Accessibility links

logo-print

"გეორგიანნი" - საქართველოს ისტორიის ინტერპრეტაცია


თბილისში 14 ივნისს წიგნის ფესტივალი დაიხურა. ფილარმონიაში გამართულ წიგნის ბაზრობაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა გამომცემლობა "ლიტერას" ახალი პროექტი "გეორგიანნი"

- ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების სერია.

შარშან რადიო "თავისუფლებამ’ დაწვრილებით გიამბოთ გამომცემლობა "ლიტერას" საქმიანობაზე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელებულ "ლიტერას" პროექტზე, "მსოფლიო ლიტერატურის შედევრების" ინტერპრეტაციაზე ბავშვებისთვის. გამომცემლობის მესვეურმა ქალბატონმა მარიკა აბაიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ "ლიტერა" კვლავაც აპირებს საბავშვო ლიტერატურის გამოცემას. მაგრამ გამომცემლობას დაფინანსება შეუწყვიტეს, ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები მომგებიანი არ აღმოჩნდა და "ლიტერამ" ახალ პროექტზე, ისტორიულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების სერიაზე, დაიწყო მუშაობა.

არსებითად, ამ სერიის პირველი ორი წიგნი, აკა მორჩილაძის "მელექსეთბაშის თბილისი" (ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია) და დავით ტურაშვილის "გურჯი-ხათუნი" (თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნის, ცხოვრება), რომელიც ახლახან გამოიტანეს წიგნის ფესტივალზე, თავისუფლად შეიძლება წაიკითხონ ბავშვებმაც. როგორც ჩანს, "ლიტერა" უარს არ ამბობს თავის მთავარ პრინციპზე - საგანმანათლებლო საქმიანობაზე. თუმცა ისტორიულ თემაზე შექმნილი სერია, რომელსაც გამომცემლებმა "გეორგიანნი" უწოდეს, ალბათ, უფრო მეტად ავტორებს "გაანათლებს", ვიდრე მკითხველს. ისტორიულ თემაზე მუშაობისას მწერალი, უბრალოდ, იძულებული ხდება "ჩახედოს" წყაროებს, გაეცნოს ისტორიულ დოკუმენტებს მაშინაც კი, როცა ინფორმაცია ამა თუ იმ ისტორიულ პირზე საკმაოდ მწირია. მკითხველმა კი ავტორის ინტერპრეტაცია (მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცის - ეს ინტერპრეტაცია "თავისუფალია"), შესაძლოა, ისტორიულ ჭეშმარიტებად მიიჩნიოს. ასეა, მაგალითად, დაწერილი დავით ტურაშვილის "გურჯი-ხათუნი", ისტორიული დოკუმენტის ფორმით, წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ კონიის სასულთნოში გათხოვილი რუსუდანის ასული ლამის "თამარის სწორად" მოგეჩვენებათ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ დავით ტურაშვილის მეგობარმა და კოლეგამ ლაშა ბუღაძემ აგრეთვე მიმართა ისტორიის ინტერპრეტაციას, დაწერა "გიორგი-რუსი", რომელმაც აღაშფოთა საქართველოს საპატრიარქო. ინტერპრეტაცია, რომელსაც "ლიტერა" გვთავაზობს, მეორე უკიდურესობას ქმნის: კი არ ანგრევს, არამედ ამკვიდრებს ისტორიულ მითებს... საქართველოში კი მითებზე, და არა სიმართლეზე, მოთხოვნილება კვლავაც ძალიან დიდია. მით უმეტეს, როცა "ახალი მითების" ავტორებად პოპულარული მწერლები: აკა მორჩილაძე, დავით ტურაშვილი, მზია სურგულაძე, გაგა ნახუცრიშვილი, რატი ამაღლობელი გვევლინებიან. მითები და ზღაპრები ბავშვებს უყვართ. ე.ი. "ლიტერა" თავისი პრინციპების ერთგული რჩება.
XS
SM
MD
LG