Accessibility links

logo-print

"მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირი" საარჩევნო პროცესის "შავი ფულისგან" გათავისუფლებას და არჩევნების ერთი წლით გადადებას ითხოვს


საქართველოში მოქმედი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის "მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირი "(მაოკი) საარჩევნო პროცესის ეგრეთ წოდებული "შავი ფულისგან" გათავისუფლებას

და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს. კავშირის წევრები მათთვის ცნობილი კონკრეტული ფაქტებისა და ქვეყანაში სიტუაციის ზოგადი ანალიზის საფუძველზე ირწმუნებიან, რომ საქართველოში მოქმედი ცნობილი პოლიტიკური ძალები ქვეყნის გარედან ფინანსდებიან. "მიუმხრობლებს" მიაჩნიათ, რომ ქვეყნის გარედან დაფინანსებული საარჩევნო მარათონის არჩევნებამდე მიყვანას არჩევნების 1 წლით გადადება სჯობს. არჩევნების გადადების მოთხოვნა დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას ეფუძნება. "მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირში" ღრმად სწამთ, რომ დარჩენილ ვადაში საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მიღებას.

თავდაპირველად იმის შესახებ, თუ რა ძალებს აერთიანებს "მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირი " (მაოკი). ესენია: "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - საქართველო ", "კავკასიის რეგიონალური ინიციატივა", "ახალგაზრდა იურისტთა ლიგა", "სტუდენტური ალიანსი - ერთიანი საქართველო", "საერთო ეროვნული მოძრაობა -დამოუკიდებელი საქართველოსთვის" , "ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი" და "მცირე და საშუალო ბიზნესის კონფედერაცია."


შესაძლოა, ჩამოთვლილ არასამთავრობო ორგანიზაციათა სახელები ბევრს არაფერს გვეუბნება, მათი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ, როგორც "მაოკის" ლიდერები აცხადებენ, ამ შვიდ ორგანიზაციაში უნდა წარმოვიდგინოთ 700-მდე აქტიური და, ამავდროულად, პოლიტიკურად მიუმხრობელი ახალგაზრდა ძალა, რომელიც ნომერ პირველ ამოცანად სამართლიანი, ობიექტური და გაუყალბებელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას სახავს. ასეთი არჩევნები "მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირის" წარმომადგენლების აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ პარლამენტი მოახერხებს ნორმალური საარჩევნო კოდექსის მიღებას, ყველა დონის საარჩევნო კომისიის პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებას, თუ შედგება ამომრჩეველთა ზუსტი სიები და მოხდება ამომრჩეველთა მარკირება. "მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირში" მიიჩნევენ, რომ 2 ნოემბრამდე ეს ყველაფერი ვერ მოესწრება. ამიტომ კავშირი კიდევ ერთხელ აყენებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთი წლით გადადების საკითხს.

"ვინც ამ მოთხოვნას მხარს არ უჭერს, ის არჩევნების გაყალბების მომხრეა. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისზე დგანან ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალები. მათ ძველი ეროვნული მოძრაობის, აგრეთვე, სოციალ-პოპულისტებისა და კომუნისტების გაერთიანება-რეანიმირება აშინებთ. თუმცა ეს არცთუ მომხიბვლელი პერსპექტივა არ უნდა გახდეს საარჩევნო პროცესის გაყალბების საბაბი. მთავარია საფრთხე, რომელიც საქართველოს "შავი ფულის" სამრეცხაოდ და მაფიოზური კლანების საპარპაშო არენად გადაქცევას უქადის. ჩვენ ერთი წელია მოვითხოვთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებას," - ნათქვამია ზემოხსენებული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. და, აი, რატომ:

[ტარიელ გიორგაძის ხმა] " კი, ყველგან ხდება, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომ ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას, რათა მან შემდგომ გაატაროს მათი ინტერესები, მაგრამ დამისახელეთ საქართველოში გაკეთებული ბიზნესი და ასეთი ბიზნესის მმართველი, რომელსაც შეუძლია მილიონები ჩადოს პოლიტიკურ ინტერესებში, დამისახელეთ ასეთი ბიზნესმენი?!"

ამ შეკითხვით "მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტარიელ გიორგაძემ ჟურნალისტებს მიმართა და შეკითხვას თავადვე უპასუხა, რომ ასეთი ბიზნესმენი საქართველოში არ არსებობს. ტარიელ გიორგაძე და მისი თანამოაზრეები ირწმუნებიან, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები, ძალები, რომლებსაც წამყვანი პოზიციები უჭირავთ, სულ ერთია, რომელ ფლანგზე არიან ისინი, შევარდნაძისკენ თუ მის ოპოზიციაში, საქართველოს გარედან ფინანსდებიან. განცხადებას - გნებავთ, ბრალდებას - დამამტკიცებელი ფაქტების დასახელება არ მოჰყოლია. "მიუმხრობლებმა" თქვეს, რომ მათთვის კონკრეტული ფაქტები ცნობილია, მაგრამ დამატებითი დამამტკიცებელი არგუმენტების მოძებნამდე ვერ გაამხელენ. "ვინაიდან საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა უამრავ გარეშე ძალას უქმნის ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვის ინტერესს, არსებობს ყველა საფუძველი იმის სათქმელად, რომ მიმდინარე საარჩევნო პროცესში უხეშად უნდა იყვნენ ჩარეული გარეშე ძალები,"- ამტკიცებენ ისინი. ასეა თუ ისე, მოქმედი კანონი საკმაოდ ეშმაკურად ზღუდავს საარჩევნო სუბიექტის გარედან, გარე შემოწირულობებით დაფინანსებას. ასეთი შეზღუდვა არსებობს, მაგრამ საარჩევნო სუბიექტზე ვრცელდება მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციას გაივლის, რაც, შესაძლოა, უშუალოდ არჩევნების წინ მოხდეს.
XS
SM
MD
LG