Accessibility links

logo-print

ხელისუფლება სავალუტო ფონდს გარღვეული ბიუჯეტით და "კარის ინტრიგებით" ხვდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოში განვითარებული მოვლენები, ძირითადად, სახელმწიფო მინისტრისა და მირიან გოგიაშვილის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საგულისხმოა,

რომ სავალუტო ფონდის ვიზიტის წინ ხელისუფლებამ "განტევების ვაცის" ძიება დაიწყო და შეუსრულებელი ბიუჯეტის ფონზე, ამ მხრივ, ფინანსთა მინისტრზე უკეთეს კანდიდატურას ვერც ინატრებდა.
სიმპტომატურია ისიც, რომ მთავრობა ამთავითვე გვაჩვევს პატურ სიტუაციას ეკონომიკაში და გადაჭარბებული პესიმიზმით სიტუაციის ზედმეტ დრამატიზირებასაც ახდენს, რაც აქამდე არ გაუკეთებია და, უფრო პირიქით, სიტუაციის ლაჟვარდოვან ფერებში დახატვას ცდილობდა. სავალუტო ფონდის საქართველოდან წასვლის წინასწამერტყველება ჯერ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაახმოვანა, ხოლო შემდეგ მას არც სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები ჩამორჩნენ, რითაც შემზადდა ფონი, რომლის მიხედვითაც, თუ ფონდმა მართლაც შეწყვიტა პროგრამის დაფინანსება, ხელისუფლება ხელს "განტევების ვაცზე" შეიწმენდს და თავისი პროგნოზის რეალურობას დაგვიდასტურებს, ხოლო თუ ფონდის ემისრებმა დაგვინდეს და ნანატრი ტრანში და ყველა მისი თანამდევი "სიკეთე" გამოგვიყვეს, ესეც ხელისუფლების საჭირო მომენტში მობილიზებას მიეწერება და არჩევნების წინ სერიოზულ კოზირად ჩაეთვლება კანცელარიასთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალებს.
ორსავე შემთხვევაში გაოცებას იწვევს უსუსურობა ხელისუფლებისა, რომელიც აქამდე სირაქლემის პოზას ამჯობინებდა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს სახალხოდ, გულდაგულ არ აღიარებდა. "ხალხისათვის სიმართლის თქმის" სინდრომით მთავრობა არასოდეს ყოფილა "დაავადებული" და ბოლოდროინდელი პესიმისტური პასაჟები მათ გამოსვლებში მდგომარეობის უკიდურეს სირთულეზე უნდა მეტყველებდეს.
მაშინ, როდესაც აღმასრულებელი რგოლი სრულიად უუნაროა და საკანონმდებლო ხელისუფლება ასევე - დეზორგანიზებული, უკეთესს, ალბათ, არც უნდა მოველოდეთ.
გასულ კვირაში პოლიტიკურმა კონიუნქტურამ და არჩევნების მოახლოებამ თავისი კორექტივი შეიტანა მთავრობის სხვადასხვა ქმედებებში. საპენსიო დავალიანებების ობლიგაციებით გასტუმრების თემამ, სახაზინო ვალდებულებებით სპეკულირებამ და საბიუჯეტო კლოუნადამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ წინასაარჩევნოდ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია არც საკუთარ თავს დაზოგავს და არც ჩვენ ლოკალური მიზნების მისაღწევად.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის თემას, რომელიც დროდადრო წამოიწევს ხოლმე პოლიტიკურ წრეებში, აქაც საინტერესო აქცენტები გაკეთდა, რასაც პირდაპირ შედეგად სახელმწიფო მინისტრისა და ქვეყნის პირველი ფინანსისტის დაპირისპირება მოჰყვა. ექს-პირველი ანტიკორუფციონერი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი იმდენად გამოვიდა მდგომარეობიდან, რომ მედიას საბიუჯეტო პრობლემებში დამნაშავე ყველა კონკრეტული პირის დასახელებას შეჰპირდა და დამატებითი ინტრიგა შეიტანა ამ დაპირისპირებაში. თუმცა პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ მირიან გოგიაშვილის შეპირებული მრისხანე ტონი საგრძნობლად შერბილდა და ფინანსთა მინისტრი საგანგებო პრესკონფერენციაზე მხოლოდ კარგად ნაცნობი "ქურქის ზღაპრებით" დაკმაყოფილდა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგიაშვილის განცხადებით, ფონდის ჩამოსვლამდე მთავრობას თითქოს რეკომენდაციები პრაქტიკულად შესრულებული აქვს, "შუბი ხალთაში არ იმალება" და არც ემისრები არიან გულუბრყვილონი, რომ ვერც მზარდი საბიუჯეტო ხვრელი შეამჩნიონ და კონტრაბანდულ ოაზისებზეც თვალი დახუჭონ.
არანაკლები პრობლემებია ენერგეტიკის სფეროში, სადაც ვერა და ვერ ხერხდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების ზრდა და ვერც ტარიფის ძველ დონეზე აღდგენა მოასწრო მთავრობამ.
მართალია, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ხარჯების ოპტიმიზაციის პაკეტი, რაც 85 მილიონიან შემცირებას ითვალისწინებს, მაგრამ მაშინ, როდესაც 5 თვის განმავლობაში საბიუჯეტო მაჩვენებლების გეგმა მხოლოდ 33 პროცენტით არის შესრულებული, ძნელი დასაჯერებელია, ეს საკმარისი გახდეს.
საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მთავრობა სეკვესტრის ორ ეტაპად განხორციელებას გეგმავს: "პირველად იმისათვის, რომ დაანახვოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბიუჯეტის სეკვესტრის ფაქტი პარიზის კლუბში ვალების გადავადების პროცესის მხარდასაჭერად და თანაც შეჰპირდეს მომავალში შემოსავლების გაზრდას. და თუ ასე არ მოხდა, ისევ სეკვესტრს მოითხოვს, რასაც უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ განახორციელებს," - ფიქრობს გოცირიძე.
გასულ კვირაში სახელმწიფო უშიშროების საბჭოზე ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი ოპერატიული სამძებრო ფუნქციებით აღჭურვეს, რითაც, ფაქტობრივად, ფინანსური პოლიცია შეიქმნა, რომელმაც კონტრაბანდისტებს აწ უკვე დამატებითი უფლებამოსილებით უნდა შეუტიოს.
ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ კონტრაბანდას და იქიდან მისაღებ პოტენციურ შემოსავალს გასულ კვირაში კიდევ ერთი თათბირი მიეძღვნა, რომელშიც ეკონომიკურ ბლოკთან ერთად დონორი ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. კანცელარიაში ამ მიმართულებით სპეციალური შტაბიც შექმნეს, თუმცა ნავთობპროდუქტების კონტრაბანდაში ჩართულ გავლენიან სახელებს თუ გავითვალისწინებთ, ადვილი პროგნოზირებადია, თუ რით დაასრულებს მორიგი შტაბი თავის მოღვაწეობას და რა ოდენობის თანხები წამოვა ბიუჯეტში ამ სეგმენტიდან.
მოკლედ, გასული კვირა, ძირითადად, ინტენსიური თათბირებით, ტრადიციული ინტრიგებით და დიდი მოლოდინით გამოირჩეოდა. ორშაბათიდან თბილისს სავალუტო ფონდის მისია ესტუმრება, რომელსაც პაოლო ნეუჰაუზი უხელმძღვანელებს. ამ ვიზიტის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და მათი ვერდიქტიც ბევრი ინტრიგის კვანძს გახსნის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რამდენად გაიზიარებს მისია ქართული მხარის არგუმენტებს და საბოლოოდ დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს პარიზის კლუბის ფარგლებში კრედიტორებთან მოლაპარაკებისას. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ხელისუფლებას საკუთარი პრობლემების მოგვარების საკითხი სწორედ დონორების სტუმრობის წინ ახსენდება და თანაც ამ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ გაჭიანურებული თათბირებითა და ინტრიგების ხლართვით ცდილობს. თუმცა ეს უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციად იქცა და ბევრს აღარავის აკვირვებს.
XS
SM
MD
LG