Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ყველა გახმაურებული გატაცების ორგანიზატორს აკავებენ


საქართველოში, შესაძლოა, სულ მალე ადამიანების გატაცების გახმაურებული საქმე საბოლოოდ გაიხსნას. 25 ივნისს მოსკოვში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს განსაკუთრებით საშიში

დამნაშავე შოთა ჭიჭიაშვილი, რომლის სახელიც საქართველოში მომხდარ რამდენიმე სკანდალურ დანაშაულში - მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცების საქმეშიც - ფიგურირებდა. აღსანიშნავია, რომ სამი დღით ადრე საქართველოს უშიშროების თანამშრომლებმა პანკისის ხეობაში ესპანელი ბიზნესმენების გატაცების საქმის თანამონაწილე ალენ ბორჩაშვილი დააკავეს. პარალელურად, საქართველოში ჩნდება ინფორმაცია, რომ დაპატიმრება, შესაძლოა, დანაშაულში თანამონაწილე ზოგიერთ ყოფილ მაღალჩინოსანსაც შეეხოს.


ერთი წლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მიერ ანტიტერორიზმის ხაზით დაწყებულ სპეცოპერაციას, ბოლოს და ბოლოს, კონკრეტული შედეგები მოაქვს. 22 ივნისს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში 2000 წლის ნოემბერში ესპანელი ბიზნესმენების გატაცების ერთ-ერთი ორგანიზატორი, 25 წლის ქისტი ალენ ბორჩაშვილი, დააკავეს. სამი დღის შემდეგ კი დაკავებულთა რიცხვი კიდევ ოთხი ქისტით გაიზარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო ღონისძიების შედეგად, ოთხშაბათ დილით მათ პანკისის ხეობაში დააპატიმრეს დამნაშავეთა ჯგუფი, რომელსაც ადამიანის მძევლად აყვანის მცდელობაში, ყაჩაღობასა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა ბრალდება.

პარალელურად, საქართველოში მომხდარი დანაშაულის ავტორებს საგამოძიებო ჯგუფი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ეძებს.

24 ივნისს ქართველმა და რუსმა სამართალდამცველებმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოსკოვში, საკუთარი დის საცხოვრებელ ბინაში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი, რომელიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის ყველა გახმაურებულ დანაშაულში - მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლების, პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის, ესპანელი ბიზნესმენებისა და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცებაში - ეჭვმიტანილად ცხადდება.

საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ქართული მხარე ამზადებს აუცილებელ დოკუმენტებს ჭიჭიაშვილის ექსტრადირებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა კი ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და საშიში ბოროტმოქმედის დაკავებაში თავის რუს კოლეგას ბორის გრიზლოვს საჯაროდ გადაუხადა მადლობა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ჭიჭიაშვილი იმდენად ცენტრალური ფიგურაა გატაცების საქმეებში, რომ მისი ექსტრადიციისა და შემდგომი იზოლირების პროცესში, შესაძლოა, მისი ლიკვიდაციაც დაიგეგმოს.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] "მე ამაში გეთანხმებით, რომ ჭიჭიაშვილის იზოლაცია უნდა მოხდეს ძალიან სერიოზულად. რა თქმა უნდა, ეს აქედან დაწყებული, მისი ბადრაგირებით დაწყებული, და, რასაკვირველია, საგამოძიებო იზოლატორში მისი ყოფნისას."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში დაკავებული შოთა ჭიჭიაშვილი ყოფილი პოლიციელია. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც, რომ თავის დროზე იგი იყო გია გულუას სახელობის ანტიტერორისტული სპეცრაზმის წევრი, მისი სახელი ფიგურირებს აგრეთვე 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამბოხებაშიც, მაგრამ თუ როგორ იქცა ჭიჭიაშვილი საშიშ დამნაშავედ და ბოროტმოქმედად, ამის შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყარო ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ისევე როგორც ტაბუ ადევს ადამიანთა გახმაურებული გატაცების(როგორც ყველაზე შემოსავლიანი კრიმინალური ბიზნესის) ისტორიაში პოლიციისა თუ ყოფილი უშიშროების მაღალჩინოსნების მონაწილეობის თემას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG