Accessibility links

logo-print

პანკისში მყოფ ჩეჩნებს ამნისტია არ შეეხებათ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჩეჩნეთში მომხდარი ტერორისტული აქტების ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლება ჩეჩენი მებრძოლების ამნისტირების თაობაზე მაინც საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს. შეგახსენებთ:

ამნისტია ჩეჩნეთში 7 ივნისიდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აჰმედ კადიროვის ვარაუდით, უახლოეს ხანში იარაღს 200 მებრძოლი ჩააბარებს.


ჩეჩნეთში გამოცხადებული ამნისტიის წესი ასეთია: ამნისტია მხოლოდ იმ მებრძოლებს შეეხებათ, ვინც თავად გამოცხადდება ჩეჩნეთის პროკურატურაში და პირადად მიიღებს გადაწყვეტილების ფურცელს სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე.
შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამნისტია არ შეეხებათ იმ ჩეჩნებს, ვინც თავს პანკისის ხეობას აფარებს და ვინც, ჩეჩნეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თავს არიდებს სამშობლოში დაბრუნებას. ამას არც აჰმედ კადიროვი უარყოფს. ამ დღეებში მან სააგენტო "ნოვოსტის" განუცხადა, ამნისტია არ გავრცელდება პანკისში მყოფ ჩეჩნეთიდან დევნილებზე. მისი განმარტებით, ამნისტია მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სამშობლოში დაბრუნდება.
ბოლო მონაცემით, პანკისის ხეობაში 4 200 ჩეჩნეთიდან ლტოლვილია რეგისტრირებული. მათი უმრავლესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. ცოტა ხნის წინ პანკისში ჩასულმა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაციამ ისინი ვერ დაარწმუნა, რომ ჩეჩნეთში უსაფრთხოება გარანტირებულია და რომ შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება.
რუსეთის მხარის ამ განცხადებების მიუხედავად, პრეზიდენტი პუტინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის მიზეზს ისევ და ისევ ჩეჩენ მებრძოლებში ხედავს. 20 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად საქართველოს მარტივი პირობის შესრულება ეკისრება - არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში ბოევიკების გადასვლა. " ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ისე, რომ თავს არ მოვახვიოთ პრობლემის მოგვარების ინსტრუმენტები - ოღონდ გვითხარით, როგორ. ჩვენ თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაზე თანახმანი ვართ, ოღონდ ეს ერთობლივი ინტენსიური მუშაობა უნდა იყოს. ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად კომპრომისებზე წასვლაა აუცილებელი," - განაცხადა პუტინმა.

საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, ნაკლებ სავარაუდოა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში ჩეჩნების გადასვლის შესაძლებლობა. პირიქით კი, სავსებით შესაძლებელია, მოხდეს. რაც შეეხება ერთობლივ საქმიანობას, ქართველი მინისტრის თქმით, მისი უწყება ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას სიამოვნებით გამოიყენებდა. რაც შეეხება ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას, ვალერი ხაბურძანიას აზრით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.
როგორც ჩანს, ჩეჩნეთის ფაქტორი დიდხანს დარჩება გამაღიზიანებლად ორი ქვეყნის ურთიერთობაში. კომპრომისის აუცილებლობის აღიარების მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩეჩნეთის კონფლიქტის სამშვიდობო გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო არარეალურად გამოიყურება. შესაბამისად, პანკისში მყოფი ჩეჩნებიც არ იჩქარებენ სამშობლოში დაბრუნებას. ამას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებიც გრძნობენ. 21 ივნისს გავრცელებული ცნობის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია განიხილავს პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი დევნილებისთვის სოციალური დახმარების პროგრამის განახლების შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG