Accessibility links

ინფორმაციული ''შოკი და ძრწოლა'' პანკისის ხეობის გარშემო


საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე შექმნილი რთული ოპერატიული ვითარება კვლავაც უამრავ სპეკულაციასა და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასაზრდოებს. სამშაბათს გვიან ღამით

ჩეჩნურმა საააგენტო "კავკაზ-ცენტრმა" გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ პანკისის ჩრდილოეთი ნაწილის დაბომბვის შესახებ, რაც, სააგენტოს მტკიცებით, ჩეჩენ მებრძოლთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობას მოჰყვა. ოთხშაბათს ამ ფაქტს თბილისში ერთხმად უარყოფდა თითქმის ყველა სამხედრო უწყება და მათთან დაახლოებული პოლიტიკოსები, რომლებიც გავრცელებულ დეზინფორმაციას რუსეთის მიერ პანკისის ხეობაში ჩაფიქრებული ახალი დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილად მიიჩნევენ.


შარშან ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პანკისის ხეობის პრობლემა საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილად გამოაცხადა, თუმცა მაშინვე კეთდებოდა განცხადება, რომ ყურადღების მოდუნების შემთხვევაში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გადმოსვლის პრობლემა კვლავ იჩენდა თავს. ყურადღების მოუდუნებლობაში კი იგულისხმებოდა თადარიგის დაჭერა 79 კილომეტრის სიგრძის საზღვრის სახიფათო მონაკვეთების ჩასაკეტად და პრევენტიული სამხედრო ზომების განხორციელება უშუალოდ საზღვრის მონაკვეთზე. ამ მიზნის მისაღწევად წლის დასაწყისში საქართველოს უშიშროების საბჭომ შეიმუშავა ღონისძიებათა გეგმა, რომელიც გულისხმობდა გაზაფხულის დადგომისთანავე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ნაწილების მიერ საზღვრის ეშელონირებულ დაცვას. მაგრამ დაუფინანსებლობის გამო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა.
ამიტომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი რჩება - პრევენტიული განცხადებები სეზონური საფრთხის შესახებ, როგორც ეს გასულ კვირაში ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ მოიმოქმედა, როცა საზოგადოებას გააცნო კრემლის ახალი გეგმა, ივლისის თვეში რუსლან გელაევის ათასკაციანი რაზმის საქართველოში შემოსვლასა და ახალი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით. მაგრამ ასეთ პრევენტიულ ზომებს კავკასიის ქედს იქიდან ადეკვატური პროპაგანდისტული პასუხი მოსდევს ხოლმე, ვთქვათ, მსგავსად სამშაბათს ჩეჩნური სააგენტო "კავკაზ- ცენტრის" მიერ გავრცელებული ცნობისა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შესახებ.

და რაკი მოსალოდნელი საფრთხე სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა იწინასწარმეტყველა, დეზინფორმაციის დეზავუირებაც 19 ივნისს ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მოუხდა:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] "ის, რომ რუსეთი უკვე დღეს ცდილობს ასეთი არასწორი ინფორმაციის გამოშვებას, თითქოს ან დაიბომბა პანკისი, ან ჩეჩნები უკვე შემოსულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე, - გარდა იმისა, რომ ეს ემსახურება შიდა არეულობასთან ერთად, ქვეყანაში რუსეთიდან მართვადი ქაოსის შექმნას, არ არის გამორიცხული, რომ იგივე ეს ემსახურებოდეს აფხაზეთთან დაკავშირებულ ჩიხში შესულ მოლაპარაკებებს."[სტილი დაცულია]

ირინა სარიშვილმა პრესკონფერენციაზე რუსეთის ეს მოქმედება "მეორე ფრონტის" გახსნას შეადარა და საქართველოს უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელებს შორის არაკოორდინირებული მოქმედების საშიშროებაზეც გაამახვილა ყურადღება. მაგრამ ისევ და ისევ იბადება კითხვა: ვის გასაგონად კეთდება ასეთი განცხადებები? და რამდენად ადეკვატურად ესმით ასეთი საფრთხის არსებობა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს?
XS
SM
MD
LG