Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თესალონიკეში გრძელდება ევროპის კავშირის სამიტი


საბერძნეთის ქალაქ თესალონიკეს მახლობლად, კურორტ პორტო კარასში, პარასკევს გრძელდებოდა ევროპის კავშირის სამიტი. გახსნის დღეს, ხუთშაბათ საღამოს, იმიგრაციის პრობლემასთას ერთად,

რაც პარასკევსაც გაგრძელდა, სამიტის მონაწილეებმა საერთაშორისო პოლიტიკის ცხელ წერტილებს დაუთმეს დრო და ყურადღება - ირანზე, ერაყსა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე იმსჯელეს. პარასკევსვე შეხვედრის მონაწილეებმა გლობალური უშიშროების დოქტრინა და კავშირის ახალი კონსტიტუცია დაამტკიცეს.
პორტო კარასის გარშემო უშიშროების უმკაცრესი ზომების პირობებში - იქაურობას 15 ათასი პოლიციელი იცავს, დემონსტრაციათა მოლოდინში - სამიტი გაგრძელდა. მონაწილეებმა სწრაფად უყარეს კენჭი და მიიღეს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ღონისძიებები: მომავალ წლებში კავშირის წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან ერთმანეთში შეათანხმონ სავიზო პოლიტიკა, შექმნან სავიზო-საინფორმაციო სისტემა, კოორდინაცია გაუწიონ ერთმანეთში საზღვრის დაცვას, აგრეთვე თავი დაადგან არალეგალური იმიგრანტების უკან გაბრუნების საქმეს. სამიტმა უარყო ბრიტანეთის წინადადება, რომელსაც დანიაც მიემხრო. ლაპარაკია კავშირის სახელმწიფოთა გარეთ თავშესაფრის მაძებართათვის საგანგებო ბანაკების შექმნის იდეაზე. სამიტზე შეკრებილთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედება საერთაშორისო კანონის საფუძვლებს ეწინააღმდეგება. მოკლედ გეტყვით, რომ ერაყის აღდგენის გეგმა სამიტმა ოფიციალურად დაამტკიცა. 20-დან 24 ივნისამდე კავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ "საკოორდინაციო კონფერენციაში" ამ თემაზე. პარასკევის სხდომის თემა იყო ევროპის კავშირის ახალი კონსტიტუცია, რომელიც სამთავრობო კონფერენციის მიერ მომავალი წლის მარტამდე საბოლოოდ უნდა დაიხვეწოს. სამიტის მონაწილეთა საერთო აზრით, კონსტიტუციის ეს ვარიანტი კარგ საფუძველს ქმნის მასზე შემდგომი მუშაობისათვის. პარასკევის სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის კავშირის უშიშროების დოქტრინას დაეთმო. ბოლო ხანს კავშირი ემხრობოდა ძალის გამოყენებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც შეეცდებოდნენ უკანონოდ შეექმნათ მასობრივი განადგურების იარაღი. უფრო ფრთხილია დოქტრინის ტონი. მასში წერია, რომ კავშირის წევრი 25 სახელმწიფო მსოფლიოს საერთო შემოსავლის მეოთხედს აწარმოებს და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც უნდა გაინაწილოს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ ხაზგასმით შენიშნა, რომ ევროპის კავშირის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი აშშ-ის მკაცრი მიდგომისგან განსხვავდება: [პაპანდრეუს ხმა] "ევროპის კავშირი დემოკრატიას უჭერდა მხარს მსოფლიოში, ემხრობოდა რა ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიას. ეს არ უნდა გაიგივდეს რეჟიმის შეცვლასთან, რაც საეჭვო კონცეფციაა. რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა შეცვალოს ვინმემ რეჟიმი და როგორი რეჟიმის შეცვლა უნდა მოინდომოს ვინმემ ან რად შეცვლა? ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა ვემხრობოდეთ ამას, რადგან რისი თქმაც ჩვენ გვსურს, ერთობ დადებითი მუხტის მატარებელია: ჩვენ მსოფლიოში დემოკრატიას უნდა დავეხმაროთ". ევროპის კავშირი ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო ღონისძიებას აღიარებს, მაგრამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეთოდებს უპირატესობას ანიჭებს.

კავშირის მიერ უშიშროების დოქტრინის მიღების კონტექსტში საინტერესოა მისი აზრი ირანისადმი აშშ-ის დამოკიდებულებაზე, რის შესახებაც ამ სამიტის დროსაც ილაპარაკეს. განსხვავებით აშშ-ისაგან, რომელიც კატეგორიულია ირანის მიმართ, ევროპის ქვეყნები ამ მაჰმადიანური ქვეყნისადმი უფრო რბილი პოლიტიკის მომხრენი იყვნენ და მას ბუშისეულ "ბოროტების ღერძის" ნაწილად არ მიიჩნევდნენ. ახლა, თითქოს, შეიცვალა კაშირის დამოკიდებულება ირანის მიმართ, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანი არ არის მზად ინსპექტორებს მისცეს საშუალება დაათვალიერონ მისი ყველა ბირთვული ობიექტი. ხომ არ იწყებს ევროპის კავშირი საფრთხის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების გაზიარებას? ამ შეკითხვას პასუხს აძლევს აშშ-ის მარშალის ცენტრის მიმომხილველი ბერი პოსენი: აშშ-ისა და ევროპის კავშირის პოზიციები შორს არის თანხვედრისგან. მაგრამ, ამბობს ამერიკელი ანალიტიკოსი, აშშ-ის თვალსაზრისის მიმართულებით ევროპელები დაიძრნენ მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ ტერორისტების ან იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას თუ შეძენას ესწრაფვიან, შეიძლება ძალის გამოყენება, გაეროს ნებართვით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG