Accessibility links

logo-print

რას მოიტანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი?


პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ახლო აღმოსავლეთს ეწვია, რათა ისრაელის მთავრობისა და პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად

"გზამკვლევად" წოდებულ სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელოს. ამ გეგმამ, უფრო სწორად მისი განხორციელების პერსპექტივამ, გასულ კვირაში სერიოზული დარტყმა განიცადა: სულ რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა შეტაკებისა თუ ტერაქტის შედეგად 50-ზე მეტი ისრაელი და პალესტინელი დაიღუპა. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებათა მოშველიებით, ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად რეალურია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შანსი.

ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი ესაუბრა ამ ქალაქში მოქმედი ახლო აღმოსავლეთის კვლევის კერძო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტს დევიდ მეკს, რომელიც თავის დროზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეერთებული შტატების სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მუშაობდა. მეკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტში შუამავალთა როლს.

[დევიდ მეკის ხმა] "აშკარაა, რომ ჯერჯერობით ვერც ისრაელის მთავრობისა და ვერც პალესტინელთა ხელისუფლების სტრატეგიამ მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომ მათ აუცილებლად ესაჭიროებათ გარეშე ძალის დახმარება."

საქმეს ის ართულებს, რომ მოლაპარაკების განახლების პირობად ისრაელი პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებას უყენებს რადიკალური დაჯგუფებების - უწინარეს ყოვლისა "ჰამასის" - ალაგმვას. თავის მხრივ, პალესტინელთა ექსტრემისტული ორგანიზაციები ისრაელისგან ითხოვენ, შეწყვიტოს ნადირობა ამ ორგანიზაციების ლიდერებზე.

ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობს პალესტინელთა თვითმმართველობის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი (იგივე აბუ მაზენი), რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს "ჰამასისა" და სხვა რადიკალური დაჯგუფებების ლიდერებთან. თუმცა, ისრაელის მთავრობა ამას წყლის ნაყვად მიიჩნევს. აი, რა თქვა, მაგალითად, მთავრობის პრესმდივანმა ავი პაზნერმა:

[ავი პაზნერის ხმა] "პალესტინელთა ხელისუფლება არაფერს აკეთებს სისხლისღვრის შესაჩერებლად. ისინი ელაპარაკებიან და ელაპარაკებიან ყველას, გაკეთებით კი არაფერს აკეთებენ. ჩვენ პალესტინელთა ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ყოველგვარი ტერორიზმის აღმოსაფხვრელად."

ავი პაზნერის ეს სიტყვები, ცხადია, ისრაელის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ "ჰამასი" და მისი მსგავსი ორგანიზაციები იშვიათად თუ ემორჩილებიან პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებას და თითქმის მუდამ საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებენ. მით უფრო მოულოდნელი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოპტიმისტური განცხადება, რომელიც მან ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. კერძოდ, კოლინ პაუელმა თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პალესტინელთა პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებაში "ჰამასისა" და სხვა დაჯგუფებების ლიდერებთან გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

მაგრამ რაიმე სერიოზულ წინსვლაზე ფიქრიც ზედმეტია ისრაელის მხრიდან ახალი დათმობების გარეშე. სწორედ ამას აღნიშნავს რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ყოფილი დიპლომატი, ვაშინგტონელი დევიდ მეკი.

[დევიდ მეკის ხმა] "ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ისრაელის მზადყოფნაზე, სერიოზული, ნამდვილი მხარდაჭერა გამოუხატოს აბუ მაზენს, რაც აქამდე არ გაუკეთებია. ეს მხარდაჭერა გაამყარებდა მის პოლიტიკურ პოზიციას, ნათელს გახდიდა, რომ მისი სწრაფვა, ბოლო მოუღოს ძალადობას, რეალური და სასიკეთო შედეგების მომტანი იქნება და გასცდება ლიტონი სიტყვების სფეროს."

რამდენად იღებს ყურად ისრაელი ყოფილი დიპლომატის ამ რჩევას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG