Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის იმედად უწევს ცხოვრება გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას, ემუქრებათ თუ არა მათ ის, რაც 1998 წლის მაისში მოხდა


ეკაწამალაშვილი, თბილისი სხვადასხვა მონაცემებით, გალის რაიონში 40 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ეს ადამიანები საკუთარ მიწა-წყალზე საკუთარი ნებით დაბრუნდნენ; ამდენად, არავისგან მიუღიათ გარანტია, რომ იქ, საკუთარ მიწაზე,

საკუთარ სახლში, უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს. არადა, ყველას და, პირველ რიგში, გალელებს კარგად ახსოვთ 1998 წლის მაისში განვითარებული მოვლენები: საზეიმო მარულაც და ის სადამსჯელო ოპერაციაც, რომელიც აფხაზებმა ქართველთა მარულას მოაყოლეს. ამ ყველაფერის შემდეგ გალის რაიონში რომ მაინც ათიათასობით ქართველი ცხოვრობს, ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს საკუთარ სამშობლოში დევნილად ცხოვრებას აფხაზეთში მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნა ურჩევნიათ. გალის რაიონში ბოლო დღეებში სერიოზული დაძაბულობაა. ვის იმედად რჩება იქაური მოსახლეობა და არის თუ არა მოსალოდნელი გალში იმის განმეორება, რაც 5 წლის წინ მოხდა?

ცნობილი მონაცემების მიხედვით, გალის რაიონში - სწორედ იმ ზონაში, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლს ექვემდებარება - ბოლო წლებში1700 ადამიანია მოკლული, 700 კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. 26 ივნისს ენგურის ხიდზე იყო სროლა, რის შედეგადაც, ერთი ქართველი და ერთი აფხაზი დაიღუპა. ორი დღის წინ გალის რაიონის ტერიტორიაზე მოკლეს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ინფორმაციის მინისტრის და. კიდევ რამდენ ადამიანს შეიწირავს განუკითხაობა, რომელიც ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ზონაში სუფევს, არავინ იცის. და მაინც, ენგურის აქეთა და იქითა მხარეს შორის მიმოსვლა არ წყდება.

გალიდან გამოდევნილი მოსახლეობა - ყოველ შემთხვევაში, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი - აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, საკუთარ მიწა-წყალს, ვერ წყდება და სამშვიდობო მოლაპარაკებათა შედეგების ამაო მოლოდინში სოხუმის რეჟიმის მძევლად რჩება. სამშვიდობო ძალები მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, საქართველოს მხარეს კი ამ ადამიანების დაცვა არ შეუძლია, თუმცა ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ დღეს სხვა დროა, რომ დღეს აფხაზები ასე ხელაღებით ვეღარ მოახდენენ ქართველთა მასობრივ დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. "დღეს საქართველოს უფრო მეტად შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოს," - ასეთი არგუმენტი ახლავს განმარტებას იმის თაობაზე, რომ გალის რაიონში 1998 წლის მაისის მოვლენების განმეორება ნაკლებად მოსალოდნელია. მაგრამ ამ არგუმენტს არგუმენტად არ მიიჩნევს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი.

გალის რაიონში ბოლო დროს შექმნილ დაძაბულობასა და იქ აფხაზთა დამატებითი შეიარაღებული ძალების შეყვანაში ის სერიოზული პროვოკაციის მზადების ნიშნებს ხედავს. ნადარეიშვილის აზრით, აფხაზთა მხარე, რუსეთის სამშვიდობო ძალებთან ალიანსში, გალის რაიონში, როცა მოისურვებს, მაშინ ჩაატარებს სადამსჯელო ოპერაციას. გალის რაიონიდან ხალხის გამოდევნა შექმნის დესტაბილიზაციას სამეგრელოს რეგიონში და დაძაბავს ვითარებას თბილისში. ამდენად, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მტკიცებით, სადამსჯელო ოპერაცია, თუკი ის ჩაფიქრებულია, შესაძლოა, არჩევნების პერიოდს დაამთხვიონ. თუმცა 1998 წლის მაისის სადამსჯელო ოპერაცია სრულიად არასაარჩევნო პერიოდში ჩატარდა.

1998 წლის მაისში გარკვეულმა პირებმა - როგორც გვახსოვს, მათ შორის აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენლებიც აქტიურობდნენ - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გალის რაიონის ტერიტორიაზე გადაწყვიტეს. იქ ქართული დროშები ააფრიალეს, საზეიმო მარულა მოაწყვეს და, როგორც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იხსენებს:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "უფრო მეტიც, მე მომთხოვეს გადავსულიყავი გალის რაიონში და იქ ჩამეტარებინა სესია და გამომეცხადებინა, რომ ჩვენ გალში შევედით."

[შეკითხვა] "ვინ მოგთხოვათ?"

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] " გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ოღონდ - არა ხელისუფლებიდან. მარულაც ჩაატარა ადგილობრივმა ხელისუფალმა და მას დაესწრო პარლამენტის რამდენიმე წევრი. "

გალის რაიონში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სესია არ ჩატარებულა, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ სამეგრელოს ტერიტორიიდან ადევნებდნენ თვალყურს გალის რაიონში მოვლენების განვითარებას. იქ ჩატარებულ ქართველთა საზეიმო მარულას მშვიდად ადევნებდნენ თვალს თბილისიდანაც, მაგრამ სიმშვიდე მალე დაირღვა. ქართველთა მარულას აფხაზთა სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, ამის შემდეგ კი მოხდა შეტაკება აფხაზებსა და საქართველოს შინაგან ჯარებსა და თავდაცვის სამინისტროს ძალებს შორის. დაიღუპა ოცამდე ქართველი, აქედან - გალის რაიონის ათი მშვიდობიანი მკვიდრი. ათასობით გალელი ხელმეორედ იქნა გამოდევნილი საკუთარი მიწა-წყლიდან, აფხაზებმა თითქმის პირწმინდად გადაწვეს და გაანადგურეს მათ მიერ მშვიდობიან პერიოდში აღდგენილი სახლები. მომხდარის გამო პასუხი არავის უგია, მათ შორის, არც იმ პირებს, რომლებმაც საკუთარი ქმედებით, საკუთარი მოწოდებებით, ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყანა სერიოზულ პროვოკაციაზე წამოაგეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გარკვეული პირები დაიკითხნენ კიდეც, მაგრამ შეკითხვას, ვინ და რატომ შეუწყო ხელი 1998 წლის გალის ტრაგედიას, პასუხი არ გასცემია.
XS
SM
MD
LG