგლების გადარჩენის პერსპექტივა გამოჩნდა და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, " - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი შაიშმელაშვილმა 17 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გიორგი შაიშმელაშვილი იყო საქართველოს იმ დელეგაციის წევრი, რომელიც მაისის შუა რიცხვებში თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთს, დღევანდელ ართვინისა და ერზერუმის გუბერნიებს, იქ შემორჩენილი ქართული ძეგლების დასათვალიერებლად სტუმრობდა. როგორ დაინახა მან ამ ძეგლების გადარჩენის პერსპექტივა?

ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების მეცნიერული შესწავლა თითქმის საუკუნეა არ განხორციელებულა. ერთ-ერთ მათგანზე, ბანაზე, ექვთიმე თაყაიშვილი გასული საუკუნის დასაწყისში წერდა, ნანგრევებშია ჩაფლულიო. ასეა დღესაც. თუმცა
ოპიზა მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ააფეთქეს - გზის გაყვანის მოთხოვნას შესწირეს.

[გიორგი შაიშმელაშვილის ხმა] " ასე უპატრონოდ მიტოვებული, დროსა და ჟამს მინდობილი ძეგლები ყოველთვის აგრესიულ გარემოცვაში იყო. მათგან ბევრი გადარჩა იმის გამო, რომ მეჩეთებად გადაკეთდა - პარხალი, მაგალითად, ან დოლისყანა. "

გიორგი შაიშმელაშვილის მიერ ნახსენები პარხალი და დოლისყანა, აგრეთვე, ოშკი, ბანა, ხახული, შავშეთი, ტბეთი, ოთხთა ეკლესია და სხვა - ნანგრევებად თუ მთლიანობაში შემორჩენილი ძეგლები - დღევანდელი თურქეთის მიწაზე საქართველოს წარსულს განასახიერებენ და გადარჩენას ითხოვენ - არა მარტო როგორც ერთი ერის, ერთი კულტურის, არამედ როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ამ ძეგლების მნიშვნელობაზე სრულ წარმოდგენას ვერ შევიქმნით, თუ არ გავითვალისწინებთ, ისტორიულ ტაო-კლარჯეტში რამდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ქართული ხუროთმოძღვრება და ბუნებრივი გარემო. მთლიანობაში, ეს არის კომპლექსური ნაშთი შუა საუკუნეების ქართული კულტურული ცენტრისა, სადაც საუკუნებეის მანძილზე არ შეწყვეტილა შემოქმედებითი მუშაობა ქანდაკების, მონუმენტური ფერწერის, ლიტერატურის თუ სხვა მიმართულებით. ხელოვნების ამ უზარმაზარი ნაშთის გადარჩენის ნომერ პირველ ამოცანად საქართველოს პარლამენტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტში თურქულ-ქართული ერთობლივი ჯგუფის შექმნას სახავენ - ჯგუფისა, რომელშიც ძეგლების კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის აუცილებელ მეცნიერულ კვლევა-ძიებას ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, არქიტექტორ-ურბანისტები, ეკოლოგები, კულტურული ტურიზმისა და მენეჯმენტის სპეციალისტები აწარმოებენ.

" პრობლემის გადაწყვეტის აუცილებელ პირობად უნდა იქცეს მისი ინტერნაციონალიზაცია. ტაო-კლარჯეთის ძეგლების დაცვა და მათი ჩართვა ტურიზმის ინფრასტრუქტურაში იუნესკოს ექსპერტებისა და ზემოხსენებული ჯგუფის კოორდინირებული მუშაობით უნდა მოხდეს," - მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი შაიშმელაშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირზე ორიენტაცია თურქეთს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ავალდებულებს, ის ფიქრობს, რომ საქართველოს და თურქეთის დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობა შექმნის გარანტიებს ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების გადასარჩენად. გიორგი შაიშმელაშვილი ირწმუნება, რომ ჭოროხის მიდამოებში კაშხალთა კომპლექსის ამოქმედების გეგმა ცნობილ ძეგლებს დატბორვით არ ემუქრება ( ისინი მაღალ ნიშნულებზეა აშენებული), თუმცა, მისი თქმით, საქართველომ უნდა მიაღწიოს დასატბორი ტერიტორიის თანამედროვე ტექნიკით შესწავლას, რათა არ მოხდეს ისე, რომ არქეოლოგების მიერ აღმოსაჩენი სამუდამოდ დაიკარგოს.
XS
SM
MD
LG