Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეგახსენებთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მცდელობათა ისტორიას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო. არცთუ ხანგძლივი არსებობის მიუხედავად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მცდელობა

ამ 8 წლის მანძილზე არაერთხელ ყოფილა. როგორც წესი, ეს ცვლილებათა პროექტები ძირფესვიანად ასხვაფერებდნენ კონსტიტუციის არქიტექტონიკას.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი საჯარო დისკუსია 1998 წლის ზაფხულში დაიწყო. დისკუსიის ინიციატორი მაშინდელი მოქალაქეთა კავშირის ეგრეთ წოდებული რეფორმატორების ფრთა იყო. მაშინ, 1998 წლის ზაფხულში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას შეხვედრისას, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივას, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემოღებას გულისხმობდა.
შეგახსენებთ: 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ საკმაოდ ცალსახად მიანიშნა თავის ახალგაზრდა თანაგუნდელებს, რომ არ აპირებდა აღმასრულებელი ხელისუფლების პარტიული პრინციპით დაკომპლექტებას. შესაბამისად, 1998 წელს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდის ინიციატივა ბევრმა სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის ხერხად შეაფასა.
თუმცა ერთი წლის თავზე, 1999 წლის 20 ივლისს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც შევიდა. ეროვნულ- დემოკრატების ფრაქციის ინიციატივით კონსტიტუციის 50-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით შეიცვალა პარტიებისთვის პარლამენტში მოსახვედრად დაწესებული ბარიერი. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო კონსტიტუციის 70-ე მუხლსაც, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების არა მხოლოდ წესი და პირობები, არამედ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობაც კონსტიტუციით და ორგანული კანონით განისაზღვრება.
მინისტრთა კაბინეტის შემოღების თემა კვლავ 2001 წელს გააქტიურდა. ამ იდეის ავტორები კვლავ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებმაც, მართალია, რამდენიმე მინისტრის პოსტი მიიღეს, მაგრამ ეს მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების მართვისთვის საკმარისი არ იყო. საქმე იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ არა მხოლოდ წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც სწორედ მინისრტთა კაბინეტის შემოღებას გულისხმობდა, არამედ დაასახელა შესაძლო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც - მისი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ზურაბ ჟვანია დაიკავებდა. მოგვიანებით, როცა დაწვრილებით გაირკვა პრეზიდენტის პროექტის შინაარსი, ნათელი გახდა, რომ ამ ცვლილების გატარების შემთხვევაში, პრეზიდენტის ძალაუფლება არა მხოლოდ არ მცირდებოდა, პირიქით, ფართოვდებოდა. პარლამენტის მაშინდელი ოპოზიცია მმართველობის რუსულ მოდელზე ალაპარაკდა. თავის შეფასებებში უფრო ფრთხილი იყო ზურაბ ჟვანია. 2001 წლის აპრილში იგი აცხადებდა:
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] " პრეზიდენტმა დღეს თავის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა - ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა, ძლიერი ფუნქციების მქონე მთავრობა, რომელიც ყალიბდება საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე ანუ ყალიბდება პარლამენტში არსებული პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით. როცა საუბარია რუსულ თუ ევროპულ მოდელზე, სრულიად ერთმნიშვნელოვნად გამიჯნავს იმას, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რუსეთში დღეს არსებული მოდელისგან."[სტილი დაცულია]
მინისტრთა კაბინეტის შემოღებასთან დაკავშირებით 2001 წელს დიდ ენთუზიაზმს არ გამოხატავდა მაშინდელი ოპოზიცია. მაგალითად, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის აკაკი ასათიანის აზრით:
[აკაკი ასათიანის ხმა] " მინისტრთა კაბინეტის შემოღება იმ ვითარებაში, რაც დღეს არის შექმნილი ქვეყანაში, როცა პრაქტიკულად ყველა თანამდებობის პირი, რომელიც მართავს პრაქტიკულად ტერიტორიას, ინიშნება, არის პირდაპირი ნაბიჯი... ავტორიტარულობის რა გითხრათ, ვერ დაგაბრალებთ დიქტატორობის მცდელობა გქონდეთ, შეუძლებელიც არის ეს... მაგრამ ძალიან სახიფათო და ფეთქებადი სიტუაციისკენ."[სტილი დაცულია]
პარლამენტს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არც დაუწყია. თუმცა ამ ცვლილებების გატარების აუცილებლობა კვლავ დგება დღის წესრიგში. რატომ არ იხილავს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს? პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსაზრება ასე ჟღერს:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ თვეებისა და წლების მანძილზე მინისტრთა კაბინეტის იდეაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ყველა თანხმდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩატარება აუცილებელია ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისათვის, მაგრამ ვერ ვთანხმდებით და ვერ შევძელით საბოლოო ჩამოყალიბება იმ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც ყველასათვის მისაღები და, რაც მთავარია, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი სწორი გამოსავალი იქნება."
შეძლებს თუ არა ამჯერად პარლამენტი ერთადერთი სწორი გამოსავლის მოძიებას - მალე გაირკვევა. 18 ივნისს პარლამენტმა დაიწყო ლეიბორისტული პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. შეგახსენებთ: ამ ცვლილებების დასამტკიცებლად 154 პარლამენტარის მხარდაჭერაა საჭირო.
XS
SM
MD
LG