Accessibility links

logo-print

ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რამდენიმეწლიან ურთიერთობას "ზიგზაგური" შეიძლება ეწოდოს. მრავალმილიონიანი პროგრამების განხორციელების ეტაპს, ტრადიციულად,

პროგრამების შეჩერება ან შეჩერების მუქარა სდევს ხოლმე თან იმ პირობების შეუსრულებლობის გამო, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ენერგიულად კისრულობს, მაგრამ, საბოლოოდ, ვერ ან არ ასრულებს. ამჯერადაც, საქართველოს მთავრობის მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო, დიდი შანსია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამები შეაჩეროს.


ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პუნქტ-პუნქტად ჩამოწერა ის რეკომენდაციები, რომელთა შეუსრულებლობა, შესაძლოა, საქართველოში მიმდინარე პროგრამების შეჩერების მიზეზად იქცეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჯეროინ კრემერსის წერილის თანახმად, ეს გახლავთ ფისკალური გარღვევა, ენერგოტარიფის ადრინდელი ოდენობის აღდგენა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ავტონომიის უზრუნველყოფა, სახელმწიფო წილით მომუშავე საწარმოთა აუდიტი, საჯარო რეფორმის გეგმა, საგადასახადო კოდექსში შესწორებების შეტანა. შეუსრულებელი რეკომენდაციების ჩამონათვალი ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აღებული პირობების შეუსრულებლობაში სცოდავს ხელისუფლების სამივე შტო: აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელმაც ამჯერადაც ვერ შეძლო რეალისტური სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა და შესრულება; საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც აჭიანურებს აუცილებელი კანონპროექტების მიღებას; სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ლეიბორისტული პარტიის სარჩელის საფუძველზე, შეამცირა ენერგოტარიფი.
ექსპერტთა განმარტებით, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების შეუსრულებლობა აისახება ლარის კურსზე, საეჭვოა, ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ მხარი დაუჭიროს პარიზის კლუბში საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე კრედიტორ ქვეყნებთან საქართველოს მოლაპარაკებებს.
ეკა წამალაშვილი უკვე გესაუბრათ პრეზიდენტ შევარდნაძის საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობილებაზე მისიის ვიზიტის წინ და იმაზე, რომ ხმები ფონდის მიერ საქართველოში საქმიანობის შეჩერების შესახებ მას გადაჭარბებულად მიაჩნია. სხვა განწყობა ჰქონდა პრეზიდენტ შევარდნაძეს 2001 წლის თებერვალში, როცა საუბრობდა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობის შეჩერების საფრთხეზე იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში ე.წ. ნულოვანი ვარიანტის ხელშეკრულების რატიფიცირება ჩავარდებოდა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " პირდაპირ ვიტყვი: შედეგი იქნებოდა უმძიმესი, შესაძლოა, კატასტროფულიც, კატასტროფული ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ამას შეიძლება მოჰყოლოდა, როგორც მინიმუმ, ბიუჯეტის განახევრება, აქედან გამომდინარე ყველა სირთულეებით - თვით პოლიტიკური კატაკლიზმებითაც კი. და ამის მიზეზი იქნებოდა სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან ჩვენი ურთიერთობების ფაქტიური გაწყვეტა."
ამ 2 წლის წინანდელ მოვლენებს შეგახსენებთ: 2001 წლის 12 იანვარს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღადგინა საქართველოში სიღატაკის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის სამწლიანი პროგრამის დაფინანსება, რომელიც 1998 წელს შეწყდა. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, პარიზის კლუბში საქართველოსთვის მხარდასაჭერად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვდა რუსეთ-საქართველოს შორის ე.წ. ნულოვანი ვარიანტის ხელშეკრულების რატიფიცირებას. პარლამენტის მაშინდელმა უმრავლესობამ, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. პარიზის კლუბმა საქართველოს საგარეო ვალების 2 წლიანი რესტრუქტურიზაცია გააკეთა. მოლოდინის მიუხედავად, საგარეო ვალის რაოდენობას - 700 მილიონ დოლარს - ცენტი არ დაჰკლებია.
XS
SM
MD
LG