Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანლები - "ახალ საქართველოში"


საქართველოში, ტრადიციულად, არჩევნების წინ სახელისუფლო და ოპოზიციურ პარტიებს ეროვნული უმცირესობები "ახსენდებათ" ხოლმე. თუმცა ქვეყნის არაქართველი მოსახლეობა კვლავაც ერიდება ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

მაგალითად, ამ დღეებში ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობილება გამოხატეს აზერბაიჯანლებმა: წინასაარჩევნოდ თბილისში საქართველოს აზერბაიჯანულ თემთა განვითარების ცენტრის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართა.

"საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად გიჭერთ მხარს და სრულ ნდობას გიცხადებთ," - ასე მიმართეს თურმე სხვადასხვა ეროვნების სათვისტომოთა წარმომადგენლებმა ედუარდ შევარდნაძეს კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ინფორმაციით, მათ აღნიშნეს, რომ "კმაყოფილები არიან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკით, რომელიც საშუალებას აძლევს უმცირესობებს თავი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად იგრძნონ."

ჯერჯერობით სახელისუფლო მედიას იმის მტკიცება არ დაუწყია, რომ დღევანდელ საქართველოში ყველა ქართველი "ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ" გრძნობს თავს... სხვანაირად რომ ვთქვათ, კმაყოფილია, ბედნიერია იმით, რაც ხდება ქვეყანაში. გამოდის, რომ კმაყოფილები უფრო საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები არიან: სომხები, იეზიდები, რუსები და, განსაკუთრებით, აზერბაიჯანლები, რომლებმაც ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში აზერბაიჯანულ თემთა განვითარების ცენტრი დააარსეს. კონფერენციას დაესწრო პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში ბატონი ლევან მამალაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

[ლევან მამალაძის ხმა]: "აქ არის მთელი აზერბაიჯანული ინტელიგენცია წარმოდგენილი, არა მარტო თბილისიდან, არამედ ყველა დასახლებული პუნქტიდან, სადაც ჩვენი მოქალაქე აზერბაიჯანლები ცხოვრობენ... ფაქტობრივად, ეს ის ხალხია, რომელსაც თავისი მოსახლეობა უსმენს, უჯერებს და თქვენ ხედავთ, როგორი პოზიცია აქვთ მათ. ისინი, რა თქმა უნდა, თავიანთ გარანტიას ხედავენ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ კურსში და იმ მოძრაობაში, რომელიც ჩამოყალიბებულია '"ახალი საქართველოსათვის".

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანლები, შესაძლებელია, მართლაც ხედავენ თავიანთი უსაფრთხოების გარანტიას ედუარდ შევარდნაძეში - თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევის მეგობრად ითვლება; იმიტომაც, რომ ამ ორ ქვეყანას საერთაშორისო ეკონომიკური პროექტები აერთიანებს. აზერბაიჯანლები, ისევე როგორც ეროვნულ უმცირესობათა სხვა წარმომადგენლები, შესაძლოა, შიშობენ, რომ ოპოზიციის მოსვლა ხელისუფლებაში სწორედაც რომ "ახალი საქართველოს" შექმნას შეუწყობს ხელს, ანუ რაღაც შეიცვლება ქვეყანაში. ოპოზიცია, რომელიც ხშირად თავს ვერ არიდებს ნაციონალისტურ და პოპულისტურ რიტორიკას, ჯერჯერობით მათ ვერ აძლევს "ბედნიერი ცხოვრების" გარანტიას. ნაციონალურ კონფლიქტებსა და დაპირისპირებას და ჩვენში ოდესღაც პოპულარულ ლოზუნგს "საქართველო ქართველებისთვის" ისევ რუტინა, მაგრამ უსაფრთხო ცხოვრება სჯობია. არასამთავრობო ორგანიზაციების მესვეურები, რომლებმაც თავიანთი თვალით ნახეს, თუ რა ხდება აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში, ამტკიცებენ, რომ უცხო თვალი აქ, პირველ რიგში, ამ რუტინას, უხალისო ცხოვრებას და, რაც მთავარია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისგან სრულ გაუცხოებას შეამჩნევს. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ არც ქართული იცის, არც რუსული. უყურებს, როგორც წესი, აზერბაიჯანული ტელევიზიის გადაცემებს. ჩვენთან საუბარში ქალბატონმა ლიანა ჯაყელმა, რომელმაც ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელზე ფილმი გადაიღო, აღნიშნა:

[ლიანა ჯაყელის ხმა] "აშკარაა, რომ ერთნაირად გულგრილები არიან ერთმანეთის მიმართ: სახელმწიფო - ამ ხალხის მიმართ და ეს თემები - ხელისუფლების მიმართ... როცა ისინი ამბობენ, ქალაქში მივდივარო, ძირითადად, ბაქოს გულისხმობენ.. ზოგს ძალიან უკვირს, ქართველებს, ეს ჩვენი პრობლემა არ არისო."

მაგრამ არჩევნების წინ ხელისუფლება დემონსტრაციულად გამოხატავს თავის არაგულგრილობას ამ ხალხის მიმართ. არჩევნების წინ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანთა ეთნიკური ნიშნით გაერთიანება დაიწყო. ასეთი "ერთობა" კი იქმნება იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო ელემენტების სისუსტე შეიმჩნევა. ასეთი "ერთობა" დღეს იმას უჭერს მხარს, ვინც მისი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. ხვალ კი შეიძლება ისიც გამოჩნდეს, ვინც "ბედნიერებას" დაჰპირდება... და ეს "ისიც", შესაძლოა, სულ სხვა სახელმწიფო იყოს.
XS
SM
MD
LG