Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აპატიმრებენ საფრანგეთში ირანელების ოპოზიციური დაჯგუფების წევრებს?


სამშაბათს საფრანგეთში განხორციელდა ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომლის მსვლელობაში ირანელი ოპოზიცონერების დაჯგუფება "სახალხო მუჯაჰედინების" 160-ზე მეტი წევრი შეიპყრეს.

ოპერაციას, როგორც ახალი ამბების გამოშვებებშიც ვიუწყებოდით, ფართო გამოხმაურება მოჰყვა: ირანელმა ოპოზიციონერებმა ლონდონსა და პარიზში საპროტესტო გამოსვლები გამართეს; ირანის მთავრობამ კმაყოფილება გამოთქვა; დამოუკიდებელი ექსპერტების უმრავლესობისათვის კი გაუგებარია, რატომ ილაშქრებს საფრანგეთის მთავრობა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც 20 წელიწადია თავისუფლად საქმიანობს დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც. ვიდრე ამ თემას განვაგრძობდეთ, რამდენიმე სიტყვა "სახალხო მუჯაჰედინების" შესახებ: ეს არის ირანის მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგეთა წამყვანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ექვემდებარება ემიგრანტების პარტიას "ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო".

17 ივნისს პარიზში განხორციელებული ოპერაცია მართლაც ფართომასშტაბიანი იყო: პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, დაახლოებით 1300 კაცი, შეიჭრნენ 10-ზე მეტ ბინასა თუ ოფისში, რომელთაც თავს შვეულმფრენები დატრიალებდა. რეიდები მოეწყო სასამართლოს განკარგულებით, რომელშიც ორგანიზაცია "სახალხო მუჯაჰედინები" მოხსენიებულია "ტერორისტული აქტების მომამზადებელ დანაშაულებრივ გაერთიანებად". თუმცა, საფრანგეთის პოლიციის პრეს-მდივანმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეიდების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობებისათვის არ მიუგნიათ: [პოლიციის პრეს-მდივნის ხმა] "არ იყო არც იარაღი და არც ასაფეთქებელი მოწყობილობები, მაგრამ იყო ნაღდი ფული: 1 380 000 დოლარი, აგრეთვე 150 000 ევრო".

ასევე კონფისცირებულია დოკუმენტები გამოძიებისა და შესაძლო სასამართლო პროცესებისთვის გამოსაყენებლად. უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ შარშან შეიყვანა სახალხო მუჯაჰედინები აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის წევრები ირანში შეიჭრნენ ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმების მოსაწყობად. მუჯაჰედინებს ვაშინგტონიც ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევს, მაგრამ აქამდე დასავლეთის ყველა ეს ქვეყანა თვალს ხუჭავდა შეიარაღებული ირანელი ოპოზიციონერების საქმიანობაზე საკმაოდ ადვილად ამოსაცნობი მიზეზით: დასავლელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი იზიარებს სახალხო მუჯაჰედინების უარყოფით აზრს ირანის მმართველ რეჟიმზე.

ამიტომ ექსპერტებს ვერ გაუგიათ, რა მოსაზრებამ განახორციელებინა საფრანგეთს ოპერაცია მუჯაჰედინების წინააღმდეგ - ლონდონში გამომავალ ჟურნალ ეკონომისტის თანამშრომლს ბენ ფოლკსს ვერ წარმოუდგენია, რომ მუჯაჰედინებს დასავლეთში ტერორისტული საქმიანობის გეგმა ჰქონოდათ: [ბენ ფოლკსის ხმა] "ისინი დასავლეთში უკვე დიდი ხანია მოქმედებენ და ვითარების დაძაბვა თვით მუჯაჰედინთა ინტერესებისათვის იქნებოდა საზიანო. საფრანგეთში ტერაქტის მოწყობა თითქმის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მუჯაჰედინებმა საქმიანი კონტაქტები დაამყარეს აშშ-თან და გაუჩნდათ იმედი, რომ მოიპოვებენ აშშ-ის მხარდაჭერას ირანში."

ასე, რომ საფრანგეთს, ლონდონელი ექსპერტის ვარაუდით, შესაძლოა ტერაქტების შიში კი არა, შემდეგი მოსაზრება ამოძრავებდეს: [ბენ ფოლკსის ხმა] "ეს ოპერაცია საფრანგეთის მთავრობას შესაძლოა სარგებლის მომტანად მიაჩნდეს ირანთან ურთიერთობაში. შესაძლოა მუჯაჰედინებს დაგეგმილი ჰქონდათ თავდასხმები ირანის ტერიტორიაზე და საფრანგეთი ამის შესახებ ინფორმაციის გამო ამოქმედდა. შესაძლოა, საფრანგეთი ცდილობდეს თეირანის გულის მოგებას დავუშვათ, იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომლის მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული შეიარაღების შესახებ დამატებითი ოქმის ხელმოწერაზე".

სხვათა შორის, თეირანი დიდი ხანია მოითხოვს პარიზისაგან სახალხო მუჯაჰედინების წინააღმდეგ ზომების მიღებას და კმაყოფილი გამოეხმაურა ამ ორგანიზაციის წევრების დაპატიმრებას. მუჯაჰედინები და მათი თანამოაზრეები კი აღშფოთებას ვერ მალავენ: ლონდონსა და პარიზში გამართულ დემონსტრაციებზე, ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული ინფორმაციით, უკვე სამმა ადამიანმა სცადა პროტესტის ნიშნად თავის ცოცხლად დაწვა.
XS
SM
MD
LG