Accessibility links

logo-print

როდის განაახლებენ კოდორის ხეობის პატრულირებას გაეროს სამხედრო დამკვირვებლები


კოდორის ხეობაში გაეროს თანამშრომელთა გატაცების ფაქტმა კიდევ ერთი სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს. მომხდარი ფაქტის ანალიზით ამ ეტაპზე დაკავებულია

თავად გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც გატაცების ინციდენტთან დაკავშირებულ საგანგებო პატაკს წარადგენს როგორც ნიუ-იორკის შტაბბინაში, ისე იმ ქვეყნებში, რომლის წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩაბმულნი საქართველოში გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. ამასთანავე, ამ დროისათვის ღიად რჩება მთავარი კითხვა, როდის და რა ფორმატში განაახლებს გაერო სამხედრო დამკვირვებელთა პატრულირებას კოდორის ხეობაში.

გაეროს მისიაში ოფიციალურ კომენტარს ამ კითხვასთან დაკავშირებით არ აკეთებენ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის ზოგად განმარტებას. გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კოდორის ხეობა პრობლემური რეგიონია და ამ რეგიონში გაეროს ამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა შექმნილ მდგომარეობაზე დაკვირვება, რასაც, სხვათა შორის, ითვალისწინებს თავად გაეროს მანდატიც. ასე რომ, გაერო, ჰაიდი ტალიავინის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებითად განაგრძობს კოდორის პატრულირებას და, ე.ი., განაგრძობს სამხედრო დამკვირვებელთა გატაცების დეტალურ ანალიზსაც. ინციდენტი, შესაბამისად, უსათუოდ გახდება გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვისა და საგანგებო რეზოლუციის საგანი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ უშიშროების საბჭოს შეკრების შემდეგ გახდება შესაძლებელი კოდორის პატრულირების პროცესის განახლებაც. კოდორში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების შესახებ ინსტრუქციებსაც უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გასცემს, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში, ივლისის ბოლოს, გაიმართება. რაც შეეხება თავად ფორმატს, ძნელი საფიქრებელია, მან სერიოზული სახეცვლილება განიცადოს, განსაკუთრებით კი ქართული მხარის ერთ-ერთი ცნობილი ინიციატივის მიმართულებით - ვგულისხმობ თბილისის წინადადებას, გაეროს დამკვირვებელთა უსაფრთხოების მიზნით, საერთაშორისო საპატრულო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა შეყვანის თაობაზე. ამ ინიციატივას დიდი პროტესტით გამოეხმაურა აფხაზეთის თვითმარქვია რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც მიიჩნევს, რომ სამხედრო დამკვირვებელთა უსაფრთხოების დასაცავად რუსი სამშვიდობოების ძალისხმევაც საკმარისი იქნება. აფხაზი სეპარატისტები აპელირებენ მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებაზე "ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ". სოხუმის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, კოდორის მონიტორინგის ჯგუფში ჩართვის მოთხოვნით, ქართული მხარე სწორედ ამ შეთანხმების პრინციპებს არღვევს.
1994 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით, კოდორის ხეობაში საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, მიუხედავად იმისა, რომ ხეობაზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. აფხაზეთის დევნილმა უზენაესმა საბჭომ უკანაკსნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე არაერთხელ დააყენა 1994 წლის 4 აპრილისა და 1994 წლის 14 მაისის ხელშეკრულებათა დეზავუირების საკითხი იმ მოსაზრებით, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს უწევს დისკრიმინაციას. მეორე მხრივ, ამ ხელშეკრულებებით ხელმძღვანელობენ არა მარტო კონფლიქტის მხარეები, რუსეთის ჩათვლით, არამედ ამ კონფლიქტის მომრიგებელი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, გაეროც. ასე რომ, გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის პატრულირების ფორმატში ქართველ სამხედროთა ჩართვის მიმართულებით ცვლილება სერიოზულად არც კი განიხილება.
XS
SM
MD
LG