Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამას წინათ, იურისტ დავით უსუფაშვილს


ამას წინათ, იურისტ დავით უსუფაშვილს

"ძლიერი ხელის მოთხოვნილების" შესახებ გავესაუბრეთ - ვკითხეთ, რატომ ჩნდება "ძლიერი ხელის", დიქტატორისა და "რკინის კაცის" მოთხოვნილება საზოგადოების განვითარების კრიზისულ ეტაპებზე. ბატონმა დავითმა გვიპასუხა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "ამას ბადებს ქაოსი, მოუწესრიგებლობა, მომავლის "განუჭვეტლადობა..." როდესაც ადამიანს არა გაქვს საშუალება დაგეგმო თუნდაც შენი უახლოესი მომავალი, ძალიან ბევრი თვალსაზრისით, ეს იქნება პროფესიული, ეკონომიკური, ბიზნეს თვალსაზრისით - ჰორიზონტი არის უკიდურესად ახლოს, რადგან არ არის წესრიგი... არ არის წესრიგი იმიტომ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, მისი ყველა სფეროთი, - განათლება, ჯანდაცვა, ჯარში გაწვევა, - არის ქაოტურ მდგომარეობაში, არ იგრძნობა, რომ ვიღაც ამას მართავს."

დავით უსუფაშვილმა დაასახელა: ეკონომიკა, ჯანდაცვა, თავდაცვა... საზოგადოების განვითარების ყველა სფერო. არ დაასახელა მხოლოდ კულტურა, რომელიც დღევანდელ საქართველოში, ასე თუ ისე, მაინც ვითარდება. "ვითარდებოდა" ამ კვირაშიც: თბილისში დასრულდა გერმანულ-ფრანგული ფილმების მშვენიერი ფესტივალი, მოეწყო პაატა ბურჭულაძის შემოქმედებითი საღამო ოპერაში, მოახლოვდა ჯაზის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის დღეც. განხორციელდა ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული იყო. "ტრისტანი და იზოლდაც" კი იმღერეს უკვე. მაგრამ ამ დღეებშივე თბილისში მოხდა სკანდალი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეარყიოს ქართველების, როგორც "კულტურული" თუ "ცივილიზებული" ერის, რეპუტაცია. და თუ გადავრჩით, თუ ინგლისური თეატრის - "ვოლკანოს" დასის - მსახიობებმა სამშობლოში დაბრუნებისას არ განაცხადეს, არა მარტო "სივრცეში ვიმოგზაურეთ" - თბილისს ვესტუმრეთ, არამედ დროშიცო, ე.ი. შუა საუკუნეების ეპოქაში მოვხვდითო... იმას მაინც იტყვის თეატრის გასტროლების ორგანიზატორი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და "ბრიტანეთის საბჭო", ამ ქვეყანაში სრული "კულტურული ანარქიაა", არაფრის დაგეგმვა არ შეიძლება, რადგან ქვეყანას ქსენოფობები მართავენო... ე.ი. ცდება დავით უსუფაშვილი, როცა ამბობს, საქართველო არ იმართებაო. როგორ არ იმართება. თქვენ შეგიძლიათ სოლიდური თანხა დახარჯოთ, დავუშვათ, სპექტაკლის რეკლამაზე, გაყიდოთ ბილეთები, ჩამოიყვანოთ საქართველოში უცხოელი მსახიობები - გადაიხადოთ ტრანსპორტის, სასტუმროს ფული... და თუ თქვენი წარმოდგენა არ მოეწონათ "ძლიერთ ამა ქვეყნისა", თქვენს არტისტებს უკანვე გააბრძანებენ. ამის მერე მიდით და იჩივლეთ, რამდენიც გინდათ.

მართალი გითხრათ, თბილისის კულტურული ცხოვრების აფიშა ზაფხულის დასაწყისში იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ რადიო "თავისუფლება" არც აპირებდა ბრიტანული ექსპერიმენტული თეატრალური დასის წარმოდგენის, უილიამ შექსპირის სონეტების მიხედვით დადგმული "სიყვარულის", გაშუქებას. ვერც "ვოლკანოს" რეკლამამ მოგვხიბლა, უფრო სწორად, "სარეკლამო რგოლმა", რომელსაც რამდენიმე დღე ატრიალებდნენ ქართული ტელეარხები: "სკანდალური სპექტაკლი", "ბავშვები 16 წლამდე არ დაიშვებიან" - გვეპატიჟებოდა ბრიტანეთის საბჭო "ვოლკანოს" წარმოდგენაზე. ჩვენგან განსხვავებით, ასეთმა რეკლამამ, როგორც ჩანს, დიდი ზემოქმედება მოახდინა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ბატონ ზურაბ ცხოვრებაძეზე, რომელმაც არა მარტო სპექტაკლი ნახა, არამედ ინგლისელი მსახიობების პრესკონფერენციასაც დაესწრო. ხოლო მას შემდეგ, რაც მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა წარმოდგენის დროს ხმაურით დატოვა დარბაზი, როცა ზოგიერთი მაყურებელი ისე აღაგზნო ორი მამაკაცის "ტუჩებში კოცნამ" სცენაზე, რომ დარბაზიდან ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს, სტვენა და ხმაური ატეხეს, ბატონი ზურაბ ცხოვრებაძე ტელეკომპანია "მზეს" ესტუმრა და "ღამის მზერაში" ასეთი რამ ბრძანა:

[ზურაბ ცხოვრებაძის ხმა] "ცნობიერების დეფორმაცია ხდება. მე დავესწარი პრესკონფერენციას, რომელიც წინა დღეს მსახიობებმა ჩაატარეს; არსებითად იქ ყველაფერი გასაგები იყო - მათ დაუფარავად განაცხადეს "ჩვენ საქართველოში ეს სპექტაკლი ჩამოვიტანეთ იმიტომ, რომ პატრიარქალური ქვეყანაა საქართველო, საქართველოში ქალი დაჩაგრულია, მხოლოდ ბავშვების შობითაა შემოფარგლული და ჩვენ გვინდოდა ეს ახალი ნაკადი შემოგვეტანა... გასაგები იყო, რა მისიითაც მოდიოდნენ."

ბატონი ცხოვრებაძე ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ პრესკონფერენციაზე ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ მაინც წასულა სპექტაკლის სანახავად. ჩვენი რადიომსმენელი გულუბრყვილოდ იკითხავს, "თუ იცოდა, რა ხდებოდა, თუ არ მოსწონდა, "სოდომის ცოდვად" მიაჩნდა ეს ყველაფერი, დალოცვილი, სპექტაკლზე რას მიდიოდაო"... მაგრამ ამ კითხვას, ალბათ, უფრო უცხოელი რადიომსმენელი დასვამს, საქართველოში კი ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს მორალის დამცველთა ძლიერი ინსტიტუტი, თავისი "თანამშრომლებით", და მათ უნდა ვუმადლოდეთ სწორედ, რომ ასეთ "მორალურ ქვეყანაში" ვცხოვრობთ, ქვეყანაში, სადაც არ იტაცებენ ადამიანებს, დროზე არიგებენ პენსიებს, არავინ მათხოვრობს, ქვეყანაში, სადაც არ არის საბავშვო პროსტიტუცია და ა.შ და ა.შ... ჰოდა, ასეთი მორალური ქვეყანა როგორ აიტანდა რომელიღაც ინგლისური დასის უზნეო წარმოდგენას? არსებითად საქართველოს საპატრიარქო ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო - თავისი აზრი გამოთქვა, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "სპექტაკლში ამაზრზენი ჰომოსექსუალური და ეროტიკული სცენებია"... სიტყვას "ამაზრზენი" სინონიმიც აქვს "უსიამოვნო"... ორი მამაკაცის ხვევნა-კოცნამ არ ასიამოვნა, მაგალითად, ქართველი თეატრალი ქალბატონები, მანანა ბერიკაშვილი და დოდო ხურცილავა. მათი გამოსვლა "ღამის მზერაში" დაგარწმუნებდათ, რომ ზიგმუნდ ფროიდის თეორია ძალიან მოძველდა

[მანანა ბერიკაშვილის ხმა] "შემაძრწუნებელს ვერ იტყვი, მაგრამ ამან ამაღელვა, ქალი შემეცოდა, ცოტა ზიზღის მომენტი გამიჩნდა მე, ქალს, ქალის მიმართ. არ ჰქონდა ამას უფლება დაედგა ეს სპექტაკლი მარჯანიშვილის სცენაზე... როდესაც გამოვედი სპექტაკლიდან, უცებ ვერიკოს ქანდაკება შემომეფეთა სახეში."

[დოდო ხურცილავას ხმა]: "შექსპირის მეოცე სონეტი... მე რამდენადაც ვიცი, ასეთი მიმართულების მამაკაცებს ქალები ნაკლებად მოსწონთ... უბრალოდ, შექსპირს უყვარს ყველა ადამიანი."

შექსპირს, მართლაც, ყველა ადამიანი უყვარდა. და ისიც კარგად იცოდა, რომ ყველა ადამიანი თავად აგებს პასუხს ღმერთის, ჭეშმარიტების, თავისი სინდისის წინაშე... ყველამ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, მაშინაც კი, როცა "ვერიკოს ქანდაკება გეფეთება ხოლმე" და იმ დროს გახსენებს, როცა მსახიობები ერთმანეთს კი არ ეალერსებოდნენ სცენაზე, არამედ უფრო ბრეჟნევის ტუჩები ხიბლავდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, თავისუფალ არჩევანზე იმ საღამოს მხოლოდ გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ისაუბრა:

[ინგა გრიგოლიას ხმა] "ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. განა არა აქვს რეჟისორს უფლება, ის დადგას, რაც მოსწონს?.. და თუ ვიღაცას არ მოსწონს, ნუ წავა და ნუ ნახავს."

ეს იყო რიტორიკული კითხვა, რომელიც კითხვად დარჩა. მეორე დღეს ინგლისური თეატრალური დასის გამოცხადებული წარმოდგენა "მარჯანიშვილში" აღარ გაიმართა. ბრიტანეთის საბჭოს წარმოდგენა, უბრალოდ, აუკრძალეს. არადა, სატელევიზიო პროგრამებში ისევ ატრიალებდნენ "ვოლკანოს" სარეკლამო რგოლს, "ღამის მზერის" შემდეგ უამრავი მაყურებელი "მიაწყდა" მარჯანიშვილის თეატრს, სადაც მათ მოხსნილი აფიშები და ჩაკეტილი კარი დახვდათ. თეატრალურმა კრიტიკოსმა დავით ბუხრიკიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა:

[დავით ბუხრიკიძის ხმა] "ჩვენს საეკლესიო პირებს, თეატრის მოღვაწეებს არ ეყოთ სინდისი ეთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია... თუ გვინდა "ევროსაბჭო", "ევროკავშირი", უნდა გვინდოდეს ისიც, ის ადამიანური ფასეულობებიც, რაც არის ევროპაში.... მე ინგლისელებმა მითხრეს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა არსად, შრი-ლანკას გარდა."

"ვოლკანო" ჩაშლილი გასტროლების შემდეგ საქართველოდან ბაქოსა და ერევანში გაემგზავრა. ჩვენს კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ეს სკანდალი ქართულ-ბრიტანულ კულტურულ ურთიერთობაზე, ბატონმა დავითმა აღნიშნა:

[დავით ბუხრიკიძის ხმა] "მე მგონი, ნამდვილად იმოქმედებს. რამდენადაც ვიცი, დებორა ჯონსი ძალიან შეშფოთებული იყო... მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოითხოვს სერიოზულ ანალიზს, მაგრამ მაინც ჩაიფარცხა ეს ყველაფერი, რადგან ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი შეცდომების აღიარება."

სულ მალე მარჯანიშვილის თეატრი სწორედ დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის ფესტივალზე, მიემგზავრება. "ვოლკანოს" დასი, რა თქმა უნდა, ქაღალდის თვითმფრინავებით არ შეიარაღდება. ეს მსახიობები, უბრალოდ, არ მივლენ თბილისის თეატრის სპექტაკლზე. საქართველოს შესახებ კი მოყვებიან: წინასწარ გამოვაცხადეთ, "ბავშვები 16 წლამდე არ დაიშვებიანო". ისინი კი მაინც მოვიდნენ - მოზრდილები, რომლებიც ბავშვებივით ვერ ასხვავებენ თამაშსა და სინამდვილეს, ხელოვნებას და რეალობას. ასეა საქართველოში და შრი-ლანკაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG