Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომა


24 ივნისს მოსკოვში განახლდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელშიც საქართველოს მხრიდან 14 კაციანი დელეგაცია მონაწილეობს,

საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ირაკლი მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. მოსკოვიდან მიღებული ინფორმაციით, დღის წესრიგის ყველაზე მწვავე საკითხს ქართული პოლიციის დამატებითი საგუშაგოების გაუქმება და კონფლიქტის ზონაში სამართალდამცველ ორგანოთა საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედება წარმოადგენს. მაგრამ სხდომის დაწყების წინ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს საქართველოს პრეზიდენტისადმი კომისიის ოსი წევრის, ბორის ჩოჩიევის, მიმართვა, რომელშიც ოსეთის მხარის მიერ ედუარდ შევარდნაძის პირადი წარმომადგენლის მისამართით საკმაოდ მძიმე ბრალდებებია გამოთქმული.

კონფლიქტოლოგთა შეფასება, რომ მხარეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში გაცილებით წინ წაიწიეს, რამდენიმე მოსაზრებას ეყრდნობა: ცხინვალის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალები მართლაც შერეულია და ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია აქვთ, კონფლიქტის მოწესრიგების პროცესს კურატორობს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს ეკონომიკურ პროექტებს სოციალური ინფრასტრუქრის გასაუმჯობესებლად როგორც ცხინვალის, ისე მის მიმდებარე ქართულ სოფლებში. მაგრამ ამ მოსაზრებას სერიოზული გამოცდა ელოდება: როგორც არასდროს, გამწვავდა ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის, ქართული პოლიციის დამატებითი საგუშაგოების გახსნის გამო, და, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, აღინიშნება ცხინვალიდან დევნილი ქართული მოსახლეობის აქტიურობა მშობლიურ ადგილებში დასაბრუნებლად. მათ 24 ივნისს პოლიტიკური ორგანიზაცია "სამაჩაბლო" დააფუძნეს. შესაბამისად, 24 ივნისს მოსკოვში დაწყებულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას, რომელიც ტრადიციულ ფორმატში - მოკონფლიქტე მხარეების, რუსეთის, ეუთოს, გაეროსა და ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლების მონაწილოებით - მიმდინარეობს, ყველა ამ მწვავე შეკითხვის განხილვა მოუწევს. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ირაკლი მაჭავარიანმა განაცხადა, წინა სხდომებისგან განსხვავებით, შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულია და იგი არც სადავო საკითხების სიმრავლით გამოირჩევა.

[ირაკლი მაჭავარიანის ხმა] "ეს არის ეკონომიკური საკითხი, ორ ნაწილად: ეს არის რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე და ევროკომისიის პროგრამა, ასევე რეაბილიტაციაზე. მესამე საკითხია, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პრობლემა; სამართალდამცველთა ურთიერთქმედების საკითხები და, ბოლოს, შერეული საკონტროლო კომისიის ბიულეტენის გამოსვლა."

მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ ამ ბიულეტენში აისახება კონფლიქტის მოწესრიგების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაზეც არაკომპეტენტური და გადაუმოწმებელი ინფორმაციები ვრცელდება. ეს იდეა, როგორც ჩანს, მეტად დროულია და მაჭავარიანს, რომ იტყვიან, ენამ უყივლა.

24 ივნისს ქართულმა სააგენტო "კავკაზ-პრესმა"გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტისადმი ქართულ-ოსური შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის მიმართვა, რომელშიც ოსი პოლიტიკოსი ირაკლი მაჭავარიანს 2000 წლის 23 დეკემბრის შეთანხმების ჩაგდებაში ადანაშაულებს.საააგენტოს ცნობით, მიმართვაში ნახსენებია 2,5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა, რომლითაც თურმე, ამ შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის ზონაში კონკრეტული პროგრამები უნდა განხორციელებულიყო. აი, რა გვიპასუხა ამ ბრალდებაზე ირაკლი მაჭავარიანმა:

[ ირაკლი მაჭავარიანი სხმა] "ამის მთქმელს ისიც კი არ ესმის, რომ ეს ორი სხვადასხვა საკითხია. 2000 წლის 23 დეკემბერს ხელი მოეწერა სწორედ რუსეთ-საქართველოს სამთავრობათაშორისო შეთანხმებას კონფლიქტის ზონაში აღდგენითი სამუშაოების შესახებ. 2,5 მილიონი ევროს პროგრამა კი არის ევროკავშირის პროგრამა."

როგორც ჩანს, საქმეს ჯერჯერობით ვერ უშველა საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი პირადი წარმომადგენლის, სოციალისტთა ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის 2003 წლის იანვრის ზეპირმა შეთანხმებამ, რომლის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ 2003 წელი მხარეთა შორის ნდობის აღდგენის წლად ქცეულიყო. ისე, კაცმა რომ თქვას, კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი სწორედ ნდობის აღდგენაა. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG