Accessibility links

მთავრობის პოლიტიკური სახე


საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე საქართველოს მთავრობა ღრმა კრიზისში აღმოჩნდა. იყო თუ არა მოსალოდნელი მოვლენების ამგვარი განვითარება? პოლიტიკური პროცესის მკაცრი

ლოგიკა ამჟამად არსებული მთავრობის არჩევის დღიდან გულისხმობდა, რომ კრიზისი გარდუვალი იყო და იგი სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვეოდა.

რატომ? როგორია მთავრობის პოლიტიკური სახე?

2001 წლის ბოლოს პოლიტიკის ექსპერტები ამბობდნენ, რომ საქართველოს მთავრობა არასოდეს ყოფილა იმდენად ერთიანი, როგორც მაშინ, ნოემბრის სახალხო გამოსვლების შემდეგ. სინამდვილეში, მთავრობა იყო არა ერთიანი, არამედ ერთგვაროვანი. პრეზიდენტმა ძლიერი ფიგურები სუსტებით ჩაანაცვლა და მიიღო მინისტრების ის შემადგენლობა, რომელსაც მისთვის, წესით, პრობლემები აღარ უნდა შეექმნა. მაშინ მთავარი იმედი დაუკავშირდა ავთანდილ ჯორბენაძის ფიგურას და ეს იმედი 2002 და 2003 წლების ბიუჯეტის შესრულება იყო.

სინამდვილეში, საქართველოს ბიუჯეტი პრინციპულად შეუსრულებელი ბიუჯეტია. საქმე ისაა, რომ მთავრობის წევრების, მინისტრების ინტერესები სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება ერთმანეთს. კორუფციული მმართველობითი სისტემა წლების განმავლობაში ერთი და იმავე სქემით მუშაობს: ძალოვანები კონტრაბანდას აკონტროლებენ და ამ გზით მიღებული ჩრდილოვანი შემოსავლით ცხოვრობენ. შესაბამისად, ფისკალური ინსტიტუტები, რომლებმაც ბიუჯეტი უნდა შეავსონ კონტრაბანდის შეზღუდვით და გადასახადების ამოღებით, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებენ - ეს ის სქემაა, რომელზეც სახელმწიფო დგას. ეკონომიკის ექსპერტების განმარტებით, ზოგიერთ თვეში იზღუდება ძალოვანების შემოსავლები და, შესაბამისად, საბაჟო და საგადასახადო სამსახურები გეგმას ასრულებენ; ზოგიერთ თვეში კი, პირიქით, იზღუდება გადასახადების ამოღება და მაშინ მაღალჩინოსანი ძალოვანები პრეზიდენტის ერთგულებისთვის ჯილდოვდებიან.

ამ სქემის გამო საჯარო კონფლიქტი წარმოიქმნა ჯერ კიდევ 1999 წელს მიხეილ მაჭავარიანსა და კახა თარგამაძეს შორის. მაშინ საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ღიად ითხოვდა ძალოვანების დახმარებას, პოლიციის მინისტრი კი აცხადებდა: ეს საქმე არც ერთი კუთხით არ მეხებაო.

დღეს ფინანსთა მინისტრი ისევ დარღვეულ კოორდინაციას აცხადებს სამთავრობო კრიზისის მიზეზად. მთავარი პრობლემა კი, ალბათ, ისაა, რომ არჩევნების წინ პრეზიდენტს განსაკუთრებით სჭირდება ორივე სეგმენტის მხარდაჭერა: პოლიციამ თავისი საქმე "ფრიადზე" უნდა შეასრულოს, რათა არჩევნები სწორედ იმ შედეგით დასრულდეს, რაც ჩაფიქრებულია; მეორე მხრივ, ხაზინაც უსათუოდ უნდა შეივსოს, რათა მოსახლეობას ხელფასი და პენსია მაინც დაურიგდეს დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ხელისუფლებაზე ხელჩაქნეული ამომრჩეველი მხარს ოპოზიციას დაუჭერს.

აი, ამ პრობლემების ტყვეობაშია მოქცეული საქართველოს მთავრობა არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე. მთავრობას ხლეჩს შიდა კონფლიქტები და დაპირისპირებაც უკვე საჯაროდ ჟონავს. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული პრეტენზიები სამთავრობო ბლოკის ლიდერს - ავთანდილ ჯორბენაძეს - სწორედ ფინანსთა მინისტრის მიმართ აქვს. თავად ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ბიუჯეტის შესრულება მთელი მთავრობის და არა პირადად მისი საქმეა.

რატომ იყო გარდუვალი ეს კრიზისი ამჟამინდელი მთავრობის დამტკიცების პირველივე დღიდან? ერთადერთი, რაც ქვეყნის ბიუჯეტის შესრულებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, კორუფციული სისტემის დანგრევაა. ეს კი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია. საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, როგორც ერთიან გუნდს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია. მისი თითოეული წევრი პასუხისმგებელია პირადად პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტს კი, თავისი პოზიციის შესანარჩუნებლად, სჭირდება სწორედ ის მცოცავი სქემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ: ძალოვანების აღჭურვა ჩრდილოვანი შემოსავლებით და, შესაბამისად, ფისკალური სამსახურების მხოლოდ სანახევრო მუშაობა.

იმის გამო, რომ ედუარდ შევარდნაძე უშუალოდ აღარ არის არც ერთი არჩევნების სუბიექტი, მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციების სიმყარე, ვიდრე სახელისუფლო ბლოკის წარმატება. ხელისუფლების მიმართ ნდობა გაჩნდებოდა მხოლოდ კორუფციული სისტემის დანგრევით, რასაც ელოდა კიდეც ქვეყნის მოსახლეობა შევარდნაძისგან პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში. მაგრამ პრეზიდენტის სავარძელი სწორედ კორუფციულ პირამიდებზე დგას. ამიტომ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 2001 წელს მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სუსტი და უუნარო მთავრობით შესდგომოდა მორიგ საარჩევნო მარათონს. სამაგიეროდ, დღეს პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარი წონით, სახელისუფლო ბლოკის აქტიური მხარდაჭერით, ხელოვნურად დააბალანსოს ოპოზიცია. ამ გზითვე ქმნის ილუზიას, რომ სამთავრობო კრიზისი დროებითი მოვლენაა. შესაბამისად, მთავრობა აპირებს, პენსიების მაგივრად ობლიგაციები დაარიგოს, სამთავრობო ბლოკი კი მომავალ წარმატებებზე საუბრობს.
XS
SM
MD
LG