Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელ მიმოხილვაში გესაუბრებით ევროკავშირის სამდღიანი სამიტის შესახებ, რომელიც შაბათს 21 ივნისს დამთავრდა საბერძნეთის ქალაქ თესალონიკეს მახლობლად მდებარე ზღვისპირა კურორტ პორტო კარასში.

გაზეთ "აირიშ ტაიმსის" საკუთარი კორესპონდენტი ჯუდი დემპსი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა პორტო კარასის ფორუმზე მოიწონეს ევროკავშირის პირველი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც თექვსმეტთვიანი მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო ყრილობამ შეიმუშავა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟისკარ დესტენის ხელმძღვანელობით. ირლანდიელი ჟურნალისტი წერს:

"არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროკავშირის წამყვანმა წევრებმა: დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის უშიშროების პირველ დოქტრინას, რომელიც ამ კავშირის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანამ წარუდგინა ფორუმის მონაწილეებს. მიუხედავად იმ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებისა, ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმა რომ დაიკავეს ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხში, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები, საბერძნეთში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ევროპას კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა ესაჭიროება, რათა წარმატებით გაართვას თავი ისეთ პრობლემებს, როგორიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ტერორიზმი და ცივი ომის დროიდან შემორჩენილი ეთნიკური კონფლიქტებია".

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიმომხილველი მეთიუ კამინსკი სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის პირველი კონსტიტუციის პროექტში, რომელიც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟისკარ დესტენის თაოსნობით შეიმუშავა საკონსტიტუციო ყრილობამ, არაა კონკრეტულად განსაზღვრული ევროკავშირის ამჟამინდელი კანონები, სამაგიეროდ ახალი ფუნქციები აქვს მინიჭებული ბრიუსელს. ამერიკელი ჟურნალისტი დასძენს:

"ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ პირველი კონსტიტუციის ამოქმედებამ არსებითი ცვლილებები შეიტანოს ევროკავშირის ამჟამინდელ სტრუქტურებში."

ასეთივე აზრისაა ევროკავშირის მომავალი კონსტიტუციის შესახებ გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინეც". გაზეთი წერს:

"ჯერ ერთი, ახალი კონსტიტუციის მიღება სულაც არ გახდის ევროკავშირის საქმიანობას უფრო მეტად გამჭვირვალეს, და რაც მთავარია, ვერც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მოახდენს არსებით გავლენას. უფრო მეტიც, ახალი კონსტიტუციის მიღება ვერ დააჩქარებს რეფორმების განხორციელებას, ასე რომ ესაჭიროება ევროპის არაერთ სახელმწიფოს. ახალი კონსტიტუციის პროექტი "შუალედური" შეჩერებაა უბრალოდ, და მას გადასინჯვა დასჭირდება დრო და დრო, რასაც არაერთი შესწორების შეტანა უნდა მოჰყვეს კონსტიტუციის ტექსტში".

"ევროპის ახალი დასაწყისი" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში". სტატიაში ვკითხულობთ:

"საბერძნეთში შეკრებილი ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ ევროკავშირის პირველი კონსტიტუციის პროექტს, რომლის მომზადებას 16 თვე მოანდომა საკონსტიტუციო ყრილობამ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟისკარ დესტენის ხელმძღვანელობით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მომავალი კონსტიტუციის 400-ზე მეტი მუხლი, უმეტესწილად კომპროსულ შეთანხმებებზეა დაფუძნებული, და შედეგად მრავალ საკითხს სტოვებს საკამათოდ, და ეს მაშინ, როცა კონსტიტუციაში, ყველა საკითხი უნდა იყოს გარკვეული. უმეტესობა ცვლილებებისა, რაც ახალი კონსტიტუციის პროექტითაა გათვალისწინებული, 2009 წელს უნდა მოხდეს, ხოლო თავად კონსტიტუცია უნდა მოიწონოს ეგრედ წოდებულმა "სამთავრობათაშორისო საბჭომ", რომელიც ოქტომბერში შეიკრიბება და იმუშავებს მომავალი წლის მაისამდე, როცა ევროკავშირს 10 ახალი წევრი შეუერთდება."
XS
SM
MD
LG