Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ირანში გასულ კვირაში მომხდარი მოვლენები მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც გაზეთ "ფაინენშალ ტაიმსის" ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ქამერონ ქამრალი აღნიშნავს, "ახლო აღმოსავლეთის ნათელი მომავალი არა ერაყზე, არამედ მეზობელ ირანზეა დამოკიდებული". ირანში დაბადებული ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

თავიანთ ლიდერებს, იქნება ეს პრეზიდენტი, პარლამენტი, თუ ათასობით ადგილობრივი საბჭო, ირანელები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ანიჭებენ მანდატს. უფრო მეტიც, ირანია ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანა, სადაც წარმატებით განხორციელდა სახალხო აჯანყება ულმობელი დიქტატორის წინააღმდეგ. 1979 წლის აჯანყებას შაჰის წინააღმდეგ ხშირად "ისლამურ რევოლუციად" მოიხსენიებენ, თუმცა ამგვარი ფორმულირება არაა ზუსტი. ირანელი რევოლუციონერები უწინარესად შაჰისადმი ოპოზიციამ გააერთიანა და არა საერთო რელიგიურმა მრწამსმა. ჩამოაშორეთ მოლები ხელისუფლებას, და ირანში სეკულარული, საერო დემოკრატია შემოგრჩებათ. შესაძლოა სულ მალე ირანი, რელიგიური რეფორმირებისა და დემოკრატიული განახლების მისაბაძი მაგალითი გახდეს მთელი მუსლიმანური სამყაროსთვის".

გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" თავის მხრივ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, რასაც შაჰის რეჟიმის დამხობა მოჰყვა შედეგად, ურთიერთობა თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული რჩებოდა, მაგრამ აშკარა მტრული გამოხდომების გარეშე, მაშინ როცა უკანასკნელ თვეებში, ორივე ქვეყნის მთავრობები თითქმის ყოველდღე ესხმიან სიტყვიერად ერთი მეორეს. გაზეთი განაგრძობს:

"დღეს, როცა ერაყში განთავსებული ამერიკის ჯარი სულ რაღა ხუთასიოდე კილომეტრითაა დაშორებული თეირანიდან, შეერთებული შტატები და ირანი ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან ვითარების სტაბილიზაციას რეგიონში, ან მათ შორის აშკარა კონფრონტაციის საფრთხე შეიქმნება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ირანში, ვაშინგტონთან შერიგების მომხრეა; ამდენად, ნებისმიერ ირანელ ლიდერს, ვინც კი შესძლებს ამის გაკეთებას, "ეროვნულ გმირად" შერაცხავენ თანამემამულენი."

გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი" ასევე გამოეხმაურა გასული კვირის მოვლენებს ირანში და მოუწოდებს შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს - კატეგორიულად მოითხოვონ თეირანისგან მისი ბირთვული ობიექტების ამომწურავი და დაუბრკოლებელი შემოწმება. რეფორმისტმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ, განაგრძობს გაზეთი, ახლახან საჯაროდ დაგმო ტერორიზმი და მართალია ფრთხილად, მაგრამ მკაცრი კურსის მომხრე თავის მოწინააღმდეგეებსაც შეუტია.

"პუტინი წითელი ნოხის ქვეშ ცდილობს ჩეჩნეთის ომის მიჩქმალვას", ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია ბრიტანეთის გაზეთ "გარდიანში". სტატიაში ვკითხულობთ:

"მომავალ კვირაში, როცა რუსეთის პრეზიდენტი ახალ 21-ე საუკუნეში პირველად ეწვევა დიდ ბრიტანეთს, ვლადიმირ პუტინს სამეფო ნოხს დაუგებენ. პუტინი მშვიდობისა და პარტნიორობის მისიით ჩადის ლონდონში. ამასობაში, ადამიანის უფლებათა მოძრაობის თვალსაჩინო აქტივისტმა სერგეი კოვალიოვმა ბრიტანელ მოსამართლეებს მოუწოდა - არ ენდონ კრემლის დაპირებებს იმის თაობაზე, რომ აჰმედ ზაკაევს რუსეთში ობიექტურად გაასამართლებენ. რუსეთი ცდილობს, ევროპისა და დასავლეთის განუყოფელ ნაწილად იქნეს აღიარებული, რასაც ორი სერიოზული პრობლემა ეღობება: ძალაუფლების სულ უფრო მზარდი კონცენტრაცია კრემლში და დიდი ბიზნესის არნახული გავლენა პოლიტიკაზე, და რაც მთავარია - ჩეჩნეთის ომი. ამ ომმა სოციალურად დააავადა რუსეთი, მორალურად დასცა მისი შეიარაღებული ძალები და კრემლისადმი მეტი უნდობლობით განაწყო რუსეთის უშუალო მეზობლები."
XS
SM
MD
LG