Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 ივნისს ასი წელი სრულდება


27 ივნისს ასი წელი სრულდება

ლეგენდარული დირიჟორის ევგენი მიქელაძის დაბადებიდან. თანამედროვეობას თითქმის არ შემორჩა დიდი მუსიკოსის ჩანაწერები, ხოლო იმ ფირფიტებით, რაც გვაქვს, რთულია საუბარი ქართველი დირიჟორის შემოქმედებაზე - 30-იან წლებში ჩაწერილი მუსიკის ტექნიკური ხარისხი ძალიან დაბალია. ისღა გვრჩება, დავეყრდნოთ ევგენი მიქელაძის კოლეგებს, მეგობრებს, კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს, რომლებიც მას მეოცე საუკუნის უდიდეს დირიჟორებს შორის მოიხსენიებენ. ისღა გვრჩება, გავიხსენოთ ევგენი მიქელაძის ტრაგიკული ბიოგრაფია ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში "ოქროს საუკუნე".

საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ძალიან უყვართ მითების შექმნა. მითად ქცევას მეტადრე ბურუსით მოცული ისტორიები ექვემდებარება ხოლმე. ასეთი ისტორიები კი ქართველებს მრავლად გვაქვს, განსაკუთრებით სტალინური დიქტატურის ეპოქაში. ერთ-ერთი მითის თანახმად, 1937 წელს იმხანად მხოლოდ 34 წლის დირიჟორის ევგენი მიქელაძის განადგურება ყურებიდან დაუწყიათ. "ყურის მოჭრა" - მსხვერპლშეწირვის ძველთაძველი მითია. ევგენი მიქელაძის ბიოგრაფიას ეს მითი განსაკუთრებით ალამაზებს, ტრაგიკულს ხდის.. არადა, რად უნდა ამ ბიოგრაფიას გამძაფრება, მითად გადაქცევა. მითს ხომ ისეთივე ძალით ამკვიდრებენ, როგორც ანგრევენ ხოლმე. 70-იან, 80-იან წლებში ევგენი მიქელაძის ბიოგრაფიის მიმართაც შეიცვალა დამოკიდებულება. "დირიჟორი-მითის" ზოგიერთი კოლეგა მიქელაძის ნიჭიერებაში დაეჭვდა. არგუმენტად მათ 30-იანი წლების ფირფიტები გამოიყენეს - ტექნიკურად უხარისხო ჩანაწერები. ჩვენ კი, ჯობს, ალბათ, იმ ადამიანების მოსაზრებებს დავეყრდნოთ, რომლებიც პირადად იცნობდნენ ლეგენდარულ მუსიკოსს, ვისაც არა სტალინურ ეპოქაში ტირაჟირებული ჩანაწერები, არამედ ევგენი მიქელაძის მიერ შესრულებული მუსიკა "ცოცხლად" მოუსმენია.


დიმიტრი შოსტაკოვიჩი:
"იგი უდიდეს ტალანტს ფლობდა, ამასთან, გამოირჩეოდა დიდი საერთო და მუსიკალური კულტურით."

ირაკლი ანდრონიკოვი:
"როცა ფიქრობ, როგორ დაახასიათო მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობა, უპირველეს ყოვლისა, გონებაში შემდეგი სიტყვები გებადება: "აქტიურობა", "სიცოცხლე", "კეთილშობილება".

ბათუ კრავეიშვილი:
"დარბაზში აღფრთოვანებულმა ოვაციამ იქუხა. ორკესტრანტებიც ხმაურით ესალმებოდნენ ბრწყინვალე მაესტროს, რომელიც კვლავ და კვლავ გამოდიოდა დარბაზის გამოძახებაზე... მეოთხედ, მეხუთედ, მეათეჯერ".

მეოთხედ, მეხუთედ, მეათეჯერ ევგენი მიქელაძე დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის ფარგლებში გამართულ კონცერტზე გამოიძახეს. ტრიუმფს კი წინ უძღოდა ძალიან სწრაფი "აღმასვლა" მუსიკალური სამყაროს კიბეზე. 10 წლის იყო ევგენი მიქელაძე, როცა მშობლებმა კადეტთა კორპუსში შეიყვანეს. იგი თავდაპირველად საყვირზე უკრავდა. ორკესტრის კაპელმეისტერმა ვალერიან მიზანდარმა მიაქცია ყურადღება და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. მერე პირველი ქართველი პროფესიონალი დირიჟორის ივანე ფალიაშვილის მოწაფე გახდა. ლენინგრადში გაემგზავრა. კონსერვატორიაში მალკოსა და გაუკის ჯგუფში სწავლობდა. 1932 წელს თბილისში კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი დააარსა. 1933 წლიდან საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. ამავე წლიდან დაპატიმრებამდე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო. სხვათა შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელი ჩვენი ოპერის თეატრს სწორედ მიქელაძის ინიციატივით მიენიჭა. ოპერაში, ევგენი მიქელაძის მოსვლასთან ერთად, უამრავი ახალი სპექტაკლი დაიდგა. 1931-32 წლებში ახალგაზრდა დირიჟორმა აღადგინა დონიცეტის "დონ პასკუალე", ვერდის "ოტელო", "აიდა", სენ-სანსის "სამსონი და დალილა", დადგა პირველი ქართული ბალეტი, ანდრია ბალანჩივაძის "მზეჭაბუკი" (იგივე "მთების გული’), სულ - 20-ზე მეტი ოპერა... მათ შორის, რა თქმა უნდა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერები - ჯერ "დაისი", მერე "აბესალომი"... დადგა "სხვანაირად", არა ისე, როგორც მიჩვეული იყო პუბლიკა, რომელსაც, თავის მხრივ, მაინცდამაინც არ უყვარს ხოლმე "სხვანაირი"... მით უმეტეს, ოპერაში და, მით უმეტეს, ტოტალიტარულ კულტურაში. ყველანაირი გადახვევა მიღებული ნორმიდან, ყველანაირი რეფორმა მუსიკოსს, როგორც წესი, ძვირად უჯდება ხოლმე. საქართველოში მიქელაძის "რეფორმებიც" არ მოეწონათ. ბევრი გაღიზიანდა კუპიურებზე, რომელიც ახალგაზრდა დირიჟორმა "აბესალომში" შეიტანა (ამოიღო, მაგალითად, დედინაცვლის სცენა). მაგრამ ევგენი მიქელაძე რეტროგრადებმა ვერ შეაშინეს - 1937 წელს ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა ზაქარია ფალიაშვილის "ლატავრაზე" დაიწყო მუშაობა. 4 ნოემბერს, "ლატავრას" გენერალურ რეპეტიციაზე, ევგენი მიქელაძეს საოპერო თეატრი დაატოვებინეს. თეატრის დირექტორმა გამოსცა ბრძანება ასეთი ტექსტით: "მოხსნილ იქნეს სამსახურიდან და ამოირიცხოს თეატრის ყველა სიიდან, როგორც ხალხის მტერი, ევგენი მიქელაძე". მაშინვე შეთითხნეს საბრალდებო დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ:

"ერმალოზ გორდელაძისგან მიღებული დავალებების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის სამხატვრო გეგმის ჩაშლაში."

"სამხატვრო გეგმის ჩაშლა" - იმხანად მნიშვნელოვან არგუმენტად მიაჩნდათ ადამიანის გასანადგურებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ ევგენი მიქელაძემ, მართლაც, ჩაშალა "სამხატვრო გეგმა", ანუ არ დაემორჩილა "კულტურული ინდუსტრიალიზაციის" მოთხოვნებს, სტალინურ "კულტურულ ხუთწლედებს", არ გადააქცია თეატრი და მუსიკა პროპაგანდისტულ შოუდ, რომელიც იმხანად "სოცრეალისტური მარშებით" უფრო იყო გაფორმებული, ვიდრე ჭეშმარიტი მუსიკით. სხვათა შორის, ამას მაშინდელი ოფიციალური პრესაც ადასტურებს. ახლახან გამოცემულ მშვენიერ წიგნში, "ორი მუსიკალურ-ისტორიული ნოველა", ავტორს, გურამ ხუჭუას, მოჰყავს ციტატა 1937 წლის 10 იანვრის "იზვესტიიდან":

"ევგენი მიქელაძის ხელმძღვანელობით განხორციელებული დადგმები თბილისის თეატრს საუცხოო საოპერო დონემდე აწინაურებს... თეატრმა, საბედნიეროდ, დააღწია თავი იმ რუტინასა და დამყაყებას, რომელიც ხანგრძლივად ფლობდა დიდი თეატრის სცენას."

რა გამოდის? ევგენი მიქელაძის დაპატიმრებამდე 11 თვით ადრე დიდი თეატრი რუტინამ მოიცვა, თბილისის ოპერის თეატრმა კი "დამყაყებას" დააღწია თავი? და განა აპატიებდა ვინმე 1937 წლის საქართველოში მუსიკოსს სოცრეალისტური კულტურული ჭაობიდან თავის დაღწევას? მით უმეტეს, არ აპატიებდა ხელოვანს, რომლისთვისაც მუსიკა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე "თეატრის სამხატვრო გეგმა". მუსიკის ფანატიკურმა სიყვარულმა მის ხასიათზეც იმოქმედა - ქართველი დირიჟორის ახლობლების თქმით, იგი არ გამოირჩეოდა თავმდაბლობით, იყო ძალიან მკაცრი, მომთხოვნი, მოურიდებელი, პუნქტუალური... ე.ი. იმ თვისებებით შემკული, რომელსაც ქართველობა ვერ ეგუება ხოლმე. ხელოვანს, რომელიც ამ თვისებებით გამოირჩევა მტერ-დუშმანი არ ელევა. ხოლო როცა ასეთ მტერს ხელისუფლება უჭერს მხარს, როცა "მტერ-დუშმანი" კარგადაა ორგანიზებული, იგი მაშინვე შენ დაგაბრალებს ხალხის მტრობას. ასეც მოხდა - ევგენი მიქელაძეს ანტისაბჭოთა ორგანიზაციებთან კავშირი "დაუდგინეს", დაკითხვაზე "აცნობეს", რომ იგი მამია ორახელაშვილსა და მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ჯგუფებზე მუშაობდა. მამია ორახელაშვილი ევგენი მიქელაძის მეუღლის, ქეთევან ორახელაშვილის, მამა იყო. ბერიას ორახელაშვილი ჭირივით სძულდა. ამიტომ ევგენი მიქელაძეს თავის პირად ცხოვრებაზეც უნდა გაეცა პასუხი - პასუხი კითხვაზე, თუ რატომ შეუყვარდა "კონტრრევოლუციონერის ქალიშვილი".

თუმცა პასუხის გაცემას აზრი აღარ ჰქონდა. ბრალდება წინასწარ იყო შეთითხნილი. ჯალათებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ევგენი მიქელაძის ხასიათი. უშიშროების მაიორმა ქობულოვმა, ლეიტენანტმა აბაზოვმა, მისმა მოადგილემ ოდიშარიამ, იმ ხალხმა, ვინც ევგენი მიქელაძის დაკითხვას აწარმოებდა, წინასწარ იცოდა, რომ ევგენი მიქელაძე არც მუსიკაზე იტყოდა უარს და არც ოჯახზე. მას მხოლოდ პატარა წერილი დააწერინეს: "თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებში", მერე კი დახვრიტეს. ისტორიას მხოლოდ მითიღა დარჩა - მითი მუსიკოსზე, რომელსაც ყურები დააჭრეს. რა მოხდა სინამდვილეში, როგორი იყო ლეგენდარული დირიჟორი, რომელსაც დღეს საფლავიც არა აქვს? ამ კითხვებით მივმართავთ ევგენი მიქელაძის ქალიშვილს, ქალბატონ თინათინ მიქელაძეს. მასთან საუბარს ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, "ოქროს საუკუნის" მომდევნო გამოშვებაში, შემოგთავაზებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG