Accessibility links

ქართველ სამხედროთა ჯგუფი ერაყში გასამგზავრებლად ემზადება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ერთ თვეზე მეტი დასჭირდა იმ სამხედრო ჯგუფის დასაკომპლექტებლად, რომელიც, ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით,

ერაყის სტაბილიზაციის პროცესში ჩართული მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო ჯგუფი, რომლის წევრთა ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, სპეციალურ მომზადებას სამხედრო უწყებაში გადის. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ჩრდილოეთ ერაყში თვის ბოლოსთვის უნდა გაემგზავრონ, თუკი მანამდე საქართველოს პარლამენტი შეძლებს კვორუმის შეგროვებას და შესაბამისი სახელმწიფოებრივი შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ კოსოვოს შემდეგ ერაყი მეორე ქვეყანაა, სადაც საქართველო საკუთარი სამშვიდობო ქვედანაყოფით იქნება წარმოდგენილი.


სამხედრო მედიკოსები, ინჟინერ-გამნაღმველები და კოჯრის სპეცდანიშნულების ერთი ათეული, სულ 60 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ერაყის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურ შეკრებას გადის. მათ, პირველ ყოვლისა, იმ საკანონმდებლო და ნორმატიულ ბაზას შეასწავლიან, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების დროს გამოიყენება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვედანაყოფი, საკონკურსო სისტემის საფუძველზე, თავად სამხედრო უწყების იმ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა, რომლებსაც სათანადო გამოცდილება ან უშუალოდ სამშვიდობო ოპერაციებში, ან ნატოს ეგიდით გამართულ საერთაშორისო სამშვიდობო- სწავლებების დროს აქვთ მიღებული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, პროფესიონალიზმისა და პირადი დისციპლინის გარდა, შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ინგლისური ენის ცოდნა იყო. მით უფრო, რომ გადაწყვეტილია - ქართული ქვედანაყოფი ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე მექანიზებული დივიზიის შემადგენლობაში შეასრულებს სამშვიდობო მისიას. რაც შეეხება მოარულ ხმებს პროტექციონიზმისა და გავლენიანი ნაცნობების ფაქტორის შესახებ კონტინგენტის შერჩევის პროცესში, მინისტრის მოადგილის თქმით:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]"მე არ გამოვრიცხავ რაღაცას, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, გამჭვირვალედ მოხდა ეს ყველაფერი. ანუ კომისიამ გაითვალისწინა ის კრიტერიუმი, რაც წინასწარ მინისტრთან იყო შეთანხმებული."

ნაცვლად გავრცელებული ინფორმაციისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის მეოთხე მექანიზებული დივიზიის შემადგენლობაში მყოფი ქართველ სამხედროთა რაზმის ფინანსური უზრუნველყოფა, გარდა კვებისა და საცხოვრებელი ხარჯებისა, მთლიანად საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდება. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ერაყში ექნებათ საკუთარი დროშა, სამხედრო ფორმა, რომელიც მხოლოდ იმიტომ იქნება ამერიკული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო უნიფიცირებული ეროვნული ფორმით სამხედრო უწყების უზრუნველყოფა. და, რაც მთავარია, ქართველი სამხედროები ერაყში საკუთარი სატაბელო იარაღით შეასრულებენ საბრძოლო ამოცანას.

თუმცა მანამდე საჭიროა შიდა პროცედურის შესრულება: პარლამენტმა რატიფიკაცია უნდა მოახდინოს შესაბამისი ხელშეკრულებისა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში 18 ივნისს აღმოჩნდა ჩართული. ამ დოკუმენტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა "სასიცოცხლოდ აუცილებელი" უწოდა და ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ ასეთი მინიშნება გააკეთა:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე გვქონდა ლაპარაკი, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა მჯიღს იკრავდა გულში, რომ ჩვენი ეროვნული სიამაყე და ღირსება ითელება ამით. კარგი იქნება ამ ხელშეკრულებას კარგად ჩავუკვირდეთ და დავინახავთ, რომ დღეს ჩვენს სამხედროებს იგივე იმუნიტეტი, იგივე
უფლებები და იგივე პრივილეგიები აქვთ."

სამწუხაროდ, ეს განცხადება გაკეთდა პარლამენტის თითქმის ცარიელ დარბაზში, რომელიც არავინ იცის, თუ როდის ეღირსება კვორუმის შეგროვებას თუნდაც ასეთ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად.
XS
SM
MD
LG