Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიურ დარბევათა ტრანსფორმაცია საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი დღესაც, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, საქართველოში რელიგიურ საფუძველზე დარბევის შესახებ გვიწევს ლაპარაკი. ამჯერად სახარებისეული რწმენის ქრისტიანთა თემის, ორმოცდაათიანელთა,

ორი დღის წინანდელ შევიწროებაზე მოგითხრობთ. ასეთი დარბევები ქვეყანაში თანდათან სახეს იცვლის.

რელიგიური ძალადობის ნერგმა საქართველოში იხარა. ხელისუფლება აქამდე უყრუებდა როგორც ნაგვემ და საკუთრებაშემუსრულ მოქალაქეთა ჩივილს, ისე ადამიანის უფლებადამცავ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც დამნაშავეთა დასჯის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებდა მას. ახლა ხელისუფლებას შეუძლია განასახიეროს ბრძოლა რელიგიური მოძალადეების წინააღმდეგ, შეუფარდოს მათ პატიმრობა, უფრო ხშირად ილაპარაკოს შემწყნარებლობასა და ძალადობის დაუშვებლობაზე: უმსგავსობის აშკარა და ფარულმა წაქეზებამ მიზანს მიაღწია. ბასილ მკალავიშვილი საჭირო აღარ არის, რადგან მისი საქმე, მისი პათოსი ათეულობით (თუ მეტმა არა) ადამიანმა გაიზიარა, ისეთმა, გლდანელ ნამღვდლარს სულ რომ არ იცნობს.

გასულ კვირადღეს, 22 ივნისს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გარეჯელის ქუჩაზე, მორიგი დარბევა მოხდა რელიგიურ ნიადაგზე. ამჯერად მართლმადიდებლობის სახელით მოქმედმა ადამიანებმა - ძირითადად, ახალგაზრდებმა - მიზანში სახარებისეული რწმენის ქრისტიანები, ორმოცდაათიანელები, ამოიღეს. ამ რელიგიური ჯგუფის მრევლს, ძირითადად, შუახნისა და ხანდაზმული რუსულენოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ. გასულ კვირას ისინი, ჩვეულებრივ, შეკრებასა და ღვთისმსახურებას აპირებდნენ, თუმცა, როგორც ერთი კვირით ადრე, 15 ივნისს, მათ ეს არც ახლა დაანებეს. ორმოცდაათიანელთა ეპისკოპოსი ნიკოლაი კალუცკი მიამბობს [კალუცკის ხმა]: "ადამიანების ჯგუფმა მანქანებით ქუჩა გადაკეტა და ხალხს არ უშვებდნენ, ინტენსიურად ავიწროებდნენ. ახალგაზრდებს ხელი ჩასჭიდეს და იქიდან გაათრიეს. ამის შემდეგ მე მომაწვნენ და მაიძულებდნენ ადამიანები გამეშვა და თავადაც წავსულიყავი. მემუქრებოდნენ ასეთი სიტყვებით: სექტანტებო, მოშორდით აქედან, თქვენ რუსები ხართ, ამდენად, სტუმრები, და ამიტომ უნდა წახვიდეთ, აქ არაფერი გესაქმებათ და ა.შ. როცა დავინახე, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა და მათ შეეძლოთ ფიზიკური ზემოქმედებისთვისაც მიემართათ, რაკი პოლიცია არ იყო, მე ხალხს ვუთხარი, წასულიყვნენ".


აშკარაა, რომ დამრბევთა ხელწერა, ასე ვთქვათ, დაიხვეწა: თუ აქამდე ვუყურებდით, სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, როგორ პარსავდნენ ადამიანებს თმებს, თავზე ჯვარს ამტვრევდნენ, ავეჯსა და წიგნებს უწვავდნენ, სცემდნენ - დღეს რელიგიური ძალადობა გამოსახვის ახალ ფორმებს ეძებს და პოულობს: ესაა გზის გადაკეტვა, მისასვლელთა დაბლოკვა, შევიწროება, სიტყვიერი მუქარის პრიმატი. ნიკოლაი კალუცკიმ ისიც მითხრა, როგორ მიმართა მას ერთმა ახალგაზრდამ: შენ გინდა, რომ გცემოთ, მაგრამ ვერ ეღირსები...

ამ დროს პოლიციაც უფრო მოსვენებულად გრძნობს თავს. მას არ აწუხებს ვალდებულება, გააშველოს მოძალადე და მსხვერპლი. პოლიცია დგას და უყურებს, რომ ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მივიდეს. ეს ბრბოა, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ - განუცხადეს პოლიციის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორმოცდაათიანელთა ეპისკოპოსს. ისიც მადლობელია, რომ მრევლთან ერთად ცემას გადაურჩა.
XS
SM
MD
LG