Accessibility links

logo-print

რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ბელორუსიის სავალუტო კავშირი?


ივნისის დამდეგს რუსეთი და ბელორუსია შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სავალუტო სივრცის გაერთიანების გეგმაზე.

როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, ეს შეთანხმება ძალიან პირობითი ხასიათის არის, რადგან უმთავრეს საკითხზე - ფულის ემისიაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებაზე - კამათი გრძელდება.

გამოქვეყნებული დოკუმენტის, ანუ ბელორუსიის სავალუტო სივრცის რუსულ რუბლზე გადასვლის განრიგის თანახმად, ორწელიწადნახევარში ბელორუსია, რომლის ვალუტასაც ასევე რუბლი ჰქვია, რუსული რუბლის სამფლობელოს შეუერთდება. ამ სავალუტო კავშირის პერსპექტივას ბევრი კრიტიკულად უყურებს და მიმომხილველთა უმეტესობაც დარწმუნებულია, რომ ის შეასუსტებს ბელორუსიის სუვერენიტეტს და სარგებლობას მოუტანს რუსეთის ეკონომიკას. ასევე ბევრის აზრით, მართვის ავტორიტარული მეთოდებით ცნობილი, საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან იზოლირებული, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომლის ქვეყანაც ძლიერ დაზარალდა უცხოური ინვესტიციების შეჩერებისგან, ცდილობს, ძალაუფლება რუსეთთან ვაჭრობის გზით შეინარჩუნოს.

მინსკში მოქმედი ეკონომიკური კვლევის დამოუკიდებელი ცენტრის პრეზიდენტი იაროსლავ რომანჩუკი ეჭვობს, რომ 2005 წლისთვის მოხერხდება ბელორუსიის შეყვანა რუსული რუბლის ზონაში. თავის მოსაზრებას რომანჩუკი სწორედ ლუკაშენკოს ფაქტორით ასაბუთებს: იმით, რომ ბელორუსიის პრეზიდენტისთვის სავალუტო კავშირი არის არა წმინდა ეკონომიკური, არამედ ეკონომიკურ-პოლიტიკური საკითხი:

[რომანჩუკის ხმა] 061777 "პრობლემის პოლიტიკურ ასპექტს მინსკი შემდეგნაირად განიხილავს: თუკი ლუკაშენკო ერთიან ვალუტას დათანხმდება, მაშინ კრემლი უნდა დათანხმდეს მისი პრეზიდენტობის მესამე ვადით გაგრძელებას. ეს არის ერთგვარი ვაჭრობა სახელმწიფოებს შორის და, რამდენადაც მე ვიცი, ბევრი ექსპერტი და მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფი პირი ლუკაშენკოს პრეზიდენტობის გაგრძელების წინააღმდეგია. ასე რომ, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რას მიიღებს ლუკაშენკო სავალუტო კავშირზე თანხმობის შემთხვევაში."

პრეზიდენტი ლუკაშენკო დღესაც ირწმუნება, რომ სავალუტო კავშირში ფულის, ანუ რუსული რუბლის ემისიაზე გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზე შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. 18 ივნისს, ანუ სავალუტო კავშირის შეთანხმების განხორციელების განრიგის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ, ბელორუსიის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრსა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ის არაფერს დაპირებია და რომ მისი - ლუკაშენკოს - პირადი ცხოვრება, პოლიტიკურის ჩათვლით, არაფერია ბელორუსიის ხალხისა და სახელმწიფოს მომავალთან შედარებით. სხდომაზე ბელორუსიის პრეზიდენტმა ხაზი სწორედ იმას გაუსვა, რომ ორ სახელმწიფოს შორის არ არის მიღწეული შეთანხმება ემისიის საკითხზე. 18 ივნისის სხდომაზე ლუკაშენკომ, კერძოდ, განაცხადა (ნაწყვეტი სტენოგრამიდან): "საკითხი იმაზე, თუ სად დაიბეჭდება ფული მხოლოდ არაპროფესიონალ და უსინდისო ჟურნალისტებს აწუხებთ. ფული ჩვენ შეგვიძლია დავბეჭდოთ გერმანიაში, ამერიკაში, რუსეთში, სადაც გნებავთ. სხვათა შორის, ჩვენს ბელორუსულ ფულს რუსეთში ვბეჭდავთ. ამიტომ ჩვენ სრულებით არ მოვითხოვთ, რომ ფული ბელორუსიაში იბეჭდებოდეს. რად გვინდა ჩვენ ასეთი ბაზის შექმნა? ფული იბეჭდება და დაიბეჭდება რუსეთში. მაგრამ როგორ, რა წესებით განხორციელდება ემისია? აქ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საგანგებო საბჭომ, რომელშიც ორი მხარე თანაბრად იქნება წარმოდგენილი."

მაგრამ სრულიად ზედმეტია თანაბარ წარმომადგენლობაზე საუბარი, როცა საქმე რუსეთთან გაქვს. მიმომხილველები ტყუილად არ იხსენებენ ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელ ნათქვამს: "თუკი ბელორუსიამ მოისურვა რუსეთის რესპუბლიკა გახდეს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო." ერთი სიტყვით, საქმე, როგორც ჩანს, მართლაც ლუკაშენკოს სასოწარკვეთილ ბრძოლასთან გვაქვს. როგორც ერთმა ბელორუსმა კოლეგამ მითხრა, სუვერენიტეტის დათმობა ადვილი არ არის, ხოლო დიქტატორისთვის, იქნებ, უფრო ძნელიც კი იყოს.
XS
SM
MD
LG