Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის აღდგენის საქმეში მსოფლიო თანამეგობრობა ერთსულოვნებას იჩენს


ერაყის აღდგენის თემაზე სამსჯელოდ გაეროს ნიუ იორკის შტაბ-ბინაში შეიკრიბნენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლები, გაეროს ექსპერტები და ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის წევრები.

ორდღიანი შეხვედრის მთავარ შედეგად თამამად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილება, ოქტომბერში მოეწყოს ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელიც ერაყის აღდგენის კონკრეტულ გეგმას დასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირის დამდეგს გამართულ ორდღიან შეხვედრაზე კონკრეტული ციფრებისა და ვადების დასახელებისგან ყველა აშკარად თავს იკავებდა, თათბირის შედეგებით მისი მონაწილეების უმრავლესობა მაინც კმაყოფილია. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორმა მარკ ბრაუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე სასიკეთო ტენდენცია გამოიკვეთა. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი ის გახლავთ, რომ აღდგენით სამუშაოთა კოორდინაციის საქმეში აქტიურად იქნებიან ჩართული ის დონორი სახელმწიფოებიც, რომლებიც ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას მხარს არ უჭერდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოალიციის ეგიდით მოქმედმა დროებითმა სამოქალაქო ადმინისტრაციამ ივალდებულა, კონფერენციის დაწყებისთვის შეიმუშავოს და წარმოადგინოს 2004 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.

ბრაუნს არ დაუმალავს, რომ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში თათბირის ზოგიერთი მონაწილის პოზიცია დღესაც განსხვავებულია, მაგრამ სამაგიეროდ, მისივე თქმით, ერაყის აღდგენისადმი მიდგომაში დელეგატებმა ერთსულოვნება გამოიჩინეს.

[მარკ ბრაუნის ხმა] "ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ ერაყი რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს ფეხზე - პოლიტიკურად დამოუკიდებელი, საკუთარი მთავრობის მქონე, იმ ეკონომიკური პოტენციალის პატრონი, რომელიც შეესაბამება მის სტატუსს, როგორც ნავთობით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნისა."

მარკ ბრაუნს ეთანხმება ჟან-ლუი სარბიბი, მსოფლიო ბანკის ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის პასუხისმგებელი ვიცე-პრეზიდენტი. სარბიბის აზრით, ერაყის აღდგენის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვნების გარეშე წარმატების მიღწევა ყოვლად წარმოუდგენელია.

[ჟან-ლუი სარბიბის ხმა] "აღდგენილ უნდა იქნეს ეკონომიკა, რომელიც უშუალოდ კონფლიქტს იმდენად არ დაუზარალებია, რამდენადაც დააზარალა ოცდაათწლიანმა ეკონომიკურმა უყაირათობამ, ოცდაათწლიანმა უხეირო მართვამ, ოცდაათწლიანმა პერიოდმა, როცა უპატრონოდ იყო მიტოვებული ნგრევის პროცესში მყოფი მთელი ინფრასტრუქტურა."

ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი ენდრიუ ნატსიოსი, რომლის თქმით, ნიუ იორკის შეხვედრაზე აშკარად იგრძნობოდა მისი მონაწილეების მზადყოფნა, ერაყის აღდგენის საქმეში ძალისხმევა გააერთიანონ.

[ენდრიუ ნატსიოსის ხმა] "უკვე რამდენიმე თვეა, ჩემს კოლეგებთან - სხვა ქვეყნების განვითარების მინისტრებთან - ერთად ვმსჯელობ იმაზე, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ამ საკითხში. და იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც სამხედრო ოპერაციაში მხარი არ დაგვიჭირეს, იგრძნობა მზადყოფნა, რომ ეს საქმე ერთად უნდა ვაკეთოთ."

ენდრიუ ნატსიოსის ამ სიტყვების დასტურად გამოგვადგება კანადის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა სადამ ჰუსეინის ძალისმიერი გზით ჩამოგდების გეგმას, ახლა იგი მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ერაყის ომისშემდგომ აღდგენაში. გაეროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის კანადელმა დელეგატებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყანა 300 მილიონ დოლარს გაიღებს ერაყის აღსადგენად გამიზნული პროექტების დასაფინანსებლად.
XS
SM
MD
LG