Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ინიციატივა საარჩევნო კოდექსისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 19 ივნისს, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ახალი საარჩევნო იდეით გამოვიდა: დაკომპლექტდეს საარჩევნო კომისიები საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლით და,

ამავე დროს, კომისიებს ჩამოერთვათ არჩევნების შედეგების დამტკიცების უფლება. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ ნაბიჯს მინიმუმამდე დაჰყავს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. დავით პაიჭაძე შეეცადა, გაერკვია, რამდენად მყარია ნათელაშვილის არგუმენტები როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

შალვა ნათელაშვილს არ აინტერესებს, რა მოხდება, თუ თითოეულ საარჩევნო კომისაში, ცენტრალურის ჩათვლით, 50 ადამიანი მაინც იქნება - როგორც ცნობილია, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რიცხვი, წესისამებრ, 5 ათეულს აჭარბებს კიდეც. Mმათი განთავსება უბნებზე ტექნიკური პრობლემაა, თუ უნდათ, შინიდან მოიტანონ სკამები, ან ფანჯრის რაფებზე შემოსხდნენ, აცხადებს ლეიბორისტთა ლიდერი. ნათელაშვილს სჯერა, რომ მისი პრინციპის რეალიზებისას, ანუ თუ კომისიებს ჩამოერთმევათ არჩევნების შედეგთა დამტკიცების უფლება, პარტიათა ბრძოლა, მათი წარმომადგენლებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისათვის აზრსა და სიმძაფრეს დაკარგავს [ნათელაშვილის ხმა]: "ამ მოდელის გაზიარების შემთხვევაში ცემთვის არანაირი მნიშვენლობა აღარ ექნება, ვისით დაკომპლექტდება საარცევნო კომისიები. Mმე თანახმა ვარ, არასამთავრობოებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა წარმართონ ეს პროცესი, ან სულაც მენეჯერები დაინიშნონ სპეციალური ატესტაციის შემდეგ... თუ ამ მოდელს მიიღებენ, ჩვენგან არავითარი პრეტენზია არ იქნება, რომ მაინცდამაინც ლეიბორისტთა წარმომადგენლები შეიყვანონ კომისიებში. ყველა პარტიას ისედაც ეკუთვნის მეთვალყურე კომისიებში".

შალვა ნათელაშვილი ავითარებს აზრს, რომ უნდა გამკაცრდეს არჩევნებში დასაშვები კრიტერიუმები არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე პარტიებისათვის; კერძოდ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტერიტორიის 2/3-ზე შეგროვებული ხელმოწერები, რომელთაც დაამოწმებს ნოტარიუსი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. რაც შეეხება არჩევნების შედეგთა დამტკიცებას, ეს ფუნქცია ენიჭება სასამართლოებს: საუბნოს, გასაჩივრების შემთხვევაში - საოლქოს, შემდეგ უზენაესს, საკონსტიტუციოს და, ბოლოს, ევროპის სასამართლოს. ნათელაშვილი თვლის, რომ ამ წინადადებებს შეუძლებელია, ოპონენტი გამოუჩნდეს.

არადა, ოპონენტები უკვე გამოჩნდნენ. ტრადიციონალისტთა კავშირის წევრმა, ალეკო შალამბერიძემ სამართლებრივი თვალსაზრისით, არასწორად მიიჩნია სასამართლოებისათვის ხსენებული ფუქნციის მინიჭება, რადგან აქამდე სასამართლო მხოლოდ არბიტრი იყო, ახლა კი პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს. Nნათელაშვილის მიდგომების წინააღმდეგ გამოდის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი. მისი აზრით, სასამართლო ხელისუფლებას მთლიანად აკონტროლებს პრეზიდენტი შევარდნაძე და სასამართლოს დატვირთვა შედეგთა დამტკიცების ფუნქციით, ჩანს, ნათელაშვილს იმედს აძლევს, რომ შევარდნაძეს ამ კონტროლში ჩაეზიარება. გარდა ამისა, საეჭვოა, თავად სასამართლო ხალისით შეხვდეს ლეიბორისტების წინადადებას - ასეთ შემთხვევაში ის საზოგადოებიოსა და პოლიტიკურინ კლასის გაცილებით ფხიზელი ყურადღების საგანი გახდება, ვიდრე ახლაა. ესეც არ იყოს, დავით ბერძენიშვილის აზრით [ბერძენიშვილის ხმა], "სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება: ევროპის სასამართლოს ჩართვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია პროცედურაში, იმან იცის ევროპის სასამართლომდე ამ საკითხების მიტანა და ლოდინი, რომ ისინი განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ - სრულიად არასერიოზულია".
XS
SM
MD
LG