Accessibility links

logo-print

492-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 492-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, დღეს გადაცემას ტრადიციისამებრ "მეათე სტუდიაში" განვაგრძობთ და ჯერ მოგითხრობთ, რა შეიტყო ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი ინიციატივის შესახებ, შევეხებით დემოკრატიის კრიზისს, რომელზეც ბოლოხანს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ალაპარაკდნენ და გაგაცნობთ პუბლიცისტ ნოდარ ლადარიას მოსაზრებებს საქართველოს დღევანდელობაზე ერთი ახალი წიგნის შესახებ. დღეს გიამბობთ აგრეთვე ქართული სიმღერის დღეებზე გერმანიაში. ბოლოს კი გამოვეხმაურებით მსოფლიო კინოს ვარსკვლავის, გრეგორი პეკის გარდაცვალებას. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.
[მუსიკა]

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი ინიციატივა
კობა ლიკლიკაძე, თბილისი

წამყვანი:
რამდენიმე დღეა, ყოველდღიურ გაზეთ "24 საათის" ფურცლებზე დისკუსია გაჩაღდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ახალ პროექტზე, რომელსაც "თქვენი აფხაზეთი" ეწოდება და რომელიც ჟურნალისტებმა ყველაზე ავანტიურისტულ პროექტად მონათლეს. თუ ვინ არიან პროექტის ავტორები და რატომ ეწოდა ამ წამოწყებას ავანტიურისტული, ამის გარკვევას ჩვენი თბილისელი თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე შეეცადა. გთავაზობთ მის მიერ მომზადებულ მასალას.

კობა ლიკლიკაძე:
[დავით თევზაძის ხმა] "მე მინდა, გახსოვდეთ, რომ დამპყრობლის აჩრდილი დღესაც არის წამომდგარი საქართველოზე; მე მინდა, გახსოვდეთ, რომ დედა საქართველოდან მოწყვეტილი სამაჩაბლო და აფხაზეთი ჯერ კიდევ ელოდება თავის გმირს. და ეს გმირი თქვენ ხართ, თქვენ უნდა დაეხმაროთ წაქცეულს ადგომაში, თქვენ უნდა მოუბანოთ წყლულები ჭრილობებიდან და თქვენ უნდა მტრის სისხლით ჩამორეცხოთ ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს."

ასე მიმართავდა სულ რაღაც სამი თვის წინ დავით თევზაძე 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი იუნკრების მემორიალთან თავის ხელქვეითებს, კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლებს. მაგრამ რამდენად გულწრფელია სამხედრო უწყების ხელმძღვანელი? რამდენად სჯერა მას, რომ სწორედ "მტრის სისხლით", ანუ ბრძოლის გზით, არის ჩამოსარეცხი ის შეურაცხყოფა, რომელიც საქართველომ აფხაზეთში სამხედრო მარცხით განიცადა?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატში ამავე აპარატის უფროსის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ სიმონ კობეშავიძისა და მინისტრის აკადემიკოს-თანაშემწის ვახტანგ მდივნის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ომით აფხაზეთის დაბრუნების იდეა თავად სამხედრო წრეებშიც აღარ სარგებლობს დიდი მხარდაჭერით.

ყოველ შემთხვევაში, როგორც პროექტ "თქვენი აფხაზეთის" კოორდინატორი თორნიკე ბერიშვილი აცხადებს, თავდაცვის სამინისტროს კედლებში შემუშავებული ახალი ხედვის ავტორები ვარაუდობენ, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების შემთხვევაში აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდება: [თორნიკე ბერიშვილის ხმა] "თვითონ თავდაცვის სამინისტრომ ასეთი არგუმენტირებული რამე თქვა: წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ძალით დავიკავეთ აფხაზეთის ტერიტორია, ის პარტიზანული მოძრაობა, რომელიც ახლა საქართველოს მხრიდან არის, ხომ, რასაკვირველია, ცალსახად იქნება აფხაზეთის მხრიდანაც. ესე იგი ჩვენ მზადა ვართ, საქართველო, რომ ჩვენს ტერიტორიაზე პარტიზანულ მოძრაობას მოვერიოთ? შიდა ომი გვქონდეს? ამიტომ ალტერნატივა თანაცხოვრებას, ალბათ, არა აქვს."

მაგრამ თანაცხოვრების როგორ პოლიტიკურ ფორმას მიიჩნევენ ავტორები მისაღებად? აკადემიკოს ვახტანგ მდივნისა და ვიცე-პოლკოვნიკ სიმონ კობეშავიძის პროექტში აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, ოღონდ აფხაზეთის დე-ფაქტო არსებული ტერიტორიის მხოლოდ გარკვეულ ნაწილში. ეს იქნება რაღაც სან-მარინოს მსგავსი სახელმწიფო წარმონაქმნი, სადაც იარსებებს თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპი. ერთი სიტყვით, ეს არის ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში არსებული მოდელისა, რომელსაც ეწოდება "ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ,"ოღონდ რამდენიმე აუცილებელი პირობის გათვალისწინებით: [თორნიკე ბერიშვილის ხმა] "პირობა იყო, რომ დამოუკიდებელ აფხაზეთს არ ჰქონდეს საზღვარი რუსეთთან. და პლუს ამას კიდევ, რომ იქ ბრუნვაში იყოს ქართული ფული. დანარჩენი, ასე ვთქვათ, გაეროს წევრობა, ელჩები, შიდა მოწყობა - ეს ყველაფერი მათი საქმე იყოს. ნუ, ეს არის რაღაც პირობითი შეთავაზება, რომელზეც პასუხი ან იქნება, ან არა."

ვინაიდან პროექტი ამოვარდნილია ქართული პოლიტიკური კონიუნქტურის ჩარჩოებიდან და თანაც სამხედრო უწყების კედლებში იშვა, თავად ავტორებმაც კი მას ავანტიურისტული უწოდეს და არ გამორიცხავდნენ, რომ ასეთი ნააზრევის გამჟღავნებას სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვებოდა. "ამის გულისთვის ჩვენ შეიძლება თავიც კი მოგვაჭრან," ხუმრობით განაცხადა აკადემიკოსმა ვახტანგ მდივანმა გაზეთ "24 საათში" მოწყობილი სადისკუსიო მაგიდის დროს.

მართალია, თავი მათთვის ჯერ არავის მოუჭრია, მაგრამ პროექტის ავტორებს უკვე აუკრძალეს პრესასთან ამ საკითხზე ურთიერთობა. თუმცა, როგორც პროექტ "თქვენი აფხაზეთის" კოორდინატორი თორნიკე ბერიშვილი აცხადებს, ყოველკვირეული დისკუსიები აფხაზეთის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე გაგრძელდება და ამ დისკუსიებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და ქართველი და აფხაზი დამოუკიდებელი ექსპრეტებიც მიიღებენ მონაწილეობას, მით უფრო, რომ აფხაზეთის წარმომადგენლებთან გამართულმა რამდენიმე შეხვედრამ აჩვენა, რომ ასეთი პროექტები შეიძლება დიალოგის იმპულსადაც იქცეს.

კობა ლიკლიკაძე რადიო "თავისუფლებისათვის", პრაღა
[მუსიკა]

საქართველო და დემოკრატიის კრიზისი
თამარ ჩიქოვანი

წამყვანი:
დიალოგი, მოსაზრებების გაცვლა და შეჯერება, რომლის შესახებაც ახლა, კობა ლიკლიკაძის მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ ვისაუბრებთ, უფრო მასშტაბურ პრობლემას ეხება. ამ ცოტა ხნის წინათ სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში "ახალი ინსტიტუციური და სოციალური მეცნიერებების ცენტრის" ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ამერიკელ, ფრანგ, მექსიკელ და იტალიელ მეცნიერებთან ერთად ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ. კონფერენციის ერთერთი თემა კი გახლდათ დღეს მსოფლიო მასშტაბით გამოკვეთილი ტენდენცია - დემოკრატიის კრიზისი. თამარ ჩიქოვანი კონფერენციის ქართველ მონაწილეებს ესაუბრა.

თამარ ჩიქოვანი:
ქართველ მეცნიერთაგან სენტ-ლუისში გამართულ კონფერენციაში გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სანდრო თვალჭრელიძე და საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი გია ჟორჟოლიანი მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელის მოხსენების თემა იყო: "დემოკრატია როგორც მითი - პოსტსაბჭოთა გამოცდილება." გია ჟორჟოლიანის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც 80-90-იანი წლების მიჯნაზე დემოკრატიაზე ოცნებობდნენ, დღეს დემოკრატიით იმედგაცრუება შეინიშნება. ამ იმედგაცრუების მიზეზს იგი ასე ხსნის: [გია ჟორჟოლიანის ხმა] " ყველა ის პოლიტიკური სისტემა, რომლებიც ჩამოყალიბებულია, მუშაობს და ეფექტურია, ისტორიულად ჩამოყალიბდა ამ ქვეყნების გარკვეული გამოცდილების საფუძველზე, თვითონ ამ ქვეყნების, ამ ხალხების გამომუშავებული წესების საფუძველზე. ერთ-ერთი ძირითადი თემა ამ კონფერენციაზე იყო სოციალური კონტრაქტის მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება რაღაცნაირად შეთანხმდა, რა წესით უნდა იცხოვროს, როგორი იქნება ეკონომიკა, როგორია ამ საზოგადოების ტრადიციები, როგორია შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტები. სოციალური კონტრაქტი არ ნიშნავს, რომ ყველგან ერთნაირი იყოს ეს კონტრაქტი. ჩვენ ზოგჯერ ილუზიები გვაქვს - გამოვიყენოთ გამოცდილება. ეს მაგალითები რომ ეფექტური იყოს, საფრანგეთში და ინგლისში იქნება იდენტური პოლიტიკური სისტემა - იქაც იქნება კონსტიტუციური მონარქია. ერთმანეთის გვერდზე არიან და ჩვენზე უკეთ იციან, როგორ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული."[სტილი დაცულია]

გია ჟორჟოლიანის შენიშვნით, დღეს ყველა აღიარებს, რომ ის ფასეულობები, რაც, ასე ვთქვათ, ძველი დემოკრატიების ქვეყნებისთვის ბუნებრივია, არ ამართლებს ახალი დემოკრატიების ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დემოკრატიის ქვეყნები სწორედ უკვე არსებული გამოცდილების გამოყენებას ცდილობენ: [გია ჟორჟოლიანის ხმა] " ნათელი გახდა, რომ ყველა ეს მიმართულება მუშაობდა გარკვეულ კონტექსტში. ეს კონტექსტი იყო სამართლებრივი სახელმწიფო, ეს კონტექსტი იყო ლიბერალური ნორმები და, რაც მთავარია, ამას წინ რაღაც უძღოდა, რასაც მორალური ფილოსოფია ჰქვია. რა იყო ეს მორალური ფილოსოფია? - რელიგია. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამის დამკვიდრებას ცდილობდა, რაც უნდოდათ, ის ელაპარაკათ. მანამდე - მოგეხსენებათ, რელიგია ყოვლისმომცველი მსოფლმხედველობაა, ადამიანის მთელ მენტალობას განაპირობებს. და მან იცოდა, რომ ტყუილის თქმა არ შეიძლება. დღეს, დღევანდელი პოლიტტექნოლოგიების პირობებში, საბჭოთა ათეიზმის გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ეს კრიტერიუმები არ გვაქვს."[სტილი დაცულია]

რამდენად ამართლებს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს კიდევ ერთი მახასიათებელი - მრავალპარტიულობა, რაც ხალხის წარმომადგენლობის გარანტია უნდა იყოს? გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ საქართველოში პარტიები საზოგადოების წარმომადგენლები არ არიან. და აი, რატომ: [გია ჟორჟოლიანის ხმა] " რით განსხვავდებან მთელი რიგი პარტიები ერთმანეთისგან? ის, რომ შევარდნაძე არ მოსწონთ - ასეთი უამრავია. თუ ეს ხელისუფლება არ მომწონს, როგორ უნდა გავაკეთო არჩევანი? 5 სუბიექტი მეუბნება - მეც არ მომწონს. ამით მე ხუთივესთან ვარ იდენტური და არა რომელიმე ერთთან. ის, რომ რომელიმე მათგანთან ცხოვრების წესით ვკავშირდები, როგორც მოქალაქე - კლასობრივი საზოგადოება ჩვენ არ გვაქვს. ასეთი ფუნდამენტური კითხვა დავსვათ - რა წესით უნდა განვსაზღვროთ ეს წარმომადგენლობა? და მკრეხელური კითხვაც შეიძლება დაისვას - არის კი პარტიები ის პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელმაც ეს შეიძლება განახორციელოს?"[სტილი დაცულია]

ამ კითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს. მაგრამ, გია ჟორჟოლიანის აზრით, აუცილებელია სიტუაციის გააზრება და სიმართლის აღიარება, შემდეგ კი - გამოსავლის ძიება. ამის გარეშე, კვლავ განვაგრძობთ იმ გზით სიარულს, რომელმაც, საეჭვოა, იმ საზოგადოებამდე მიგვიყვანოს, რომელზეც ჩვენ ყველანი 80-იანი წლების ბოლოს ვოცნებობდით.

თამარ ჩიქოვანი რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი
[მუსიკა]

გიგი თევზაძის ახალი წიგნი "საქართველო: ძალაუფლების დაბრუნება"
დავით პაიჭაძე

წამყვანი:
სიტუაციის გააზრებას და სიმართლის აღიარებას, ცხადია, არა მარტო თამარ ჩიქოვანის თანამოსაუბრე, გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს აუცილებლად. ერთი ციტატა მოისმინეთ: "viTareba, romlis aRwera vcade am wignSi, miuTiTebs, rom Cven dabrunebuli Sua saukuneebis Zalauflebis sivrceSi aRmovCndiT. isic TiTqosda cxadia, rom radikaluri cvlilebebis gareSe Cveni momavali istoria SeiZleba erTi mxriv, Zalauflebis da demokratiis simulacias, xolo meore mxriv, dabrunebul, "pozitiur" Zalauflebas Soris qanqariT Semoifarglos. me TiTqos vcade is gzebi momeniSna, saiTkenac wasvla am cud usasrulobaSi gadagvagdebs, magram, vfiqrob, rom cxadi aRwera imisa, Tu riTi unda moxdes arsebuli totaluri mimarTulebebis Canacvleba, ar momicia". am sityvebiT sruldeba filosofos gigi TevzaZis axali wigni "saqarTvelo: Zalauflebis dabruneba", romelic sul erTi kviraa, rac gamosca "bakur sulakauris gamomcemlobam". Cveni kolega, daviT paiWaZe am wignze esaubra medievistsa da პუბლიცისტს, nodar ladarias.

იხ. აუდიო ვერსია

წამყვანი:
პუბლიცისტ ნოდარ ლადარიასთან ჩვენი კოლეგის, დავით პაიჭაძის ამ საუბარმა, ალბათ, არაერთ მსმენელს გაუჩინა წიგნის "საქართველო: ძალაუფლების დაბრუნება" წაკითხვის სურვილი. შეგახსენებთ - მისი ავტორია ფილოსოფოსი გიგი თევზაძე. შუა საუკუნეებს საუბარი შემდეგ სიუჟეტშიც შეეხება.
[მუსიკა]

ქართული სიმღერის დღეები გერმანიაში
დავით კაკაბაძე

წამყვანი:
ამ დღეებში ჰამბურგის, კილის, ტიუბინგენის, აუგსბურგის, მიუნხენის, საარბრიუკენის, ლაიფციგისა და გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქის უნივერსიტეტებისა თუ უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების სააქტო დარბაზებში ქართული სიმღერის ჰანგები ისმის. მსმენელთა უმრავლესობას ამავე სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეადგენენ. თანაც, მათი ინტერესის სფერო მხოლოდ პრაქტიკული მხარით, ანუ მხოლოდ სიმღერების მოსმენის სურვილით არ ამოიწურება. როგორც პროფესიონალი თუ მომავალი მუსიკისმცოდნეები, ისინი არანაკლებ დაინტერესებული არიან თეორიული ასპექტითაც. სწორედ მათი პროფესიული ცნობისწადილის დაკმაყოფილებას ემსახურება ლექცია-კონცერტების ტურნე, რომლის შესახებაც დავით კაკაბაძე გიამბობთ.

დავით კაკაბაძე:
გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტის, მარიკა ლაფაურისა და მის მიერ დაარსებული ორგანიზაციის - "ლილეს" თაოსნობით საკონცერტო-სალექციო ტურნეში მონაწილეობენ "ანჩისხატის" მომღერალთა გუნდის წევრები მალხაზ ერქვანიძე, დავით შუღლიაშვილი, დავით ზათიაშვილი და ლევან ვეშაპიძე. მათი ტურნე 11 ივნისს, კილის ქრისტიან-ალბრეხტ-უნივერსიტეტის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში დაიწყო და 23 ივნისს, ლაიფციგის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დამთავრდება. ტურნეს მიზნებზე მისი ორგანიზატორი, მარიკა ლაფაური გვიამბობს.

[მარიკა ლაფაურის ხმა]

როგორც მარიკა ლაფაურმაც აღნიშნა, მისი და მისი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ჩვენს გადაცემებში უწინაც გვისაუბრია. ასე რომ, საზოგადოება "ლილეს" არსებობა ჩვენმა მსმენელმა წესით უნდა იცოდეს. მაგრამ მარიკას მაინც ვთხოვე, კიდევ ერთხელ მოეთხრო "ლილეზე".

[მარიკა ლაფაურის ხმა]

ცხადია, "ლილეს" საქმიანობა შეუძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერის გარეშე. ამჟამინდელი საკონცერტო-სალექციო ტურნეს დაფინანსებაში, რამდენიმე კერძო ფონდთან ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიიღო მონაწილეობა. ტურნეს მომზადებისას მიღებული დახმარებისთვის მარიკა ლაფაური გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებსაც ემადლიერება.

[მარიკა ლაფაურის ხმა]

მარიკა ლაფაურს კვერს უკრავს საკონცერტო-სალექციო ტურნეს ერთ-ერთი მონაწილე, "ანჩისხატის" გუნდის ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე.

[მალხაზ ერქვანიძის ხმა]

დადებითი შედეგები კი ალბათ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ დასავლელ მუსიკისმცოდნეთა ფართო წრე ქართული პოლიფონიური მუსიკალური მემკვიდრეობით დაინტერესდეს და ხელი შეუწყოს მსოფლიოში ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, მისი სამეცნიერო კვლევის გაღრმავებას. როგორც ტურნეს კიდევ ერთი მონაწილე დავით შუღლიაშვილი ამბობს,

[დავით შუღლიაშვილის ხმა]

შემეცნებითი და ესთეტიკური მხარეების გარდა, როგორც იმავე დათო შუღლიაშვილისგან შევიტყეთ, ლექცია-კონცერტებს ჰქონდა კიდევ ერთი ასპექტი - ემოციური.

[დავით შუღლიაშვილის ხმა]

[მუსიკა]
მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, გრეგორი პეკი ცოცხალი აღარ არის
მარიამ ჭიაურელი

წამყვანი:
დათო შუღლიაშვილმა, რომელსაც, ისევე როგორც მარიკა ლაფაურსა და მალხაზ ერქვანიძეს ჩემი კოლეგა, დავით კაკაბაძე ესაუბრა, უცხოეთში მყოფი ქართველები ახსენა...

საქართველოში წლების მანძილზე ჯიუტად დადიოდა ხმები, ერთი ამერიკელი კინოვარსკვლავის ქართული წარმოშობის შესახებ. 90-იან წლებში ამის თაობაზე პრესაშიც კი წერდნენ: გაზეთის სახელწოდება და სტატიის გამოქვეყნების თარიღი, მართალია, ვერ გავიხსენეთ, მაგრამ გვახსოვს, რომ მასში ლაპარაკი იყო შეერთებულ შტატებში მყოფ ქართველ სტუდენტზე, რომელმაც შემთხვევით გაიცნო გრეგორი პეკი და მისგანვე შეიტყო, რომ ცნობილი მსახიობის ბებია წარმოშობით ქართველი ყოფილა - ვინმე დომნა ნაკაშიძე. ამ ინფორმაციის გადამოწმება ინტერნეტში ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევძელით - ასე, რომ ისღა დაგვრჩენია ლეგენდა წარმოსადეგი ამერიკელი მსახიობის ქართველ წინაპრებზე ლეგენდადვე დავტოვოთ (ჯერ-ჯერობით მაინც) და მოგითხროთ იმის შესახებ, რაც გრეგორი პეკის შესახებ დანამდვილებით არის ცნობილი. ჩვენი არჩევანის მიზეზს მსმენელი, ალბათ, უკვე მიხვდებოდა: გრეგორი პეკი გასულ კვირაში, 12 ივნისს გარდაიცვალა და გვინდა, გამოვეთხოვოთ ვარსკვლავს, რომელმაც კინოს ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ფილმებით "ვინ მოკლა ჯაფარა?", "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა", "რომაული არდადეგები"...
ნაწყვეტი ფილმიდან "რომაული არდადეგები"

[ნაწყვეტი კინოფილმიდან "რომაული არდადეგები"]

ეს იყო ნაწყვეტი ზუსტად 50 წლის წინ, 1953-ში გადაღებული კინოფილმიდან "რომაული არდადეგები" - მსმენელს უთუოდ ახსოვს - ოდრი ჰეპბერნისა და გრეგორი პეკის მონაწილეობით. ჰეპბერნისაგან განსხვავებით, რომელმაც სწორედ ამ ფილმით გაითქვა სახელი, გრეგორი პეკი მაშინ უკვე ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მას წინა წელს, 1952-ში დიდი წარმატება ჰქონდა მოპოვებული ერნესტ ჰემინგუეის რომანის "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა" ეკრანიზაციით, მანამდე კი მონაწილეობდა ფილმებში "დიდების დღეები", "შენთვის ვიბრძვი".

არადა, 1916 წელს კალიფორნიაში დაბადებული გრეგორი პეკი მსახიობობას კი არა ექიმობას აპირებდა. ის ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა სტუდენტური თეატრის რეჟისორის ყურადღება მიიპყრო: "ახალგაზრდავ, თქვენი ადგილი ჩვენს სცენაზე არისო", უთქვამს რეჟისორს და ტანმაღალი, წარმოსადეგი პეკის პასუხზე, მსახიობობაზე წარმოდგენა არა მაქვსო, ასეთი კომენტარი გაუკეთებია: "თქვენი გარეგნობის კაცისთვის მაგას, აბა, რა მნიშვნელობა აქვსო!"

მაგრამ გრეგორი პეკი რიგიანი მსახიობი დადგა- ის დიდ ყურადღებას აქცევდა როლების მრავალფეროვნებას, კლიშეებისათვის თავის არიდებას. კოლეგები იხსენებენ, როგორ თქვა უარი ახალგაზრდა მასხიობმა 1952 წელს მთავარ როლზე საუცხოო ფილმში "დღის 12 საათზე" იმის გამო, რომ მანამდე უკვე განსახიერებული ჰყავდა მსგავსი "უესტერნის სუპერმენი" და როგორ მიულოცა წარმატება გარი კუპერს, რომელსაც პეკის მიერ უარყოფილი როლისათვის ოსკარი ერგო. თვით გრეგორი პეკი კი კიდევ 10 წელი ელოდა ოსკარს. სამაგიეროდ ის გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი ფილმისათვის მიიღო. ეს იყო 1962 წელს გადაღებული "ვინ მოკლა ჯაფარა", რომელშიც გრეგორი პეკი (ადვოკატ ატიკუს ფინჩის როლში) შავკანიან ბრალდებულს იცავს. "ეს გრეგორი პეკი მილიონობით ამერიკელისათვის სამაგალითო ადამიანად იქცაო" - მრავალი წლის შემდეგ ასე ასაბუთებდა ამერიკული კინოაკადემია გადაწყვეტილებას, გრეგორი პეკისათვის საპატიო ოსკარის მინიჭების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ კი გავლენიანმა "ამერიკული კინოს ინსტიტუტმა" ატიკუს ფინჩი დაასახელა ეკრანის უდიდეს გმირად ჰოლივუდის ისტორიაში.

"გრეგორი პეკი არა მარტო ამერიკული კინოს გიგანტი იყო, არამედ დიდი ჰუმანისტიც, რომელშიც დიდ ინტერესს იწვევდა ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდებოდაო", ამ სიტყვებით გამოეთხოვა მსახიობს ერთი-ერთი მისი მრავალრიცხოვანი მეგობრებიდან, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ამ სიტყვებით მან მიანიშნა კინოვარსკვლავის დაუღალავ საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, რომელზე საუბარიც ძალიან შორს წაგვიყვანდა - ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ გრეგორი პეკი წლების მანძილზე სათავეში ედგა ამერიკული კიბოს კვლევის საზოგადოებას და დაჯილდოვებულია აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი, "თავისუფლების ორდენით".

გრეგორი პეკი 12 ივნისს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაიცვალა მსახიობი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იყო აღიარებული ჰოლივუდის ულამაზეს მამაკაცად, რომელსაც თითქმის ყოველთვის კეთილშობილი, პრინციპული, ტოლერანტული ადამიანების როლებს ანდობდნენ.

[მუსიკა]

წამყვანი:
თქვენ მოისმინეთ ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია", რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო" თავისუფლების" თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით მუსიკით კინოფილმიდან "რომაული არდადეგები".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG