Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოლოდინი უკავშირდება თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის ჩამოსვლას


მიუხედავად იმისა, რომ ამ ცოტა ხნის წინ ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოდან წასვლის საშიშროებას აღნიშნავდა, 23 ივნისს, ფონდის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლის წინ,

მას ხსენებული საშიშროება აღარ უხსენებია. ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა საქართველოს და სავალუტო ფონდის ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული აქვს. არის თუ არა ეს ასე, ამას თავად ფონდის დელეგაცია გაარკვევს. დელეგაცია თბილისში ერთ კვირას დაყოფს და მიიღებს კიდეც გადაწყვეტილებას იმის შესახებ, განახლდება თუ არა საქართველოს დაფინანსების პროგრამები.


პრეზიდენტის არ იყოს, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაც აღმოაჩენს, რომ საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუსრულებია, მაშინ სავალუტო ფონდი არა თუ შეწყვეტს საქართველოსთან თანამშრომლობას, პირიქით, გააგრძელებს. მაგრამ საეჭვოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია, რომელსაც პაოლო ნოუჰაუზი ხელმძღვანელობს, საქართველოს მიღწევებით აღფრთოვანდეს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარის რომან გოცირიძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, საქართველოს ვალდებულებათა შესასრულებლად დამატებითი დრო მისცენ. გოცირიძე არც იმას გამორიცხავს, სავალუტო ფონდი, ბიუჯეტის სერიოზული შეკვეცის პირობით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე დათანხმდეს. მოკლედ, მდგომარეობა რთულია, თუმცა, ედუარდ შევარდნაძის 23 ივნისის განცხადებით, სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ვითარება საგანგაშო არ არის. ჩანს, პრეზიდენტი არ ელის საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოდან წასვლას, რასაც სულ ცოტა ხნის წინ შესაძლებლად მიიჩნევდა. ასეა თუ ისე, მაშინაც, როცა პრეზიდენტი ასეთ შესაძლებლობას აღნიშნავდა, ესე იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის თბილისში ჩამოსვლამდე, და დღესაც არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს საკუთარი პრობლემების წინაშე მარტოს არ დატოვებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელშიც გადამწყვეტი ხმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის, საქართველოს შემთხვევაში გეოპოლოტიკური ამოცანების შესატყვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ასე ფიქრობს ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც. მისი თქმით:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "სწორედ ეს გარემოება განაპირობებს საქართველოს მთავრობის პარაზიტულ განწყობას. მან იცის, რომ ვერ შეელევიან და, აქედან გამომდინარე, კადრულობს იმას, რაც არც ერთი ქვეყნის მთავრობას არ უკადრია. "

"ფონდი საქართველოსთან ურთიერთობას, ალბათ, არ შეწყვეტს. საშინელი დასასრული, ალბათ, არ იქნება. სამაგიეროდ, გაუთავებელი საშინელება გაგრძელდება. არ შეიძლება სახელმწიფო მუდმივად დახმარებებზე იყოს დამოკიდებული. მე არ მეგულება ქვეყანა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერობით დაძლეულიყოს კრიზისი, "- ამბობს ნიკო ორველაშვილი და დასძენს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "რომ მეგულებოდეს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გუნდი, რომელიც შეძლებდა ქვეყნის შიდა რესურსების ამოქმედებას, ვამჯობინედი დასრულებულიყო ეს საშინელება და ამოქმედებულიყო ქვეყნის შიდა რესურსები. "

მაგრამ ნორმალური პოლიტიკური გუნდი არ ჩანს. ედუარდ შევარდნაძის სიტყვებით, საქართველოს გრძელვადიანი ინტერესები აბსოლუტურად ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებს. ამ ფონდის დელეგაცია ვითარებას საქართველოში ერთი კვირის მანძილზე შეისწავლის. ამის შემდეგ გაირკვევა, აღდგება თუ არა საქართველოს დახმარების პროგრამა და პარიზის კლუბში დაუჭერს თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას.
XS
SM
MD
LG