Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 493-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილი, როგორც ყოველთვის პარასკეობით, დღესაც "მეათე სტუდიას" დაეთმობა. ჩვენი რადიოჟურნალის 493-ე გამოშვება მთლიანად კულტურისა და სოციალურ სფეროებს ეძღვნება. თავდაპირველად მოგითხრობთ იმაზე, თუ რას მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან უნარდაქვეითებული მოქალაქეები; შემდეგ გიამბობთ, როგორ აღინიშნა საქართველოში ნარკომანიასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე; ამის შემდეგ ლიტერატურაზე ვისაუბრებთ. ჯერ შემოგთავაზებთ მასალას ცნობილ ბრიტანელ მწერალზე ჯორჯ ორველზე, რომლის ასწლიანი იუბილე აღინიშნა ამ დღეებში; გადაცემის დასკვნით ნაწილს კი მივუძღვნით ორველის თანამემამულეს, ჩვენს თანამედროვე ჯოან როულინგსა და მის ლიტერატურულ გმირს ჰარი პოტერს, რომლის სახელი მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულშია ცნობილი. "მეათე სტუდიას" პრაღაში უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

რას მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან უნარშეზღუდული ადამიანები?

დავით კაკაბაძე:
შემოდგომისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლები არცთუ იშვიათად საუბრობენ დესტაბილიზაციის გარედან მომავალ საფრთხეზე. არადა, თავისი ასოციალური პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ ქუჩაში გამოიყვანა უნარშეზღუდული ადამიანები, რომლებმაც უკმაყოფილება ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში ფორმით - შიმშილობით გამოხატეს. არადა უსინათლო, ყრუ-მუნჯი და ინვალიდის ეტლში მჯდომი ათეულობით მოშიშილე ორი წელია მოითხოვს იმ პილოტური პროგრამის დამტკიცებას, რომელიც სიღარიბის დაძლევის ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია და განხორციელების შემთხვევაში გააუმჯობესებს არა მხოლოდ ყველაზე სოციალურად დაუცველი ფენის - უნარდაქვეითებული ადამიანების - მატერიალურ მდგომარეობას, არამედ დამატებით შემოსავალს მისცემს ქვეყნის ბიუჯეტს. მოუსმინეთ კობა ლიკლიკაძეს.

კობა ლიკლიკაძე:
"ვაი ყრუ-მუნჯებს ყრუ-მუნჯი მთავრობის ხელში" - ასეთი წარწერა ამშვენებდა იმ პლაკატს, რომელიც მოშიმშილე ინვალიდებმა საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე პარკში 19 ივნისს გამოფინეს. უსინათლო, ყრუ-მუნჯმა და ინვალიდის ეტლში მჯდომმა ათეულობით მოშიმშილემ ამ ფორმით გამოხატა იმ ასობით ათასი ინვალიდის გულისნადები, რომლებიც ყოველწლიურად ელოდებიან ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დღესდღეობით დასაქმებული, მაგრამ, სამაგიეროდ, ზუსტად არის ცნობილი, რომ სახელმწიფო მათზე ყოველთვიურად მხოლოდ 14 ლარს ხარჯავს და თითქმის არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ხოლო ის, ვინც დასაქმებულია, სამსახურამდე დიდი წვალებით აღწევს ელემენტარული საკომუნიკაციო პრობლემების მოუგვარებლობის გამო.

ინვალიდი პარლამენტარის გოგა კოხრეიძის თქმით, საქართველოში შრომის უნარშეზღუდული ადამიანები მოკლებულნი არიან ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას, რადგან არც მიწისზედა და არც მიწისქვეშა ტრანსპორტში არ არსებობს ინვალიდის ეტლისთვის გაკეთებული სპეციალური ასასვლელ-ჩასასვლელი. ინვალიდების ინიციატივას კი, როგორმე თავად მიეხედათ ამ პრობლემისთვის, ასეთი ბედი ეწია:

[გოგა კოხრეიძის ხმა] "იყო ეს 1998-99 წლებში, როდესაც ჩვენ 15 ლიფტიანი ავტობუსი ჩამოვიყვანეთ თბილისში. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ავტობუსები დაგვეყენებინა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიციელი, ჩვეულებრივი ინსპექტორი, ართმევდა მართვის მოწმობას მძღოლს, თუ ჯანმრთელი ეჯდებოდა ავტობუსში."

ასევე წაუყრუა ხელისუფლების ორივე შტომ - როგორც საკანონმდებლომ, ასევე აღმასრულებელმა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ვეტერანთა კოალიციის მოთხოვნას, მიეცა მათთვის თვითდასაქმების საშუალება. არადა, როგორც ინვალიდები ვარაუდობენ, მათ მიერ ცნობილ ექსპერტებთან ერთად შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელსაც "საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების ექსპერიმენტის გატარების შესახებ" – ეწოდება, ინვალიდები დიდ იმედებს ამყარებენ.

უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის რეზო მაისურაძის თქმით, მათ მიერ შედგენილი პროგრამა ექპერიმენტულია და ნავთობპროდუქტების ექსპორტისა და გასაღების ფისკალური ადმინისტრირების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ჩართვას და, კონტრაბანდული საქონლისა და დაფარული შემოსავლების საგადასახადო სივრცეში მოქცევის მიზნით, საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას ითვალისწინებს.

[რეზო მაისურაძის ხმა] "საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში მხოლოდ ამ პროდუქტებით ბიუჯეტს აკლდება 150 მილიონი ლარი, სულ მცირე. და ჩვენ თუ ამ ბიუჯეტს განვახორციელებთ, ეს თანხები შევა ბიუჯეტში."

კონტროლის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბრუნვაში შემოდის სააღრიცხვო ტალონი, ერთგვარი ლატარია, რომელსაც 6000 ინვალიდი ავტოგასამართ სადგურებზე დაარიგებს. ამ სააღრიცხვო ტალონით საწვავის მომხმარებელი საწვავის შეძენის ყოველ ტონაზე 65-70- ლარის ეკონომიას ღებულობს. ამავდროულად, სააღრიცხვო ტალონი ლატარიის ბილეთია, რომელიც მის მფლობელს მოგების შანსს აძლევს(5-დან 100 000 ლარამდე). თავად ავტოგასამართი სადგურის მეპატრონე, აღრიცხვის ახალ სისტემაში მონაწილეობის სანაცვლოდ, ასევე იღებს მოგებას - მიღებულ ტალონში ყოველ ერთ ტონაზე 65-70 ლარს. ამავე დროს, მის მიერ მიღებული ტალონიც იღებს მონაწილეობას ლატარიის გათამაშებაში. ეს პილოტური პროგრამა მათემატიკური სიზუტით მისხალ-მისხალ არის დაანგარიშებული და ერთადერთი, ვინც სააღრიცხვო სისტემით წაგებული რჩება, საწვავის კონტრაბანდისტი და მისი ჩრდილოვანი მფარველები არიან, რაც გახდა კიდეც ამ პროგრამის დაბლოკვის მიზეზი როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.

მაგრამ ინვალიდთა ერთკვირიანმა შიმშილობის აქციამ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შედეგი გამოიღო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროს სახით, დაიწყო ამ დოკუმენტის შესწავლა და მომდევნო კვირას მასზე მსჯელობა უკვე პარლამენტის შესაბამის კომიტეტში გადაინაცვლებს. თუმცა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ ელოდებიან, რომ დოკუმენტის განხილვა იოლი იქნება და მას მწვანე შუქს უმალ აუნთებს ხელისუფლება, რომლის ყველა შტოს დამალული შემოსავლებისადმი გარდარეული სიყვარული ამოძრავებს.

კობა ლიკლიკაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

როგორ აღინიშნა საქართველოში ნარკომანიასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

დავით კაკაბაძე:
"ვისაუბროთ ნარკომანიაზე" - გაეროს გადაწყვეტილებით, სწორედ ამ დევიზით გაიმართა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარკომანიასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ნარკომანიაზე ამ დღეებში თბილისშიც საუბრობდნენ. სამწუხაროდ, ეს საუბრები ოპტიმისტურ განწყობილებას ვერ შეგვიქმნის: ბოლო მონაცემებით, 1992 წელთან შედარებით, 2002 წელს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში ექვსჯერ გაიზარდა. ოფიციალური ცნობით, დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია ნარკოტიკებზე დამოკიდებული 18 ათასი პირი, თუმცა, რეალურად მათი რიცხვი 150-180 ათასია. როგორ აღინიშნა საქართველოში ნარკომანასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, თამარ ჩიქოვანისგან შეიტყობთ.

თამარ ჩიქოვანი:
რამდენიმე დღის წინ ვერაზე კინოს სახლის შენობასთან მდებარე ერთი ნაცრისფერი კედელი ანტინარკოტიკულ კედლად იქცა. გია ბუღაძის მიერ მოხატულ ამ კედელზე ასეთი წარწერაა: "არ გაცვალო ნარკოტიკზე სიყვარული, მეგობრობა, სინდისი, სამშობლო, სიცოცხლე."

ანტინარკოტიკული კედლის მოხატვა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ პროგრამისა, რომელიც ნარკომანიასა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა თბილისში ამიერკავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამისა და საქართველოში გაეროს ოფისის ინიციატივით. ნარკომანიის პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი საქართველოში აუცილებელი რომ არის, ამაზე ის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს, რომელიც ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა გამოკითხვის შედეგად მიიღო: თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში გამოკითხული 600 სტუდენტიდან ყველა ეწევა ანაშას, 9,8% რეგულარულად მოიხმარს ნარკოტიკს, 3,3 პროცენტი იკეთებს ოპიუმს, 2,6 - ჰეროინს მოიხმარს და ა.შ.

საქართველოში ნარკოტიკებზე ინფორმაციის საკოორდინაციო სამსახურის მონაცემების თანახმად, სავარაუდო გათვლებით, დღეს საქართველოში 150-180 ათასამდე ნარკოტიკების მომხმარებელია. ინტრავენული ნარკოტიკების გამომყენებელთა რიცხვი 50-55 ათასს აღწევს. ოფიციალურად აღრიცხულ პირთა უდიდესი ნაწილი ჰეროინს მოიხმარს. ბოლო დროს მკვეთრად იმატა მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვმა, განსაკუთრებით, მოზარდებში. 25 ივნისს საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მოიყვანეს კიდევ ერთი ციფრი, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს საქმე: არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ნარკოტიკების შეძენისთვის 2 მილიარდი დოლარი იხარჯება.

საქართველოში ნარკომანიის გავრცელების მიზეზი მრავალია - მძიმე სოციალური მდგომარეობის გარდა, დიდ როლს თამაშობს ნარკოტიკის ადვილად ხელმისაწვდომობის ფაქტორი. უკვე რამდენიმე წელიწადია, გაეროს ნარკობიზნესის კონტროლის ექსპერტები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. "კავკასიური ტრასის" ამოქმედების გამო. გაეროს შესაბამისმა კომისიამ უკვე დაასახელა კავკასიური ტრასით თურქეთში და შემდეგ ევროპაში ნარკოტიკების დიდი პარტიების მიწოდების რამდენიმე შემთხვევა.

დაუცველი საზღვრები, უკონტროლო ტერიტორიები, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური არასტაბილურობა, ტერორიზმი - როგორც წესი, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვით დაკავებული საერთაშორისო დანაშაულებრივი კარტელები ასეთი მახასიათებლების მქონე ქვეყნებს იყენებენ ნარკოტიკების ტრანზიტისთვის. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი ქვეყნის მოდელში სრულად ჯდება.

ნარკოტიკების მოხმარების თემამ გასულ კვირაში პოლიტიკური ჟღერადობაც შეიძინა. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი მოითხოვს დეპუტატობის კანდიდატთა ნარკოლოგიურ შემოწმებას. რა შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლებაში ნარკომანი აღმოჩნდა? - ამ კითხვაზე ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გელა ლეჟავა აცხადებს:

[გელა ლეჟავას ხმა] "ნარკომანობა - ეს არის ყველაზე უკეთესი საშუალება, რომ პირი გყავდეს მორჩილებაში. მით უმეტეს - თანამდებობის პირი. დაზვერვა ამაზე მუშაობს, კომპრომატს აგროვებენ იმისათვის, რომ ასეთი პირი ”გამოიჭირონ”. მას შეიძლება გააკეთებინო ის, რასაც ნორმალურ პირობებში, რბილად რომ ვთქვათ, არ გააკეთებს."

და კიდევ ერთი მონაცემი: მსოფლიო გამოცდილების თანახმად, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის ეფექტიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 7-15 პროცენტია. შესაბამისად, პრობლემის დასაძლევად ჯობს, ნარკოტიკის მოხმარება არ დაიწყოთ.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ჯორჯ ორველი – 100

დავით კაკაბაძე:
25 ივნისს მსოფლიოს ლიტერატურულმა საზოგადოებამ ცნობილი ბრიტანელი მწერლის ჯორჯ ორველის 100-წლიანი იუბილე აღნიშნა. წიგნის მოყვარულებს არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ჯორჯ ორველი ავტორია რომანებისა "1984" და "ცხოველთა ფერმა". უწინარესად სწორედ ეს ნაწარმოებებია, რომელთა გამოც საბჭოთა კავშირში ორველის ნაწერების არათუ გამოქვეყნება, კითხვაც კი აკრძალული იყო. ჯორჯ ორველის ერთმა ბიოგრაფმა სავსებით მართებულად შენიშნა, პოლიტიკური მწერლობა მან ხელოვნებად აქციაო.

ორველი (დიქტორის ხმა): "მშვიდობიან დროს ალბათ მხოლოდ ლამაზ, აღწერით წიგნებს დავწერდი, და ალბათ არც კი მეცოდინებოდა, ვის ეკუთვნის ჩემი პოლიტიკური სიმპათიები. მაგრამ საქმე ისე აეწყო, რომ ლამის პამფლეტისტად ვიქეცი."

თითქოს ბოდიშის მოხდის სურვილით ნათქვამი ეს სიტყვები ამოღებულია 1946 წელს გამოქვეყნებული ესედან "რატომ ვწერ". ამავე ესეში ავტორი დასძენს: რომ არა ჩემი მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მრწამსი, მწერლად თავის რეალიზაციას ალბათ ვერასოდეს მოვახერხებდიო.

ორველი (დიქტორის ხმა): "ახლა, როცა ჩემს შემოქმედებას ვაფასებ, აშკარად ვხედავ, რომ იქ, სადაც პოლიტიკური მიზანი მაკლდა, ვქმნიდი სიცოცხლისგან დაცლილ წიგნებს, ვწერდი მაღალფარდოვან პასაჟებს, აზრს მოკლებულ წინადადებებს, დეკორატიულ ზედსართავებს, მოკლედ, სისულელეს."

ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ორველს მხოლოდ იმიტომ არ მიაკუთვნებენ მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა რიცხვს, რომ მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები მას თითქოს "ჭეშმარიტი ხელოვანის" სტატუსს ართმევდა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ჯორჯ ორველს მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მიიჩნევს.

ერიკ ართურ ბლერი (იგივე ჯორჯ ორველი) დაიბადა 1903 წლის 25 ივნისს ინდოეთში, ბრიტანელი მოსამსახურის ოჯახში. დაბადებიდან სულ რამდენიმე თვეში ის და მისი უფროსი და დედამ ინგლისში წაიყვანა.

იტონის კოლეჯში გატარებული უსიხარულო წლების შემდეგ ორველმა ვერ მოახერხა უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად აუცილებელი სტიპენდიის მოპოვება და ბირმის ინდოეთის საიმპერიო პოლიციის სამსახურში ჩაეწერა. მაგრამ ხუთი წლის წემდეგ, ბრიტანული იმპერიალიზმისადმი სულ უფრო მზარდი ანტიპათიით გამსჭვალული, ევროპაში დაბრუნდა – უსახსრო და გაწბილებული.

როგორც ორველის ცხოვრებისა და შემოქმედების საუცხოო მცოდნე და მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიის ავტორი, სერ ბერნარდ კრიკი ამბობს, ორველი ადრეულ ასაკშივე იჩენდა ინტერესს მუშათა კლასისადმი. აი, რა უთხრა ლონდონის ბირკბეკის კოლეჯის ყოფილმა პროფესორმა ჩვენს კორესპონდენტს ჟან-კრისტოფ პეკს:

[სერ ბერნარდ კრიკის ხმა] "ორველი მეტად მკაცრი, შეიძლება ითქვას, პურიტანული ყაიდის ადამიანი იყო. მართალია, იგი ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ სისტემის მიმართ მუდამ სკეპტიკურად იყო განწყობილი და სურდა სცოდნოდა, როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები."

ბირმიდან დაბრუნების შემდეგ ორველი ერთხანს ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა ინგლისსა და საფრანგეთში, სადაც, ლუკმა პურის საშოვნელად არავითარ სამუშაოს არ თაკილობდა. იმ წლებში დაგროვილმა არცთუ სასიამოვნო გამოცდილებამ მხატვრული ასახვა ჰპოვა 1933 წელს გამოქვეყნებულ რომან-დებიუტში "უმწეოდ და უსასხროდ პარიზსა და ლონდონში", რომელსაც კრიტიკა აღტაცებით შეხვდა.

ოთხი წლის შემდეგ ორველი ისევ დაუბრუნდა ბრიტანეთის მოსახლეობის დაბალი ფენების ცხოვრების ასახვას, ოღონდ ამჯერად არა მხატვრულ ნაწარმოებში, არამედ დოკუმენტურ ნარკვევში "გზა უიგანის ნავსადგომისკენ". ამ ნარკვევს წინ უძღოდა ორთვიანი მოგზაურობა ლანკასტერისა და იორკის საგრაფოების მაღაროებსა და დოკებში, ანუ იქ, სადაც მაღალი საზოგადოების ადამიანებს არაფერი ესაქმებათ.

მწერლის ბიოგრაფებს თუ დავუჯერებთ, ორველმა სწორედ მაშინ იგრძნო, რომ მის შინაგან სამყაროს ყველაზე მეტად უბრალო, სადა, ერთგვარად ასკეტური ცხოვრების წესი მიესადაგებოდა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მრწამსს, საკუთარ თავს სოციალისტად იმ დროს, მართალია, ჯერ არ მოიხსენიებდა, მაგრამ იმპერიალიზმის ყოველგვარი გამოვლინებას მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა. წიგნის გამოქვეყნების პერიოდში სოციალიზმი ორველს აღმავლობის გზაზე მყოფი ფაშიზმის შემაჩერებელ ერთადერთ ბასტიონად მიაჩნდა, თუმცა თავის ნაწარმოებში მწერალი ამბობს, რომ არ შეიძლება სამყაროს მარქსისტული იდეოლოგიის პრიზმაში ვჭვრეტდეთ.

1937 წელს ჯორჯ ორველი ესპანეთში, არაგონის ფრონტზე ებრძოდა ფრანკოს ფაშისტურ ძალებს. მართალია, მისი თავდაპირველი განზრახვა ბრიტანეთის მემარცხენე პრესისთვის რეპორტაჟების მიწოდებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მალე იგი თავად გახდა მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის შეიარაღებული რაზმის წევრი. არაგონში და, მოგვიანებით, ბარსელონაში, ორველი უშუალო მოწმე გახდა იმისა, როგორ იდევნებოდა ანარქისტული მოძრაობა საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურის მიერ. ესპანეთს მოდებული სტალინის აგენტების შიშით ორველმა და მისმა მეუღლე აილინმა სასწრაფოდ დატოვეს ქვეყანა.

ორველი (დიქტორის ხმა): "ესპანეთის ომი და 1936-37 წლების სხვა მოვლენები გადამწყვეტი გამოდგა და ახლა უკვე ვიცოდი, სად ვიდექი. ყოველი ფასეული სტრიქონი, რომელიც 1936 წლის შემდეგ დამიწერია, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, დაიწერა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ და დემოკრატიული სოციალიზმის მხარდასაჭერად – ისეთისა, როგორადაც ის მე მესახება."

როგორად არ ესახებოდა ორველს დემოკრატიული სოციალიზმი, კარგად გამოჩნდა 1945 წელს დასტამბულ წიგნში "ცხოველთა ფერმა" – მძაფრ სატირაში საბჭოთა კავშირზე, რომლის ლიდერებმა ახლა უკვე სამუდამოდ შერისხეს ბრიტანელი ავტორი.

ამ წიგნის სტრიქონებს შორის ძნელი არ არის ლენინისა და სტალინის, უსინდისო პოლიტიკური პროპაგანდისა და უმოწყალო ცენზურის, ხუთწლიანი გეგმებისა და იძულებითი კოლექტივიზაციის, საბჭოთა ისტორიის სხვა შავბნელი ფურცლების ამოცნობა. ისევ ორველის ბიოგრაფს ბერნარდ კრიკს მოვუსმინოთ:

[სერ ბერნარდ კრიკის ხმა]: "ცხოველთა ფერმა" არის დატირება წარუმატებელი რევოლუციისა, დატირება ძველი ბოლშევიკებისა, რომელიც სტალინისტებმა გაანადგურეს, დატირება შემოქმედებით გამოსახვაში არსებული თავისუფლების მსხვრევისა, ყველა იმ იმედისა, რომელიც რუსეთის რევოლუციის ადრეულ ეტაპს უკავშირდებოდა." ეს არის მწარე დატირება ძალაუფლების მიერ იდეალიზმის გარყვნისა."

ორველის მეორე შედევრი, რომანი "1984", მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1949 წელს გამოქვეყნდა. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, კოშმარული სიზმარი მომავალზე, რომელშიც აშკარად იგრძნობა ორველის თანამემამულეების, მისივე თანამედროვის, ოლდოს ჰაქსლისა და მე-18 საუკუნის დიდი მწერლის ჯონათან სვიფტის გავლენა. ნაწარმოებში სამყარო დაყოფილია სამ დაპირისპირებულ სუპერსახელმწიფოდ: ოკეანიად, ევრაზიად და აღმოსავლეთ აზიად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მუდმივი ომის მდგომარეობაში არიან.

მსოფლიო ლიტერატურაში ძნელად თუ მოიძებნება მეორე ისეთი ნაწარმოები, რომელშიც საბჭოთა სისტემა ასე მძაფრად იყოს გამათრახებული, თავად მწერალი ამტკიცებდა, რომ ამ წიგნით სულაც არ სურდა სოციალიზმისთვის სახელის გატეხვა. ორველი სიკვდილამდე თავისი იდეალის ერთგული დარჩა. და, სხვათა შორის, "1984" არც მომავლის განჭვრეტის ცდა ყოფილა, როგორც ეს დღემდე ბევრს ჰგონია. წიგნის სათაურში ავტორმა მხოლოდ ადგილები შეუნაცვლა ბოლო ორ ციფრს თარიღ 1948-ში, როცა ნაწარმოები დაასრულა.

"1984"-ზე მუშაობა სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა 46 წლის მწერალს ტუბერკულოზი შეეყარა და სულ რამდენიმე თვეში, 1950 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. 25 ივნისს, როგორც გითხარით, მისი დაბადებიდან ასი წელი შესრულდა.

[მუსიკა]

ჰარი პოტერი და მისი მეგობრები. გამოვიდა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული წიგნის მეხუთე ტომი.

დავით კაკაბაძე:
წიგნსა და მის ავტორს, რომელთა შესახებ ახლა გიამბობთ, პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ – მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ისინი ჯორჯ ორველსა და მის ნაწარმოებებსაც კი არ ჩამოუვარდებიან. ლაპარაკია თანამედროვე ბრიტანელ მწერალ ჯოან როულინგსა და მის უაღრესად წარმატებულ საბავშო წიგნებზე ჰარი პოტერის შესახებ: წიგნებზე, რომელთა მკითხველების მრავალრიცხოვანმა არმიამ – უმეტესწილად, მაგრამ არა მარტო ბავშვებმა – გასული კვირის მიწურულს იზეიმა ჰარი პოტერის თავგადასავლების ამსახველი მეხუთე ტომის გამოქვეყნება. ამ მოვლენას, რომელსაც მთელს მსოფლიოში ფართო გამოხმაურება მოჰყვა, არც ჩვენ დავტოვებთ უყურადღებოდ: გიამბობთ, რა მოხდა წიგნის გამოქვეყნების დღესა და მომდევნო კვირის მანძილზე, შევეხებით უკვე საბავშვო ლიტერატურის კლასიკად აღიარებული ნაწარმოებისადმი დამოკიდებულებას საქართველოში და მოგასმენინებთ საუბარს ექსპერტთან – 13 წლის მიხეილ კაკაბაძესთან, რომელიც, გარდა იმისა, რომ “ჰარი პოტერის” წინა ოთხი ტომი, რომ იტყვიან, გადაღეჭილი აქვს, ახლა უკვე ახალგამოსულ მეხუთეს ამთავრებს. ჯერ მარიამ ჭიაურელისაგან შეიტყობთ, როგორ შეეგება ახალ წიგნს მილიონობით ადამიანი.

[ხმაური, შეძახილები, ყვირილი]

მარიამ ჭიაურელი:
ასეთი ჟრიამული ისმოდა ნიუ-იორკში, წიგნის ერთ-ერთ მაღაზიასთან, რომლის წინ “პოტერმანიით” შეპყრობილი ასობით ადამიანი ჩამწკრივებულიყო და მოუთმენლად მოელოდა კარის გახსნას. ეს კი გასულ კვირაში პარასკევისა და შაბათის გასაყარზე, ღამის 12 საათზე მოხდა – ჰარი პოტერის განსაკუთრებით ერთგული ფანებიდან, რომელთაც ჯადოქრის წვეტიანი ქუდებით, შავი მოსასხამებით ან დიდი, მრგვალი სათვალით გამოარჩევდით, ზოგი დილიდან იდგა რიგში, რათა მაღაზიის გახსნისთანავე შიგ შევარდნილიყო და ხელთ ეგდო სანატრელი წიგნი – “ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი”.

ყოველივე ამას მარტო მარტო ინგლისურენოვან ქვეყნებში როდი იხილავდით – ასეთივე სცენები გათამაშდა გერმანიაში, საფრანგეთში, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთშიც კი. აქაც, პრაღაში, სადაც ჩვენს რადიოს უდევს ბინა, ჰარი პოტერის ინგლისურენოვანი გამოცემა ორ დღეში გაიყიდა და ახლა წიგნით მოვაჭრენი (და მათთან ერთად, ცხადია, მკითხველები) ბრიტანეთიდან წიგნების ახალი პარტიის ჩამოსვლას ელიან.

ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, გამართლდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის წინასწარმეტყველება – ჰარი პოტერის მეხუთე ტომი “მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდული წიგნი” გახდებაო! ბრიტანეთში მან პირველივე დღეს მოხსნა რეკორდი, როცა ერთ დღეში 1,8 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია შეერთებული შტატებიდან გავრცელებული ცნობა თითქმის ხუთი მილიონი გაყიდული ეგზემპლარის შესახებ; რომ აღარაფერი ვთქვათ ცნობაზე, რომლის მიხედვით ზოგი წიგნის შეძენისთანავე, იქვე, მაღაზიაში შეუდგა კითხვას... თუმცა, გაგრძელება, ალბათ, მაინც შინ მოუხდებოდა, რახან საქმე 766-გვერდიან ნაწარმოებს ეხება! მისი სქელტანიანობის შესახებ საზოგადოებამ წინასწარვე შეიტყო ყველაზე უტყუარი წყაროდან: თვით წიგნის ავტორის, ჯოან როულინგისაგან, რომელსაც "ჰარი პოტერის" გამოქვეყნებამდე ორიოდე დღით ადრე ინტერვიუ ჩამოართვა ბი-ბი-სის თანამშრომელმა ჯერემი პაქსმენმა:

[ჯერემი პაქსმენისა და ჯოან როულინგის ხმები]
"ჟურნალისტი: ესე იგი, ეს არის?
მწერალი: დიახ, ეს არის.
ჟურნალისტი: ხომ არ შეიძლება, შიგნითაც ჩავიხედოთ?
მწერალი: ჰმ... რა ვიცი, ჩაიხედეთ. ეს არის და ეს.
ჟურნალისტი: რამდენი გვერდია?
მწერალი: 766 – თანაც, თუ გაითვალისწინებთ, რომ იოლად სულაც არ მეწერებოდა, დამეთანხმებით: არცთუ ურიგო მიღწევაა."

მაგრამ რაც შეეხება წიგნის შინაარსს, მის შესახებ გამოქვეყნებამდე თითქმის არაფერი იყო ცნობილი – გარდა იმისა, რომ ერთი პერსონაჟი სიცოცხლეს გამოეთხოვება და რომ ჰარი პოტერს – ის უკვე 15 წლის გახლავთ – გოგო შეუყვარდება. აი, რას ამბობდა ჯოან როულინგი სიუჟეტის გასაიდუმლოების მიზეზზე:

[ჯოან როულინგის ხმა] “არ მინდა, ბავშვებმა წინასწარ იცოდნენ, რა მოხდება. თანაც, როცა ამბის ჩახლართვასა და ტექსტში მინიშნებების გაფანტვაში სისხლის ჩავანთხიე. ჩემთვის ეს... მინდოდა, მეთქვა ჩემი ცხოვრებაა-მეთქი. არა, ჩემი ცხოვრება არ არის, მაგრამ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია."

დავით კაკაბაძე:
ჰარი პოტერის მეხუთე წიგნის შინაარსის გამხელას არც ჩვენ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ "მეათე სტუდიაში" მოწვეულ ექსპერტს უკვე დაწყებული აქვს მისი კითხვა – რასაკვირველია, ინგლისურ ენაზე – ერთადერთ ენაზე, რომელზეც მეხუთე ტომი დღესდღეობით არსებობს. წინა ოთხი წიგნი კი ათობით ენაზეა თარგმნილი – მათ შორის ქართულადაც, ოღონდ მხოლოდ პირველი წიგნი. სწორედ ამ პირველი წიგნის, “ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის” გამომცემელმა, ბაკურ სულაკაურმა ჩვენს კოლეგას, დავით პაიჭაძეს უთხრა, რომ მეორე წიგნის თარგმნისა და გამოცემის ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ავტორის, ჯოან როულინგის ლიტერატურული აგენტი დარწმუნდა, რომ “ჰარი პოტერი” საქართველოშიც წარმატებული პროექტი გამოდგა. ბაკურ სულაკაურის თქმით, ჰარი პოტერი ქართულ ენაზე დაახლოებით 20 ათასი ცალი გაიყიდა – მეტი, ვიდრე, ვთქვათ, უკრაინაში, რომელიც მოსახლეობის რიცხვით საქართველოს, სულ ცოტა, ათჯერ აღემატება. როგორ ეკიდებიან და რას ხედავენ ამ წიგნში მისი მოყვარულები და მოწინააღმდეგენი? საქართველოს მაგალითზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
მოწინააღმდეგეებით დავიწყოთ: “ჰარი პოტერის” მგმობელები საქართველოში ღიად არ გამოჩენილან. თბილისში მე ვერ მივაკვლიე გამოცემას, ორგანიზაციას ან პიროვნებას, რომელიც გაილაშქრებდა დღეს საბავშვო ლიტერატურის ყველაზე პოპულარული წიგნისა და პერსონაჟის წინააღმდეგ. ერთადერთი, რაზეც ხელი მიმიწვდა, იყო გაზეთი “საპოვნელა”, რომელიც გვაუწყებდა ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ამბავს: იქ მასწავლებელმა მოწაფეები, რომელთა რვეულებზე ჰარი პოტერი იყო გამოსახული, აიძულა, ყდები დაეხიათ და ახალი, უპოტერო, ყდები შემოეკრათ. ამას მოსდევდა აზრი: განა ისეთი რა არის “ჰარი პოტერი” ქართველი ბავშვებისათვის, რომელთაც შეუძლიათ “რწყილი და ჭიანჭველა” წაიკითხონ?! ცხადია, ამის მთქმელს არ ახსოვდა უკვე ყავლგასული მსჯელობა, რომ “რწყილი და ჭიანჭველა” საქართველოში ასე ფეხმოკიდებული კორუფციული ურთიერთობების გამომხატველი ტექსტია, რომელშიც უანგარო სიკეთე იშვიათობას წარმოადგენს. გარდა ამისა, დაბეჭდილი იყო წერილი, სადაც “ჰარი პოტერი”, არც მეტი, არც ნაკლები, გამოცხადებული იყო ანტიქრისტეს მოსვლის მოსამზადებელი გეგმის ნაწილად და, სისულელეთა გარდა, ტყუილებიც ეწერა: მაგალითად, დამოწმებული იყო მავანი ბერძენი ორთოდოქსი ქალბატონის სიტყვები, რომ “ჰარი პოტერში” იესო ქრისტე გამოყვანილია სუსტ და მხდალ არსებად, როცა ქრისტე-პერსონაჟს “ჰარი პოტერის” არც ერთი წიგნი არ იცნობს.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ბოლო დროს ეხმაურება მოვლენებს კულტურულ ცხოვრებაში, იძლევა თანხმობას სპექტაკლის დასადგმელად ან ილაშქრებს სხვა სპექტაკლის წინააღმდეგ, “ჰარი პოტერისადმი” პოზიცია არ გამოუხატავს. და კარგია, რომ არ გამოუხატავს.

“ჰარი პოტერის” მკითხველთა ასაკობრივი ზღვარი ძნელი დასადგენია: ჩემთვის ცნობილია 4-5 წლის მკითხველები, უკეთ, მსმენელები, რომელთაც მშობლებმა წაუკითხეს წიგნი. ზედა ზღვარს სამანი არა აქვს: “პოტერს” ყველა კითხულობს. და მაინც, ეს წიგნი, უწინარესად, ბავშვებს იზიდავს. მე ვკითხე საბავშვო მწერალს დავით ზურაბიშვილს, რითი აღძრავს “ჰარი პოტერი” ინტერესს მცირეწლოვან და მოზარდ მკითხველებში. მისი აზრით [ზურაბიშვილის ხმა]: “უბრალოდ, ძალიან კარგად არის დაწერილი: მარტივად, სხარტი ენით, მძაფრი სიუჟეტით, ბევრი თავგადასავლით... მაგრამ, თავგადასავლის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაც მგონია, არის დიდი ხნის ნოსტალგია; ყველა ბავშვს ახსოვს ეს ზღაპრებიდან: სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. “ჰარი პოტერში” ძალიან ნათლად არის ნაჩვენები სიკეთე. ეს ნარატივი – სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა – ბოლო პერიოდის ლიტერატურაში მეორე პლანზე იყო გადაწეული. “ჰარი პოტერში” ამის აღორძინება მოხდა. რა გითხრათ – “ჰარი პოტერის” საიდუმლოს ერთ მიზეზად ესეც მესახება, გარდა იმისა, რომ შესანიშნავად არის შესრულებული, კარგი იუმორით. ავტორს დაჭერილი აქვს ზღვარი, რომელიც წიგნს აკითხებს ბავშვს, მოზარდს და მოზრდილსაც. მოკლედ, უნივერსალურობის მომენტია”.

მე ველაპარაკე “ჰარი პოტერის” პირველი წიგნის ერთ-ერთ რედაქტორს, თინა მამულაშვილს, და ვთხოვე, ეთქვა, როგორ შეხვდნენ წიგნს მისი შვილები. ვარჩიეთ, შთაბეჭდილება უფროს ვაჟს, 7 წლის ნიკას, თავად გაეზიარებინა [ნიკას ხმა]: “ჰარი პოტერი” თავიდან ბოლომდე მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად ბოლო თავი მომწონს, ორსახა ადამიანზე”.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას: წლის ბოლოს, როცა, უკეთეს შემთხვევაში, “ჰარი პოტერის” მეორე და მესამე წიგნი ქართულ ენაზე მზად იქნება, მის მკითხველებს კიდევ არაერთ მკვეთრ ეპიზოდს დაამახსოვრებს.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, დაპირსებისამებრ ჰარი პოტერის ექსპერტთან ინტერვიუს გთავაზობთ – პრაღის გერმანული სკოლის მოსწავლეს, 13 წლის მიხეილ კაკაბაძეს, მარიამ ჭიაურელი ესაუბრა და ჯერ სთხოვა, მოკლედ მოეთხრო "ჰარი პოტერის" შინაარსი.

ინტერვიუ მიხეილ კაკაბაძესთან (იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ამით ჩვენი გადაცემა მთავრდება. დაგემშვიდობებით მუსიკით კინოფილმიდან "ჰარი პოტერი და საიდუმლოებათა ოთახი". რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG