Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პირობების შეჯერება კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო


აფხაზეთში ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე მომუშავე რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მესამე მხარედ გაეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ. მოსკოვში იმყოფებოდა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც. მოლაპარაკების პროცესში აფხაზეთის ოფიციალურად ჩართვა კონსულტაციების შემდგომ რაუნდებშია მოსალოდნელი. შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთის, საქართველოსა და გაეროს ინიციატივები განიხილებოდა. ლტოლვილთა დაბრუნების როგორ მოდელზე შეჯერდებიან მხარეები და რა პრინციპებია მათთვის პრიორიტეტული დღეისათვის?

აფხაზეთში - კერძოდ, გალის რაიონში - დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ-ერთია იმ სამი სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სოჭის გადაწყვეტილებების საფუძველზე შეიქმნა. სარკინიგზო მიმოსვლისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის კონკრეტიკისგან განსხვავებით, დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების თემა კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე თანაბრად აქტუალურია. გაირღვევა თუ არა ჩაკეტილი წრე და რა კორექტივებს უნდა ველოდეთ ქართულ-აფხაზური პრობლემის მოგვარების მიმართულებით, ამ დროისთვისაც ბუნდოვანი საკითხია. მოსკოვში გამართულ კონსულტაციებზე განსაკუთრებული კომპრომისულობით ვერც ერთ მხარეს ვერ გამოარჩევდით. რუსული მხარე, მაგალითად, იზიარებს და ეყრდნობა რა გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების აფხაზურ მოდელს, მათ შერჩევით დაბრუნებას ითხოვს - ანუ მეომარი ლტოლვილების მშობლიურ კუთხეში დამკვიდრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ქართულ მხარეს, იგი თანახმაა გალის რაიონში მხარეთა მონაწილეობით შეიქმნას შერეული ადმინისტრაცია გაეროს ეგიდით.
[ზურაბ აბაშიძის ხმა] " ამას ჩვენ წარმოვადგენთ როგორც ჩვენს კომპორმისს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას , რაღაცა პერიოდით ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონის იურისდიქცია გადაეცეს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაეროს."
ამისათვის კი, სულ ცოტა, აფხაზური მხარის თანხმობაა საჭირო. აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ამ ჯერზე მოსკოვში მოსალოდნელზე დიდხანს შეყოვნდა. მის დაბრუნებამდე, 18 ივნისს, სოხუმის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარზე უარი გვითხრეს. თავის მხრივ, სერგეი შამბას არაოფიციალური პოლიტიკური ვოიაჟი მოსკოვში გაღიზიანების საბაბად იქცა თბილისში, მაგრამ მეტი მხარდაჭერით სარგებლობს მოსაზრება, რომელსაც საქართველოს ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე გვთავაზობს.
[ზურაბ აბაშიძის ხმა]"მათთან კონტაქტი ხომ უნდა იყოს? ჩვენ როგორ გადავწყვეტთ ან რკინიგზის საკითხს, ან ლტოლვილების დაბრუნებას, თუ რაღაცა ფორმით ეს აფხაზური არალეგიტიმური ხელისუფლება არ ჩაერთო. ჩვენ მათ მივიჩნევთ მხარედ, ოღონდ მხარედ კონფლიქტში, კონფლიქტის მოგვარებაში. ამ შეხვედრების შესახებ და ამ კონსულტაციების შესახებ ვიღაცამ ხომ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში აფხაზები."
სხვა საკითხია, რომ ამ შეხვედრებზე რუსული მხარე სცდება შუამავლის ფუნქციებს და, როგორც წესი, აფხაზური მხარის ლობისტად გამოდის.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რასაკვირველია, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, შეხვდა და ესაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ვალერი ლოშინინს და სხვა ოფიციალურ პირებს.
დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, სავარაუდოდ, ივნისის დასასრულს გამართავენ მორიგ კონსულტაციებს თბილისში. აფხაზური დელეგაციის ვიზიტი თბილისში ჯერჯერობით არ იგეგმება.
XS
SM
MD
LG