Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიანობა, ფერწერა და ადამიანის უფლებები


"იესო ქრისტე - მკურნალი და შემრიგებელი" - ამ დევიზით 25 ივნისიდან 2 ივლისამდე ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰაიმში გაიმართება ევროპის ქრისტიანთა (კათოლიკეთა, მართლმადიდებელთა და

პროტესტანტთა) მეთორმეტე ასამბლეა. ოფიციალურად საქართველოდან ასამბლეაზე მხოლოდ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ევროპის ქრისტიანთა ასამბლეას უკვე შეუერთდა თბილისის "კავკასიური სახლი", სადაც 17 ივნისს თანამედროვე ქართული რელიგიური მხატვრობის გამოფენა მოეწყო.

ევროპის ეკუმენური გაერთიანების ასამბლეის მხარდასაჭერად მოწყობილ გამოფენას ქართულმა მედიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი ხუციშვილმა ექსპოზიციის გახსნისთანავე ჩამოხსნა თავისი ნამუშევარი. მას, როგორც ჩანს, არ მოეწონა, რომ "კავკასიურ სახლში" იმ დღეს სომხური, კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. როგორც ჩანს, არც "კავკასიური სახლის" დირექტორის ნაირა გელაშვილის ეს სიტყვა მოეწონა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა დამანგრეველი მუშაობა, მეზობლების დახმარებით, იმ ძალების მიერ, რომლებმაც მოახერხეს საქართველოს ეკლესიის მოქცევა სრულ იზოლაციაში, რომლებიც მთელ საქართველოს მიაქანებენ მარტოობისკენ..."ეკუმენური" სიტყვაც კი მათ გადააქციეს სალანძღავ სიტყვად... იწვება ბიბლიები, ეკლესიები და, ჩვენი განათლების უაღრესად დაბალი დონის გამო, ისიც კი არ იცის ხალხმა, რომ ასე იწყებოდა ფაშიზმი, ასე იწყებოდა ბოლშევიზმი, რომლებმაც მთელი საუკუნე სამარეში ჩაიტანეს."

ზოგიერთმა ქართველმა მხატვარმა თავიდანვე უარი განუცხადა "კავკასიურ სახლს" გამოფენაში მონაწილეობაზე. ნაირა გელაშვილის თქმით:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "როდესაც ჩვენ ასეთი გამოფენის ორგანიზება განვიზრახეთ და მხატვრებს ვუთხარით, რომ ეს არის გამოძახილი იმ დიდი მოვლენისა, რომელიც დღეს ევროპაში ხორციელდება, ერთმა-ორმა მხატვარმა უარი გვითხრა... ძალზე დამახასიათებელია სიტყვები ერთი ჩვენი ცნობილი მხატვრისა, რომელმაც გვითხრა: მართალია, მე დიდად არაფრად მიმაჩნია ეკლესია, მაგრამ ვერ ვუღალატებ იმ ჯვარს, რომელიც პაპაჩემის საფლავზე დგასო და ვერ მივიღებ ამ გამოფენაში მონაწილეობასო, რამაც სრულიად დაგვაბნია, რადგან... ეს არ უშლის მას ხელს პროტესტანტებსა და კათოლიკეებს ნახატები მიჰყიდოს."

საინტერესოა, რომ თანამედროვე ქართული რელიგიური მხატვრობის გამოფენის გახსნაზე არ მობრძანდნენ არც სამთავრობო მედიის წარმომადგენლები... მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, მიუხედავად იმისა, რომ "კავკასიური სახლის" გამოფენაზე მთელი ერთი ოთახი დაეთმო ირაკლი ფარჯიანის ფერწერას, მხატვარს, რომელიც, ნაირა გელაშვილის თქმით, სწორედ იმიტომ იყო დიდი ხელოვანი, რომ ვიწრო ეთნიკურ თუ რელიგიურ საზღვრებში არასდროს ჩაკეტილა. ნაირა გელაშვილმა აღნიშნა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "მაგრამ მთელი ჩვენი პრესა, პოლიტიკური ძალები, ჩაბმულია ამ ბოიკოტში, მაშინ როცა საქართველომ იმიტომ მოაღწია მეოცე საუკუნემდე, რომ ღია იყო ყველა კულტურისათვის... დღეს კი დაწყებულია ბოიკოტი დასავლეთის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ."

საინტერესოა, რომ პრესისა და ქართველი პოლიტიკოსების ბოიკოტზე "კავკასიურ სახლში" ბატონმა პეტრე მამრაძემაც იმსჯელა. უფრო მეტიც, პრეზიდენტის კანცელარიის მდივანმა პეტრე მამრაძემ ამ ბოიკოტში "ბნელი ძალების" მოსვლის საშიშროება დაინახა.

[პეტრე მამრაძის ხმა]: "მე ამაში ვხედავ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, რომელიც იყო რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის ნაწილი პეტრე პირველის დროიდან... ხოლო შემდეგ კაგებეს 70-იანი წლების ბატონობის შედეგს... ეს არის ჩეკისტური მემკვიდრეობის შედეგი... ნახეთ რეალური ფასი ჩვენი პრესისა დღეს. ვერ ბედავენ, ბედავენ პრეზიდენტის ლანძღვა-გინებას... მაგრამ ამას ვერ ბედავენ, ისმის კითხვა - რატომ? მინდა ისიც გითხრათ, რომ ძალთა განაწილება ისეთია ქვეყანაში, რომ შეიძლება გაცილებით უფრო ბნელმა დრომ დაისადგუროს. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება."

ცნობისათვის: ევროპის ეკუმენური გაერთიანების პრეზიდენტია კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი საპატრიარქოს მეტროპოლიტი იერემია. ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ საერთო-ევროპული ფორუმი 1997 წელს დატოვა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG