Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამდღიანი სამიტი სალონიკიში


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს 19 ივნისს, ჩრდილოეთი საბერძნეთის საკურორტო ქალაქ პორტო კარასში, თესოლონიკეს მახლობლად, გაიხსნა ევროკავშირის სამდღიანი სამიტი, რომლის მონაწილე ევროკავშირის,

აგრეთვე ამ ორგანიზაციაში გაწევრანების 10კანდიდატი ქვეყნის ლიდერები საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. სხვა პრობლემებთან ერთად ფორუმის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში ბალკანეთის მომავალი, შეერთებულ შტატებთან ევროკავშირის ურთიერთობა, ტერორიზმის მუქარა და ირანში, ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იქნება. გარდა ამისა, სამიტის მონაწილენი ევროკავშირის პირველი კონსტიტუციის პროექტს გაეცნობიან.


ფორუმის მონაწილეთა უშიშროების უზრუნველსაყოფად 15 ათასი ჯარისკაცი და პოლიციელია მობილიზებული. საბერძნეთში მიმდინარე უმაღლესი დონის შეხვედრას, შაბათს, დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების: ხორვატიის, მაკედონიის, ალბანეთის, სერბია-ჩერნოგორიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერებიც შეუერთდებიან.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ განაცხადა ორი დღის წინ, გაფართოებული ევროკავშირისათვის არსებითი მნიშვნელობა ექნება უშიშროების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას. სოლანას მიაჩნია, რომ გაფართოებულმა ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო სარბიელზე, და ამასთან დაკავშირებით იგი ათგვერდიან სამოქმედო პროგრამას წარუდგენს ფორუმის მონაწილეებს [ხავიერ სოლანას ხმა]: "როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, 25 წევრიანი ევროკავშირი, რომლის 450 მილიონიან მოსახლეობაზე მსოფლიოს შიდა ეროვნული პროდუქტის ერთი მეოთხედი მოდის, ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც მსოფლიოში ხდება. ამიტომაც ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო სარბიელზე".

ამდენად, ფორუმის მონაწილენი იმაზე იმსჯელებენ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. განხილულ იქნება საფრანგეთის წინადადება ისრაელსა და პალესტინელებს შორის ევროკავშირის სამშვიდობო ძალების განთავსების თაობაზე. პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაბილ შაათი მიესალმა საფრანგეთის ამ ინიციატივას [ნაბილ შაათის ხმა]: "ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის სამშვიდობო ძალების განთავსებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენის საქმეში. ამ წინადადებას ჩვენ ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს".

ფორუმის მონაწილეთა ყურადღების ცენტრშია ასევე არალეგალური იმიგრაციის პრობლემაც. მოელიან, რომ შეხვედრაზე მიღწეულ იქნება შეთანხმება საზღვრების კონტროლისა და სავიზო რეჟიმის შემდგომი გამკაცრების შესახებ.

ცალკე მსჯელობის საგანი იქნება პოლიტიკა ირანის მიმართ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ კვირაში ირანს განუცხადეს, რომ თუკი მას სტაბილური სავაჭრო ურთიერთობა სურს ევროკავშირთან, მაშინ თეირანი უნდა დათანხმდეს თავისი ბირთვული ობიექტების ამომწურავსა და დაუბრკოლებელ შემოწმებას, რათა დაარწმუნოს მსოფლიო იმაში, რომ ამ ქვეყანას არა აქვს განზრახული მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა.

მოელიან, რომ საბერძნეთი, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე, დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობათა შემდგომი გაფართოების წინადადებით მიმართავს ევროკავშირის ლიდერებს.

და ბოლოს, საბერძნეთის ქალაქ პორტო კარასში მიმდინარე სამიტის მონაწილეებს ევროკავშირის პირველი კონსტიტუციის ახლახან დასრულებულ პროექტს წარუდგენენ განსახილველად. 16-თვიანი მუშაობის შემდეგ, საკონსტიტუციო ყრილობა, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი თავმჯდომარეობდა, გასულ კვირაში შეთანხმდა კონსტიტუციის პროექტის ტექსტზე. პროექტს სამიტის ლიდერები განიხილავენ, მაგრამ არსებითი ცვლილებების შეტანა ტექსტში, არაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG