Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ისარგებლებს სოციალური ვითარების გაუარესებით?


დავით პაიჭაძე, თბილისი საპროტესტო აქციებით დღეს საქართველოში ვერავის გააკვირვებ და მაინც ორშაბათს, 23 ივნისს, თბილისში ცოტა უჩვეულო საპროტესტო აქცია გაიმართა: ერთი პარტია მეორის წინააღმდეგ გამოვიდა -

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ გაილაშქრეს. პროტესტს საფუძვლად სოციალური წუხილი დაედო: აქციის მონაწილენი ჯერ ცნობილ ლეიბორისტ ფრიდონ ინჯიას სთხოვდნენ პასუხს მისი კუთვნილი "ახალი ქსელების" აბონენტთათვის სატელეფონო გადასახადის გაზრდისათვის, ხოლო შემდეგ ლეიბორისტების ოფისს მიაშურეს და აქცია იქ განაგრძეს. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა კითხვა: რას მოუტანს სოციალური ვითარების, ანუ მოქალაქეთა მდგომარეობის, გაუარესება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს?

მოქალაქეებს, მძიმე სოციალურ ყოფაში რომ არიან, წესისამებრ, ლეიბორისტული პარტიისა და შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველთა რიგებს მიათვლიან. მშიერ ადამიანებზე ყველაზე მეტად ნათელაშვილი მუშაობს, განმიცხადა პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა, რომლის დაკვირვებით, შარშან მიხეილ სააკაშვილიც ცდილობდა ამომრჩეველთა ამავე კატეგორიის მიმხრობას, თუმცა საკრებულოში გასვლის შემდეგ დაეხსნა მათ. ჩვენი აზრით, ორშაბათის აქცია აჩვენებს, რომ სააკაშვილი არ აპირებს, შეელიოს მოქალაქეთა სოციალური წუხილის გამოყენებას და არჩევნების მოახლოებას "ამთხვევს" თამაშის დაწყებას ნათელაშვილის მინდორზე: ხელისუფლების მთავარ "სოციალურ" კრიტიკოსს პარტიის კარზე სწორედ სოციალური პროტესტის ლოზუნგებით მიადგნენ. თუმცა რამაზ კლიმიაშვილი ფიქრობს, რომ ნათელაშვილთან შეჯიბრი ამ სფეროში ძნელია [კლიმიაშვილის ხმა]: "მისი ყოველი გამოსვლა აბსოლუტური, 100%-ანი დემაგოგიაა, კარგად, ფსიქოლოგიურად ზუსტად გათვლილი სწორედ მშიერ ადამიანებზე, თან ტყუილების ძალიან დიდი დოზით. მაგრამ ეს არის სუფთა ტყუილი. ეს არის ნახევრად ტყუილები, რომელსაც ჯერ კიდევ გებელსი ამჯობინებდა სუფთა ტყუილებს".

რამაზ კლიმიაშვილი ფიქრობს, რომ სავალუტო ფონდთან გართულებული ურთიერთობის შედეგად ფონდის საქართველოდან წასვლა უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს და ამით მეტ გასაქანს მისცემს სოციალურ პრობლემებზე მოთამაშე პოლიტიკურ ჯგუფებს.

განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა პოლიტოლოგ ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც იზიარებს ქვეყნიდან სავალუტო ფონდის შესაძლო წასვლის შემდგომ პერსპექტივას, მაგრამ ვერ ხედავს ასეთ ფონზე მაინცდამაინც ნათელაშვილისა და ლეიბორისტების წარმატების შანსს. ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ქვეყანაში პრობლემაა არა იმდენად სიღარიბე, რამდენადაც მოქალაქეთა უკმაყოფილება მათი სოციალური სტატუსით. უკმაყოფილება წარმოშობს ბოღმას და ნათელაშვილიც სწორედ ამ ემოციაზე მომართავს თავის პოლიტიკას. [ჭიაბერაშვილის ხმა]: "ამდენად, თუ სიტუაცია მძიმდება, მოქალაქეთა მხრიდან უნდა ველოდოთ უფრო ზოგად შეფასებებს: არა იმას, რომ მე არა მაქვს ფული ჯიბეში, არამედ იმას, რომ ქვეყანა მივიყვანეთ დანგრევის პირას, შევარდნაძის წარუმატებლობის გამო ქვეყანა უფრო დაბლა დაეშვა და ა.შ. ეს არის ზოგადი ფრაზეოლოგია, რომელსაც ნათელაშვილზე უკეთ იყენებს ხელისუფლებაში ნამყოფი ოპოზიცია. შალვა ნათელაშვილს აქვს მაღალი რეიტინგი: პრობლემატიკის დასმის დროს, ზოგადი კრიტიკისა და ბოღმის გადმონთხევისას ის მართალია. მაგრამ, აბა, თითოეულმა ადამიანმა წარმოიდგინოს შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტად. როგორც კი ამას წარმოიდგენ, მისი რეიტინგი ეგრევე ეცემა. სიტუაციის გაუარესება მოითხოვს არა პრობლემების გამოკვეთასა და ბოღმის გადმონთხევას, არამედ გლობალურ, ამავე დროს, კონკრეტულ სტრატეგიულ ნაბიჯებს ამ მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად".

მოკლედ, იხეირებს თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ძალა სოციალური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ჩანს, უწინარესად დამოკიდებული იქნება მოქალაქეთა პოლიტიკურ გემოვნებასა და განათლებაზე.
XS
SM
MD
LG