Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს აფხაზ სეპარატისტთა პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესზე


აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია როგორც ქართულ პოლიტიკურ ძალებში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მმართველ წრეებში.

ჯერჯერობით თბილისში მოლაპარაკების პროცესის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა აქტიურობა უმნიშვნელოა და ისინი ხელს ვერ უშლიან სამთავრობო დონეზე მიმდინარე კონსულტაციებს. რა გავლენას ახდენს აფხაზ სეპარატისტთა მკაცრი პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესზე?

16-17 ივნისს მოსკოვში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ქართულ-რუსული სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ქართული მხარე ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დასაწყებად გალის რაიონში გარდამავალი საერთაშორისო დროებითი ადმინისტრაციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა - თან ისე, რომ ეს კომპრომისად გამოაცხადა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილები და მათი ლიდერები საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ, თუ აფხაზეთში თბილისის იურისდიქცია არ აღდგება, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნა, მართლაც, შეიძლება კომპრომისად იქნეს მიჩნეული.

სამუშაო ჯგუფების მომდევნო კონსულტაციები თბილისში გაიმართება და ამ შეხვედრებზე საქართველოს წინადადების შესახებ რუსეთის მოსაზრებები თანდათან გამოიკვეთება. მანამდე კი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები, რომლებიც აფხაზეთის შესახებ მიმდინარე ქართულ-რუსულ მოლაპარაკებაზე გადამწყვეტი ხმის გარეშე არიან დარჩენილნი, მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობენ.

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 20 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა: ქართული მხარის მიერ შემოთავაზებულ პროექტში "ისეთი ასპექტებია მოცემული, რომლებმაც შეიძლება მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანოსო". მისი შეფასებით, დევნილთა დაბრუნება ჰუმანიტარული პრობლემაა. ამ პრობლემის პოლიტიზირების მცდელობა კი, რაც გალის რაიონში საერთაშორისო ადმინისტრაციის შექმნის შეთავაზებით გამოიხატება, ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს დევნილების საკითხის გადაჭრა და მათ პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებსო, თქვა სერგეი შამბამ.

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელმა მოსკოვში ქართულ მხარესთან მოლაპარაკებათა განახლების პირობა დადო, შამბას განცხადებიდან ცხადია, რომ სეპარატისტული ხელისუფლება სიჯიუტეს განაგრძობს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული და რუსული მხარეები აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საკითხებზე შეთანხმებას მოახერხებენ, როგორ მოხდება სეპარატისტთა წინააღმდეგობის დაძლევა, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ ასე ახსნა:

[მერაბ ანთაძის ხმა] „ჩვენ ამ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ რუსეთთან ერთად მოვნახოთ რაღაც გარკვეული მიდგომა, შევთანხმდეთ ამ მიდგომაზე, რომელიც შემდეგ რუსეთმა უნდა გააზიარებინოს აფხაზურ მხარეს. თუ მოხდა რაღაც გარკვეულ ეტაპზე ჩვენი პოზიციების შეჯერება რუსეთთან, მერე ამ პოზიციებს, ვთქვათ, გაიზიარებს აფხაზური მხარე. არ არის გამორიცხული, ფორმატი გაიზარდოს და არამარტო აფხაზური მხარე ჩაერთოს, არამედ ჩაერთოს ყველა მონაწილე მხარე."

როგორც ჩანს, ამგვარი ფორმატი, ანუ რუსეთთან მოლაპარაკებით აფხაზ სეპარატისტებზე ზეწოლა, გაცილებით ეფექტური მექანიზმია, ვიდრე მრავალმხრივი მოლაპარაკება, მაგალითად, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. საბჭოში ურთიერთხელსაყრელი შეთანხმება რომელიმე მხარის უარის თქმით იბლოკებოდა და სწორედ ამიტომაც მისი შეკრება, აფხაზ სეპარატისტთა წყალობით, თითქმის 2 წელია არ ჩატარებულა.
XS
SM
MD
LG