Accessibility links

გენერალური ინსპექცია - მახვილი კორუმპირებულ სამხედრო მოხელეთა თავზე თუ ახალი კორუფციის ბუდე?


საქართველოს სამხედრო უწყებაში,

რომელიც დღენიადაგ უფულობას უჩივის, მოსაპარიც ბევრია და მომპარავიც, რასაც გასულ წელს მომხდარი რამდენიმე მსხვილი საფინანსო-სამეურნეო დანაშაულიც ცხადყოფს. ამ საგანგაშო ვითარებას თავდაცვის სამინისტრომ მორიგი სტრუქტურული ცვლილებები დაუპირისპირა: დაქსაქსული და არაეფექტური კონტროლის სამსახურები მაისის დასაწყისში გაერთიანდა ერთ სტრუქტურაში, გენერალურ ინსპექციაში, რომლის დებულება საგადასახადო ადმინისტრირების დარგში ამერიკის ხაზინის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. თუმცა სამხედროები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და კვირის ბოლოს სხვადასხვა უწყების გენერალურ ინსპექციებთან ერთად კოორდინირებულად გადაწყვიტეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. სამხედრო და მათი კოლეგა სამოქალაქო ინსპექტორები დარწმუნებულები არიან, რომ ბრძოლა ლამპასებიანი კორუმპირებულების წინააღმდეგ წარმატებული იქნება. თუმცა არსებობს სკეპტიციზმის საფუძველიც.


ბიუჯეტით დაგეგმილი თანხების მიუღებლობა საქართველოს სამხედრო უწყების ბედუკუღმართობის მხოლოდ ნაწილია. არანაკლებ მწვავე პრობლემაა იმ მატერიალური რესურსების მიზნობრივი გამოყენება, როგორც ქართველ ჩინოვნიკებს უყვართ თქმა, "სწორი მენეჯმენტი," რასაც ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის გამოყოფს.


შარშან სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების ზურგის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ, რომელსაც რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების სანივთე ქონების გაფლანგვა დაუდგინდა. მიმდინარე წლის თებერვალს კი სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ვაზიანის საარტილერიო პოლკის სანივთე საწყობის უფროსი, რომელსაც 10 000 ლარის ღირებულების სანივთე ქონების, მათ შორის, სამხედრო ფორმის, ლაბადებისა და ჯავშანჟილეტების გაფლანგვაში ედება ბრალი.

სამხედრო პროკურატურის მონაცემებს ემატება სამხედრო ინსპექციის სტატისტიკა, რომლის მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილის მონაცემები საკმაოდ მყარ ტენდენციაზე მიუთითებს: ამ ხნის განმავლობაში დარღვევის 160 ფაქტი აღირიცხა, ხოლო, გენერალური სამხედრო ინსპექციი დასკვნის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრომ 100 ათას ლარზე მეტი დანაკლისის ამოღება შეძლო.

თუმცა, როგორც წესი, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და დამნაშავის დასჯა დიდი დაგვიანებით ხდება ხოლმე, ზოგჯერ კი - მაგალითად, როგორც დასავლეთ მიმართულებაში მომხდარი ხსენებული დანაშაულის შემთხვევაში იყო - დამნაშავე მიმალვასაც ახერხებს. ამიტომ სამეურნეო ხასიათის დანაშაულის აღსაკვეთად საჭირო გახდა ეფექტური სტრუქტურის შექმნა თავდაცის სამინისტროში.
თითქმის ერთწლიანი მუშაობა, რომელშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად აშშ-ის ხაზინის ექსპერტი დუგლას სკოტიც მონაწილეობდა, ახალი უწყების, გენერალური ინსპექციის, შექმნით დასრულდა. მის ფუნქციონალურ მოვალეობას ყველა მაკონტროლებელი უწყების ხელმძღვანელი და თვით კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან პაპაშვილიც დადებითად აფასებს.

[სულხან პაპაშვილის ხმა] "გენერალური ინსპექციის ამერიკული მოდელის შექმნა ჩვენს უწყებასა და გენერალურ ინსპექციებში, იმ უწყებების მხრიდან, ვინც ამას გააკეთებს, უნდა ჩაითვალოს ნამდვილად გაბედულ ნაბიჯად, ვინაიდან ის სამსახურები, გენერალური ინსპექციების სახით, მომავალში იმდენ დამოუკიდებლობას, იმხელა უფლებამოსილებებს მოიპოვებს, რომ ის იქნება ძალიან სერიოზული ბერკეტი ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებისათვის."



აღსანიშნავია, რომ გენერალური ინსპექციის ახალ სტრუქტურაში უკვე გაერთიანდა უწყებაში მიმობნეული თითქმის ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომლებიც ერთმანეთს ფეხებში ებლანდებოდნენ და სამხედრო ნაწილის მეთაურებს გულს უწუხებდნენ დაუსრულებელი კონტროლით. საშტატო თანამდებობათა ოპტიმიზაციით კი შესაძლებელი გახდა კადრების გამოთავისუფლება და პარალელიზმის აღმოფხვრა უწყების შიგნით. მაგრამ, როგორც გენერალური ინსპექციის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ბადრი ჩხაიძე აცხადებს, არსებობს პარალელიზმის საფრთხე უფრო მაღალ დონეზე, რაც ასევე მოითხოვს გადაჭრას.

[ბადრი ჩხაიძის ხმა] "ჩემთვის, მაგალითად, უმთავრესია კოორდინირებული მუშაობა პროკურატურასთან, კონტროლის პალატასთან, პრეზიდენტის ინსპექციასთან. იმავე გამოვლენილ დარღვევებზეც გვქონდეს რეაგირება ადეკვატური. ასევე, არ იყოს პარალელიზმი, - ეს უნდა აღიკვეთოს. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ექვსი ინსპექცია, რომელიც, პრეზიდენტის და პარლამენტის დადგენილებით, უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება. სამხედრო ნაწილი კი ერთია."

ყველაზე მსხვილ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე "კბილებალესილი" ექვსი მაკონტროლებლის ამბიციის განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი საქმე, მაგრამ სხვებთან შედარებით გენერალურ ინსპექციას აქვს უპირატესობა, ერთგვარი კოზირი, რომლის გათამაშებასაც თევზაძის უწყება ბოლომდე შეეცდება: ახალი სტრუქტურა მთლიანად უპასუხებს ნატოს სტანდარტებს და თან მის უკან იგივე ამერიკელი მრჩეველი დგას, რომლის კონსულტაციითაც ხორციელდება რეფორმები კონტროლის პალატაში და ყველა სხვა უწყების მაკონტროლებელ სამსახურებში.

ამ ტენდენციამ გადაძალა უწყებრივი ამბიციები და 19 ივნისს თავდაცვის სამინისტროში ქვეყნის ხუთი სახელმწიფო უწყების გენერალურმა ინსპექციებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმის პროექტს, რომელიც, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურების გენერალური ინსპექციების პირველ პირთა შემადგნელობით, საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები ინფორმაციას მიიღებენ "ცხელი ხაზის" მეშვეობით, რომლითაც ყველა რანგის მეთაურს უფლება ექნება, ანონიმურობის დაცვის გარანტიით, დატოვოს ინფორმაცია ნებისმიერი სახის დარღვევის შესახებ. მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ გენერალურ ინსპექტორთა საბჭო თავისუფალი იქნება მოქმედებაში და ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევას უმალ სამხედრო პროკურატურას გადაუგზავნის რეაგირებისთვის. დებულებაში წერია, რომ ინსპექცია პასუხს აგებს თავდაცვის მინისტრის წინაშე, მოქმედებს მინისტრის ბრძანებით და ანგარიშვალდებულია უწყების პირველი პირის წინაშე.
ეს კი ნიშნავს, რომ ინპექციის მათრახიც მხოლოდ იმ კორუმპირებულ მოხელეებს აუწვავს ზურგს, რომლებიც მინისტრის უშუალო მფარველობით არ სარგებლობენ. გავლენიანი და უწყების პირველ პირთან დაახლოებული გენერლები - მათ კი სამხედრო უწყებებში სახეზე ცნობენ - კვლავ ისე ლაღად იგრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში... თანაც ცალკე საკითხია ის, თუ ვინ გააკონტროლებს სამხედრო ინსპექციების მუშაობას. ანუ, როგორც ძველ რომში იტყოდნენ, ვინ უდარაჯებს დარაჯებს.
XS
SM
MD
LG