Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისში 24 ივნისს დაიწყო ვიზიტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგულარული მისიისა, რომელმაც საქართველოსათვის პროგრამის დაფინანსების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

მისიის ხელმძღვანელი პაოლო ნეუჰაუსი ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკს შეხვდება და მათი რეკომენდაციების შესრულებას ჩაუტარებს მონიტორინგს. როგორ მიმდინარეობს შეხვედრები და რა პერსპექტივა არსებობს, ფონდთან პროგრამის გაგრძელების თვალსაზრისით?

სავალუტო ფონდის ამჟამინდელი მისიის ვიზიტს განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს თან, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობის გამწვავების თაობაზე საზოგადოებაში ცხოველ ინტერესს იწვევს.

ფონდის მისიის ხელმძღვანელის პაოლო ნეუჰაუსის პირველი დღის შეხვედრები შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ნეუჰაუსი 24 ივნისს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ირაკლი მანაგაძეს და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს თემურ ბასილიას შეხვდა.

ეროვნულ ბანკში შეხვედრისას საუბარი შეეხო სებ-ის მიერ განხორციელებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" პროგრამის ჩარჩოებში სსფ-ის რეკომენდაციების შესრულების საკითხებს.

პაოლო ნეუჰაუსის ინფორმაციით, მისია გაეცნობა და შეაფასებს ეკონომიკურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს და ვიზიტის დასრულების შემდეგ დირექტორთა საბჭოს ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნულ ანგარიშში ასახულ ტენდენციებზეა დამოკიდებული სსფ-ს ზემოაღნიშნული პროგრამის აღდგენის ბედი. მისი თქმით, ცენტრალური ბანკის მიმართ ფონდს, ტრადიციულად, შენიშვნები არა აქვს და მონეტარული პოლიტიკის პარამეტრები, როგორც წესი, მათი რეკომენდაციების ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. ძირითადი პრობლემა საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციას და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განმარტებით, სავალუტო ფონდის მისიას ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართ შენიშვნები არ ჰქონია.

ფონდთან უფრო დაძაბული მოლაპარაკება დაიწყო უკვე დღეს, როდესაც ნეუჰაუსი ფინანსთა სამინისტროში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს ჩაუტარებს "რევიზიას". არსებული ფისკალური პრობლემების პირობებში ფინანსთა სამინისტროს დიდი ძალისხმევა დასჭირდება ემისრების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ჯერ კიდევ 24 მაისს გამართული შეხვედრებისას ნეუჰაუსი ძირითად პრობლემად საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციას და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს ასახელებდა. მისიის ხელმძღვანელმა შეგვახსენა ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონს ითვალისწინებდა. კანონი უკვე მიღებულია, თუმცა უახლოეს მომავალში, ამ კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებამ ცვლილებები და დამატებები უნდა შეიტანოს კიდევ ხუთ საკანონმდებლო აქტში.
თავად ფონდის მისია საქართველოში 8 ივლისამდე დარჩება და მის მიერ დირექტორთა საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშზე იქნება დამოკიდებული პროგრამის დაფინანსების გაგრძელების საკითხი.
XS
SM
MD
LG