Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანცელარიაში სიღარიბის დაძლევის პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა", რომელზეც 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია და უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ,

სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დამტკიცდება. მანამდე კი სახელმწიფო კანცელარიაში პროგრამის პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად ეკონომისტები და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. გესაუბრებით პროგრამის მნიშვნელობისა და მისდამი დამოკიდებულის შესახებ.

სახელმწიფო კანცელარიაში სამშაბათს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე წარმოდგენილი პროგრამის მიმართ დამსწრეთა აბსოლუტურ უმრავლესობას პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა. "სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის" სქელტანიან პროგრამაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დამთავრდა და ამის შემდეგ მან სხვადასხვა სტრუქტურებისა და დონორი ორგანიზაციების ექსპერტიზა გაიარა.

თუმცა კანცელარიაში გამართულ პრეზენტაციას ექსცესების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. წარდგინების წინ ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა კახა უგულავამ წერილით აუწყა პრეზიდენტს, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამით ანტიკორუფციული პროგრამის დუბლირება ხდება. თუ ამ პროგრამის მომზადებაში ჩართული არასამთავრობოების, სხვადასხვა რანგის ექსპერტებისა და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სპექტრს გავითვალისწინებთ, მთავარი ანტიკორუფციონერის წერილობითი რეაქცია დოკუმენტზე ხელმოწერამდე ორიოდე დღით ადრე, შესაძლოა, დაგვიანებულადაც მოგვეჩვენოს.

პროგრამა ასზე მეტი ღონისძიების გატარებას - მათ შორის, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას - ითვალისწინებს. კახა უგულავას განცხადებით, სწორედ მთავრობის რეფორმირების საკითხში ხდება ამ ორი პროგრამის დუბლირება.

პრეზენტაციაზე პრეზიდენტმაც გამოთქვა შენიშვნა ფისკალურ სფეროში არსებულ პრობლემებთან - განსაკუთრებით თამბაქოს დაბეგვრის საკითხთან - დაკავშირებით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფისკალური წესრიგის დამყარებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მხრივ პროგრამაში უფრო მკვეთრი პოზიცია ჩამოყალიბდეს.

თავად პროგრამა თხუთმეწლიანია და განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიღარიბის დაძლევისათვის. დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში 2-3-ჯერ უნდა გაიზარდოს. 2005 წლისათვის კი საშუალო ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტია ნავარაუდევი. პროგრამით განსაზღვრულია პრიორიტეტული დარგები და მოცემულია ფინანსური გათვლები.

ფინანსთა მინისტრის თქმით, პროგრამა ასახავს ფინანსურ მდგომარეობას და უკვე მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ დოკუმენტში მოცემული პრინციპებით განისაზღვრება. პროგრამის დამტკიცების შემდეგ მის დაფინანსებაში რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტი და დონორი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.

ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი სერიოზულია და მისი რეალიზაცია ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა ამ შემთხვევაშიც, აღიარებენ რა დოკუმენტის აუცილებლობას, ეკონომისტები ორ ნაწილად გაიყვნენ: ერთნი, რომელნიც ოპტიმიზით უყურებენ მომავალს, და დანარჩენები, რომლებიც უფრო რეალისტურად არიან განწყობილნი, ანუ ქაღალდზე არსებულ დოქტრინასა და რეალობას შორის სხვაობას ხედავენ. თუმცა ეს უკანასკნელნიც აღნიშნავენ, რომ აქამდე სახელმწიფოს მსგავსი გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტი არ შეუქმნია.

თავად პროგრამის დამტკიცება კი შაბათს მთავრობის საგანგებო თათბირზეა ნავარაუდევი.
XS
SM
MD
LG