Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა იცავდეს თუ არა იმუნიტეტი საქართველოს პარლამენტის წევრებს


ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დამნაშავეთა სამყარო თავშესაფრად იყენებს. ამ შეფასების ობიექტურობა საკამათოა, თუმცა კი პარლამენტარის

იმუნიტეტი დამნაშავეს სამართალდამცავი ორგანოებისგან თავის დაღწევის საშუალებას ნამდვილად აძლევს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მოახლოებული არჩევნების წინ, რადგან არის საშიშროება, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში კრიმინალური წარსულის მქონე დეპუტატებმა იმრავლონ.

ამჟამად მოქმედი იმუნიტეტი დეპუტატებს სამართალდამცავი ორგანოებისგან იცავს და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დეპუტატის დაკავება მხოლოდ პარლამენტის თანხმობითაა შესაძლებელი. დღევანდელი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთ დეპუტატს, ბორის კაკუბავას, მოუხსნეს იმუნიტეტი და რამდენიმეთვიანი მიმალვის შემდეგ მას ხელშეუხებლობა კვლავ აღუდგინეს. იმუნიტეტის შეძენის მეშვეობით, ანუ არჩევნებში გამარჯვებით,შეძლო ყოფილმა კავშირგაბმულობის მინისტრმა და ამჟამად ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ შეეწყვიტა სამართალდამცველებისგან მალვა. არის სხვა მაგალითებიც, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

საკანონმდებლო ორგანოს კრიმინალთა თავშესაფრად ქცევის პერსპექტივიდან თავის დაღწევის მიზნით, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაქარია ქუცნაშვილმა საკონსტიტუციო კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც პარლამენტართა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ამჟამად კანონპროექტი განხილვის სტადიაშია და, თუ დაინტერესებულმა მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა მოახერხეს, კანონპროექტი პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე შეიძლება კენჭისყრაზეც კი დადგეს.

21 ივნისს სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" პარლამენტარებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ქუცნაშვილის კანონპროექტზე იმსჯელეს. „აირის-საქართველოს" წარმომადგენლის იურისტ დავით უსუფაშვილის განცხადებით:

[უსუფაშვილის ხმა] „იმუნიტეტის ბოროტად გამოყენების ფაქტებმა ცალკეული დეპუტატებისა თუ მთლიანად პარლამენტის მიერ, როდესაც კოლეგა დეპუტატების მიმართ არ იყენებენ იმ ზომას, რასაც საღი აზრი მოითხოვს, არ უნდა მიგვიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ იმუნიტეტი საერთოდ არ არის საჭირო."

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას სულაც არ ითვალისწინებს, ის მხოლოდ იმუნიტეტის შეკვეცისკენაა მიმართული. იმუნიტეტი, ზოგადად, კანონმდებლებს ხელისუფლების მხრიდან არასასურველი ზემოქმედებისაგან იცავს. ქართულ რეალობაში ეს გაცილებით გამძაფრებულია, რადგან ნებისმიერი არასასურველი კანონმდებლის მიმართ შეიძლება ხელისუფლებამ დაკავების, ჩხრეკისა თუ სამართლებრივი ზეწოლის სხვა მექანიზმები გამოიყენოს. სწორედ ამიტომ პარლამენტარის ხელშეუხებლობაზე უარის თქმა განვითარებული დემოკრატიებისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მაიკლ ფარბმანის განცხადებით:


[ფარბმანის ხმა] „ჩემი აზრით, იმუნიტეტი პარლამენტარების დაცვის საკმაოდ კარგი მექანიზმია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც მე წარმოვადგენ, კანონშემოქმედთათვის იმუნიტეტი უფრო შეზღუდულია, ვიდრე აქ. ეს იმუნიტეტი არ ფარავს კორუფციულ თუ კრიმინალურ საქმიანობას და მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესს იცავს."

მაიკლ ფარბმანმა ისიც დასძინა, რაც სხვა ქვეყნებში კარგად მუშაობს, ის შეიძლება საქართველოსთვის მიუღებელი იყოსო. თუმცა იმუნიტეტი რომ ხალხის რჩეულის კრიმინალურ საქმიანობას ფარავდეს, ეს, ამერიკელის მსგავსად, არც ქართველი ამომრჩევლისთვისაა მისაღები.

სწორედ ამიტომ ახალი კანონპროექტის ინიციატორებმა დეპუტატის იმუნიტეტი ისე შეზღუდეს, რომ მართლმსაჯულებას დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ ბრძოლა გაუადვილდეს. უფრო კონკრეტულად კი, პარლამენტის ნებართვა არ დასჭირდება იმ საქმის გამოძიებას და სასამართლომდე მიყვანას, რომელიც დეპუტატის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. ასევე საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხდება პარლამენტარის დაკავება, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა. თუმცა კანონპროექტზე პოლიტიკურ ძალთა თუ საზოგადოების შეთანხმების შემთხვევაშიც კი, მის სრულფასოვან ამოქმედებას კიდევ უამრავი წინააღმდეგობა შეხვდება, ძირითადად, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული შეუსაბამობების წყალობით.
XS
SM
MD
LG