Accessibility links

თავდასხმები ბრიტანელ ჯარისკაცებზე ერაყში: ორგანიზებული წინააღმდეგობა, თუ ცალკეულ ინციდენტები?


სამშაბათს ერაყში მოწყობილი იერიშებისას 6 ბრიტანელი ჯარსიკაცის მოკვლამ, რის შესახებაც იმავე დღის ახალი ამბების გამოშვებაში ვიუწყებოდით, წამოჭრა რამდენიმე შეკითხვა, რომელთაც ახლა გამოვეხმაურებით.

კერძოდ: რა მასშტაბი აქვს შეიარაღებულ წინააღმდეგობას, რომელიც ერაყში დასავლეთის სამხედრო კოალიციას უპირისპირდება? ან რა სახის წინააღმდეგობაზეა ლაპარაკი - ორგანიზებულ მოძრაობაზე, თუ ცალკეულ ინციდენტებზე? ამ შეკითხვებზე პაუსხის ძიებაში ჩვენი რადიოს თანამშრომელი ჩარლზ რეკნაგელი ექსპერტებსის დაუკავშირდა.

მაგრამ თავდაპირველად, რაც შეეხება ბრიტანელ სამხედროებზე თავდასხმის დეტალებს. მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი: ვიცით, რომ ისინი სამხრეთი ერაყის ქალაქ ამარაჰიდან 20 კილომეტრში, ერაყელი პოლიციელების წვრთნის დროს მოკლეს და რომ მოიერიშეები რეაქტიული ნაღმსატყორცნებით იყვნენ შეიარაღებული. ვიცით აგრეთვე, რომ მოგვიანებით კიდევ 8 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიჭრა მათს პატრულსა და შვეულმფრენზე თავდასხმისას. აი, ვინ იყვნენ მოიერიშეები, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესმა" ადგილობრივი პოლიციელისაგან შეიტყო, რომ ბრიტანელ ჯარისკაცებს შეუტიეს ადგილობრივმა მოსახლეებმა, რომლებიც განრისხებული იყვნენ იმავე დღეს ქალაქ მაჯარ ალ-კაბირში მშვიდობიანი დემონსტრანტების დახოცვით. საინფორმაციო წყაროებში სხვა ვერსიებიც არის გამოთქმული: რომ მოიერიშეები სადამ ჰუსეინის ერთგული მიმდევრები, პროირანულად განწყობილი შიიტები, ან კონტრაბანდისტები იყვნენ.

ასეა თუ ისე, ლონდონელი პოლიტოლოგი, მაიკლ კლარკი ფიქრობს, რომ საქმე არ ეხება ორგანიზებულ წინააღმდეგობას: [მაიკლ კლარკის ხმა] "თავდასხმების ზოგიერთი გარემოება მიგვანიშნებს, რომ საქმე ეხება ადგილობრივ ინციდენტს, რომელიც მოჰყვა სხვა ინციდენტს, როცა სამშაბათს დილას 4 დემონსტრანტი იქნა მოკლული. ამან უმალ გამოიწვია უკმაყოფილება და ორი ბრიტანელი ჯარისკაცის დახოცვა. დანარჩენი ოთხი კი პოლიციის საგუშაგოში დაიმალა და ორსაათიანი სროლის შემდეგ დაეცა".

თუ საქმე ადგილობრივ ინციდენტს ეხება, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრიტანელი სამხედროები ისევე მშვიდად და მშვიდობიანად გააგრძელებენ უმეტესწილად შიიტებით დასახლებული სამხრეთი ერაყის ოკუპაციას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აქამდე ბრიტანელებს ლითონის მძიმე ჩაფხუტების დახურვაც კი არ დასჭირვებიათ, მაშინ როცა მათი ამერიკელი მოკავშირეები, რომლებიც, როგორც ცნობილია ცენტრალურ ერაყს აკონტროლებენ, ლამის ყოველ დღე ხდებიან თავდასხმის სამიზნე.
[ფილიპ მიჩელის ხმა] "იმის გავითვალისწინებთ, რაც გასულ კვირებში მოხდა, ვფიქრობ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა იქ მყოფ ბრიტანელ სამხედროებთან. ამიტომ, ვფიქრობ, ლაპარაკია ერთჯერად ინციდენტზე. თუმცა, მომხდარის მიღმა შეიძლება ვივარაუდოთ გარკვეული გეგმა, რომელიც ადგილობრივი კრიმინალური აქტიურობიდან უფრო მომდინარეობს, ვიდრე ანტი ბრიტანული განწყობილებიდან, ან სადამ ჰუსეინის მომხრეების განზრახვებიდან", -ამბობს ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი, ფილიპ მიჩელი. მისი ნათქვამის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ამარას რეგიონი, სადაც 6 ბრიტანელი მოკლეს, მდებარეობს ჰეროინის კონტრაბანდისათვის გამოყენებელ ერთ-ერთ მთავარ გზასთან, რომელიც ავღანეთიდან რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ერაყისა და ირანის გავლით ევროპას უკავშირდება.

ამასობაში, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება და ჯარისკაცების უკეთესად დასაცავად ბრიტანეთის ხელისუფლებამ სამხრეთ ერაყში შესაძლოა დამატებითი შენაერთები განათავსოს.
XS
SM
MD
LG