Accessibility links

logo-print

რა რეკომენდაციები შეიმუშავა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-5 სხდომამ


საქართველო -ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომები ყოველწლიურად მონაცვლეობით იმართება ბრიუსელსა და თბილისში. როგორც წესი, ამ კომიტეტზე გაცემული

რეკომენდაციები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში საქართველოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება. კომიტეტის რიგით მეხუთე შეხვედრას ბრიუსელი 16-17 ივნისს მასპინძლობდა. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ეს უკანასკნელი შეხვედრა ყველა წინამორბედ შეხვედრაზე წარმატებული იყო, რეკომენდაციებისა და განცხადებების მნიშვნელობის მიხედვით. ბრიუსელში გამართული სხდომის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის სახელით, დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე იყო.

ვიდრე საქართველო-ევროკავშირის კომიტეტის რიგით მეხუთე შეხვედრის რეკომენდაციებიდან უმთავრესზე გადავიდოდეთ, მცირე წინაისტორია: საუბარია ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტში წარდგენილ პროექტზე, რომელიც სამეზობლო ინიციატივის სახელწოდებითაა ცნობილი. ინიციატივა, ევროკავშირის გაფართოების პარალელურად, ევროკავშირის მეგობარი ქვეყნების სარტყლის შექმნას გულისხმობს. სარტყელში მოხვედრილ ქვეყნებში ევროკავშირის მიზანმიმართული პოლიტიკა ამ ქვეყნებში არსებული სტანდარტებისა და ნორმატივების ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმატივებთან უნიფიცირებას გულისხმობს. ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ასევე კონფლიქტების პრევენცია და მოწესრიგება და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაცია, ლეგალური სამუშაო მიგრაცია და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ზედგამოჭრილია საქართველოსთვის, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არ შედის ევროკავშირის მეგობარი ქვეყნების ზემოხსენებულ ჩამონათვალში, ძირითადად, გეოგრაფიული მოტივაციის გამო. ბრიუსელში გამართული კომიტეტის სხდომამ, პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით გადადგა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით სერიოზული ნაბიჯი:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]"ჩვენმა კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხზე და რეკომენდაცია მისცა ევროკომისიას, - ბუნებრივია, თავად ევროპარლამენტსაც, - რომ არა მარტო საქართველო, არამედ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო იყოს ჩართული ამ ახალი სამეზობლო ინიციატივის სქემაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან სერიოზულად უყურებენ სამხრეთ კავკასიას."

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ბრიუსელში ქართულ მხარეს ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩთან ერთად წარმოადგენდა, კომიტეტის რიგით და მნიშვნელობით მეორე რეკომენდაციად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს შანსი უჩნდება ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობისას ეგრეთ წოდებული პრეფერენციული სტატუსით ისარგებლოს. ასეთივე სტატუსი ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მიანიჭა.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ახალი სუბიექტისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება ხოლმე შესვლა ევროპის ბაზარზე და ასეთი პრევენციული სისტემის შემოღების შემთხვევაში ეს შესაძლებლობა ჩნდება, რეალური შესაძლებლობა ჩვენი საქონლის შესვლისათვის."

დეპუტატი ხმალაძე საქართველო-ევროკავშირის კომიტეტის მეხუთე სხდომის მნიშვნელოვან შედეგად მიიჩნევს იმასაც, რომ კომიტეტმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მკვეთრად უარყოფითად შეაფასა რუსეთის ფედერაციის როლი ქვეყნის სუვერენიტეტის სისტემატური იგნორირების გამო. კომიტეტის მუშაობის ამ უკანასკნელ დასკვნას 20 ივნისს განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
XS
SM
MD
LG