Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუპირისპირდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს


საქართველოში იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომლის ვიზიტის შედეგების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, გააგრძელებს თუ არა ფონდი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას.

ოფიციალური თბილისისთვის ეს თანამშრომლობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ფინანსურ დახმარებასთან ერთად საქართველო პარიზის კლუბის წინაშე ვალების რესტრუქტურიზაციის გარანტიასაც იძენს. ასეთ ვითარებაში მოულოდნელად საქართველოს პრეზიდენტი სავალუტო ფონდის მისიის კრიტიკით გამოვიდა.

25 ივნისის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გაკრიტიკებით დაემუქრა. მთავრობის სხდომის მსვლელობა პრესისთვის სპეციალური ტელეარხით გადაიცემა, ამიტომ შევარდნაძის განცხადების ოდნავ უხარისხო ჩანაწერს შემოგთავაზებთ. თუმცა მასშიც კი ადვილი გასარჩევია, თუ ვის უსაყვედურებს პრეზიდენტი.

[შევარდნაძის ხმა] „ხანდახან გვაფრთხობენ, გვაშინებენ ხოლმე: შევწყვეტ თქვენთან ურთიერთობას. მე უნდა გამოვიდე გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე სექტემბერში და ვისაუბრო იმის შესახებ, რამდენად სწორია ეს გაუთავებელი მუქარა: შევწყვეტ - არ შევწყვეტ. რას ჰქვია, შეწყვეტ?! თუ ჩვენ დამნაშავე ვართ, კი ბატონო, გადავაყენოთ დღევანდელი მთავრობა, ახალი მთავრობა ავირჩიოთ. მაგრამ ქვეყანასთან პროგრამის შეწყვეტა, ჯერ მისი დაწყება, ამ დონემდე მიყვანა და მერე შეწყვეტა - რა ლაპარაკია ეს, საერთოდ?"

შევარდნაძის ეს სიტყვები მთავრობის სხდომის შემდეგვე უარყვეს მინისტრებმა. 26 ივნისს კი სავალუტო ფონდის განაწყენების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ შევარდნაძის გამონათქვამი ოფიციალურად უარყო. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეპლიკა საქართველოს წარმომადგენლებს ეხებოდა და არა სავალუტო ფონდს.

[კახა იმნაძის ხმა] „ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უპირისპირდება სავალუტო ფონდს. მით უმეტეს, მისი გუშინდელი რეპლიკაც არამც და არამც არ უნდა იქნეს აღქმული როგორც რაიმე განცხადება ხელისუფალის მხრიდან, მიმართული სავალუტო ფონდის წინააღმდეგ, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა."

ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ოპოზიციის გამონათქვამების გამო გადაეწყვიტა გაეროში ჩივილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტზე საქართველოს ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავი რეაქციები იმ დაძაბულობის შედეგია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 141 მილიონი აშშ დოლარის მიღება-არმიღების შიშითაა გამოწვეული. სიღარიბის დაძლევის პროგრამის 3 წლიანი მონაკვეთის დაფინანსებისთვის განსაზღვრული ამ თანხის გამოყოფის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს. ხოლო თუ სავალუტო ფონდმა საქართველოსთან თანამშრომლობა შეაჩერა, ეს არჩევნებისთვის შევარდნაძის გუდს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.

ჯერჯერობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის კომენტარები მხოლოდ ამ ვარაუდების გამოთქმის საშუალებას იძლევა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები თითქმის არაფერს ამბობენ შევარდნაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც კი. რაც ფონდის ემისრებმა თბილისში განაცხადეს, ეს ისაა, რომ შესასრულებელია რეკომენდაციები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასა და რიგ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG