Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბუშის განცხადება ერაყის ომთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ერაყის წინააღმდეგ მოკავშირეთა სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს.

როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, ბუში დარწმუნებულია, რომ სადაზვერვო სამსახურის უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა მიღებული, და რომ ადრე თუ გვიან ერაყში მაინც მიაკვლევენ მასობრივი განადგურების იარაღს.


ორშაბათს, ნიუ ჯერსის შტატში გამოსვლისას საქმიანი წრეების წარმომადგენელთა წინაშე, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ამ ქვეყანამ ერაყელი დიქტატორიდან მომდინარე მუქარას გასცა პასუხი. და აი, დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ისტორიის ხელახლა დაწერას ისურვებდა; მე მათ, ისტორიის რევიზიონისტებს ვუწოდებდი. სადამ ჰუსეინი ამერიკასა და თავისუფალ სამყაროს ემუქრებოდა 91-ში, 98-სა 2003 წლებში. მან ყურად არ იღო თავისუფალი სამყაროს მოთხოვნა, და შეერთებულმა შტატებმა, მისმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა, იმოქმედეს".

ნიუ ჯერსის შტატში გამოსვლისას ჯორჯ ბუშს არ უხსენებია ერაყის მასობრივი განადგურების იარაღი, მაშინ როცა სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე თავისი საჯარო გამოსვლების დროს, ბუში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ფლობაში ადანაშაულებდა ერაყს.

მას შემდეგ, რაც ერაყში ომი დამთავრდა ცალკეული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გააზვიადა სადაზვერვო ინფორმაცია ერაყიდან მომდინარე მუქარის შესახებ, რათა ამით გაემართლებინა სამხედრო ოპერაცია, რასაც ბოლოს, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაამხობა მოჰყვა ერაყში. ჯორჯ ბუში უარყოფს ამ ბრალდებას.

სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ვაშინგტონი და ლონდონი ტერორისტების შეფარებაშიც ადანაშაულებდნენ ბაღდადს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ამ დღეებში ინტერვიუ ჩამოართვა ბაღდადში მამაკაცს, რომელიც ამტკიცებს, რომ ერაყის სადაზვერვო უწყებაში მსახურობდა. მან თქვა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთან" არ თანამშრომლობდა. ეს პირი, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება ამბობს, რომ ერაყის სადაზვერვო სამსახური პირველ რიგში შეიარაღებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენით იყო დაინტერესებული და არა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებით.
მანვე უარყო ადრე გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, პრაღაში ერაყის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი თითქოს "ალ-ყაიდის" წევრს მოჰამად ატას შეხვდა. ატა იყო ერთ-ერთი იმ თვითმკვლელ ტერორისტებს შორის, ვინც 11 სექტემბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.

"რამდენადაც ვიცი, არანაირი კავშირი არაა ერაყსა და "ალ-ყაიდას" შორის. ხმები იმის შესახებ, რომ ჩვენი დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელი თითქოს მოჰამად ატას შეხვდა, მტკნარი სიცრუეა. მე თვითონ ველაპარაკე კოლეგას, რომელიც პრაღაში იყო. მან დამარწმუნა, რომ არ შეხვედრია ატას. მაგრამ ჩვენ მისი უშიშროება გვაფიქრებდა და იგი პრაღიდან გავიწვიეთ", უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ბაღდადში ერაყელმა მამაკაცმა, რომელიც ადრე ერაყის სადაზვერვო უწყებაში მსახურობდა.

სამშაბათს, ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობინ კუკმა განაცხადა, რომ ტონი ბლერის მთავრობამ შერჩევით გამოიყენა სპეცსამსახურების ინფორმაცია, რათა გაეზვიადებინა სადამ ჰუსეინის რეჟიმიდან მომდინარე მუქარა.
XS
SM
MD
LG